ბაქოს "დიდ პრიზზე" საქართველო მეორე შემადგენლობით გამოდის

AutoSharing Option
5 მაისს ბაქოში "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, ოღონდ ეს სალიცენზიო უკვე აღარაა - ამ რანგის ბოლო შეჯიბრებები გასულ უქმეებზე ჩატარდა სხვადასხვა კონტინენტების პირველობების სახით.

ამდენად, ამიერიდან ოლიმპიადამდე გამართულ ყოველ შეჯიბრებას რანგის მიუხედავად, მხოლოდ თამაშებისთვის მოსამზადებელი დატვირთვა ექნება.

გუნდები ბაქოს ტურნირსაც ამ მიზნით იყენებენ, რაც მის შემადგენლობასაც ეტყობა - ის უჩვეულოდ სუსტი იქნება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ყველა ძლიერი სპორტსმენი ოლიმპიადისთვის ემზადება. შეჯიბრება მხოლოდ მასპინძლებმა დააფასეს, თუმცა ლიდერთა დიდი ნაწილი მათაც აკლიათ.

აზერბაიჯანში ჩვენი ნაკრებიც რომ მეორე შემადგენლობით წავიდა, უკვე
გაცნობეთ (იხილეთ ვრცლად). რამდენიმე ფალავანი საკუთარი ხარჯითაც გაემგზავრა, თუმცა ძლიერები არც მათ შორის არიან.

4 მაისს გამართულმა წილისყრამ მათი მეტოქეებიც გამოავლინა. 60 კილოგრამში სულ რვა სპორტსმენი გამოდის და იმათშიც ნახევარი მასპინძელია.

გიორგი ბროლაშვილი პირველ შეხვედრას აზერბაიჯანელთა მსოფლიოს მედალოსან ილგარ მუშკიევთან გამართავს, გიორგი მესაბლიშვილი - ასევე ადგილობრივ ვუგარ შირინლისთან. შალვა ქარდავას (66) პირველად ისევ მასპინძელი სამირ ხანკაშიევი ერგო, ამ წყვილში გამარჯვებული კი რუს დენის ლავრენტიევსა და იაპონელ მასაში კოდერას შორის მოგებულს შეხვდება. ამავე წონაში სანდრო იაკობაშვილს წილისყრამ უკრაინელი ანატოლი ლასკუტა არგუნა, ზებედა რეხვიაშვილს (73) - აზერბაიჯანელი სამირ დადაშზადე.

ამბაკო ავალიანი (73) ორი წრე თავისუფალია და მეოთხედფინალში თურქ ჰასან ილმაზსა და მასპინძელ ელვინ აჰმადლის შორის მოგებულს ელოდება. 81-ში ლაშა ზურაბიანიც ასევე მესამე წრეშია გასული, ოღონდ აქედანვეა ცნობილი მისი მეტოქე - სლოვენიელი ევროპის პრიზიორი ალიაზ სედეი.

ძლიერი მეტოქე ერგო ხელის ტრავმის მორჩენის შემდეგ სპორტში დაბრუნებულ ზვიად გოგოჭურს (90) - მასპინძელი მსოფლიოს მედალოსანი ელხან რაჯაბლი, ოღონდ ის 81-ის მოჭიდავეა.

ჩვენები მეოთხედფინალში არიან 100-შიც, ოღონდ სოსო მსხალაძის მეტოქე - აზერბაიჯანელი ალიხან ჰასანოვი თუ ახლავეა ცნობილი, ბექა ბერძენიშვილის კონკურენტი რუს დავით ბიტიევისა და მასპინძელ ზაურ აბდულაევის პაექრობაში უნდა გაირკვეს.

მძიმე წონაში ვაჟებში მონაწილე არ გვეყოლება, ქალებში კი დიდი შანსია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეროვნული ნაკრების დონეზე ამ რანგის ტურნირის პირველი მედალი მოვიპოვოთ. ამას ყველაზე მეტად მარიამ ჯანაშვილისგან (57) ველოდებით, რომელიც ასევე მეოთხედფინალშია და იქ კანადელ იოლინე მელანკონს ელოდება. ბადის ამავე ნახევარში კიდევ ერთი მეტოქეა - თურქი კუდრეტ ეგილმეზი, მასპინძელთა მსოფლიოს პრიზიორი კიფაიატ გასიმოვა კი ჩვენებურს ფინალამდე ასცდა.

შორენა შარაძეც (70) მესამე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში სლოვენიელ რასა სრაკასთან შეხვედრით, ირინა ლეონიძე (+78) კი პირდაპირ ნახევარფინალშია, სადაც აზერბაიჯანელ ვაფა იბადოვას დაეჭიდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული