ვარლამ ლიპარტელიანი: დიდი შანსია, ლონდონის ოლიმპიადიდან ოქროთი დავბრუნდე

AutoSharing Option
დოსიე
ვალერი ლიპარტელიანი: ძიუდო (90კგ).
დაიბადა: 27.02.1989 წ.
ევროპის ჩემპიონი (2012), ორგზის ვიცე-ჩემპიონი (2009; 2010) და ბრინჯაოს მედალოსანი (2011). ახალგაზრდებში მსოფლიოს (2008) და ევროპის ორგზის (2007; 2008) ჩემპიონი; ჭაბუკებში ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი (2006); ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (2010; 2012) და მესამე პრიზიორი (2011); მსოფლიოს მესამე პრიზიორი გუნდურში (2008); სხვადასხვა წლებში მსოფლიოს თასების, "დიდი პრიზისა" და დიდი მუზარადის" შვიდგზის გამარჯვებული, ორგზის მეორე და სამგზის მესამე პრიზიორი. ოლიმპიადის დებიუტანტი.

ყველაფერი გმიროსთან დაიწყო... სამბოთი
ვალერი ლიპარტელიანმა ჭაბუკთა ასაკიდანვე მოიპოვა ტალანტის სახელი, როცა
"დინამოზე" გმირო ხაჩიძესთან სამბოზე მისული ბიჭი თანდათან ძიუდომ გაიტაცა და აღმაშენებელზე გადაინაცვლა "შევარდენის" დარბაზში გურამ მოდებაძესთან.

თუმცა თავიდან დიდი სიხარულით არც იქ მისულა - თანატოლთა მსგავსად გული მასაც სტადიონის და ფეხბურთისკენ მიუწევდა, მაგრამ მოდებაძის ტალანტთა სამჭედლო დარბაზმა, სხვათა მსგავსად, მისი ვარსკვლავიც გამოჭედა.

"ლიპომ" განსაკუთრებით დიდი სიმპათიები ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლისას დაიმსახურა, როცა ზედიზედ ორჯერ მოიგო ევროპის პირველობა, ზედ კი ჩაროზად მსოფლიოს ჩემპიონობაც დააყოლა. იმავე პერიოდში უფროსებშიც წარმატებით გამოდიოდა და თითქოს ყველას ემუქრებოდა, მოვდივარო.

უცხოურ ტურნირებს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ თბილისში რამდენი გვინახავს მის მიერ შებოჭილ-შერცხვენილი ევროპის ჩემპიონები და მსოფლიოს მედალოსნები - ბელარუსი ანდრეი კაზუსიონაკი, ესპანელი დავიდ ალარზა და შვეიცარიელი სერგეი აშვანდენი...

ერთი სიტყვით, მაშინ ლიპარტელიანი ბეჭდაუდებელი ფალავანი იყო და ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა იმ ჩავარდნას, რასაც თურმე ბედი უახლოეს წლებში უმზადებდა... ეს რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული - არეულობით ქართულ ძიუდოში, საკუთრივ ფედერაციასა თუ ნაკრებში, წესების შეცვლით, ავსტრიელი მწვრთნელის უცნაური მიდგომებით, ავადმყოფობით, თუმცა წინა კვირას ჩელიაბინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იმდენად კარგად იჭიდავა, ყველა საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, მისი კარიერის ეს უსიამოვნო მონაკვეთი უკან დარჩა.

ჩელიაბინსკმა გმირად დავიბრუნა
ჩელიაბინსკში ისევ ძველი "ლიპო" ვიხილეთ, რომელიც დამაჯერებელი გამოსვლით სიამოვნებასაც გვანიჭებდა და სამომავლოდაც დიდი ოპტიმიზმით გვავსებდა.

რუსეთში მან ძველებურად გახსნილად, ძალდაუტანებლად, თავისუფლა და ლაღად იჭიდავა, რომლის მოქმედებაშიც კარგაც იყო შერწყმული სისხარტე, ადრინდელი მოქნილობა, გამძლეობა და სუნთქვაც ნორმის ფარგლებში იყო, შეხვედრის ბოლომდეც აქტიურად მოქმედებდა და ადრინდელივით მესამე წუთზე აღარ იღლებოდა, ტექნიკურადაც ჭიდაობდა, ილეთებსაც ცვლიდა, ტაქტიკურადაც დაკვირვებით ირჯებოდა და შემტევი, აქტიური სტილიც დაიბრუნა, როცა თავიდანვე ეკვეთებოდა მეტოქეს და მუდმივ წნეხში ჰყავდა ის, არასოდეს თმობდა ინიციატივას.

მის გამოსვლაში ახალი წესებიტ გამოწვეული ახლებური სტილიც შეინიშნებოდა და სწორედ ამან განაპირობა გუნდურსა და პირადში გამარჯვება.

პირადი პირველობის ფინალში მან დამაჯერებლად დაჯაბნა რუსი გრიგორი სულემინი, გუნდურის ფინალში კი ასევე გადამწყვეტ შეხვედრაში ხელი არ აჰკანკალებია, ისეთი უზადო გდებით დააიპონა მასპინძელთა მეორე ჯილა კირილ ვოპროსოვი.

არადა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო - ამ მოგებით ლიპარტელიანმა გუნდურის ბედი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა, ვოპროსოვთან კი ბოლო ორი შეხვედრა წაგებული ჰქონდა. ადრე ასეთ შეხვედრებში ფსიქოლოგიურად ყოველთვის უჭირდა. მით უფრო - რუსებთან, რომლებიც ზემოხსენებული ჩავარდნისას დაუძლეველ მეტოქეებად ექცნენ.

ლიპარტელიანის ჩელიაბინსკური ბრწყინვალე გამოსვლა განსაკუთრებით სასიამოვნო მოახლოებული ოლიმპიადის ჭრილშია - აქამდე თუ მას ფავორიტთა შორის არ მივიჩნევდით, ახლა ისევ დაგვიბრუნა იმედი. წინამდებარე ინტერვიუშიც განვლილ ევროპირველობასთან ერთად ოლიმპიადისთვის მზადებაც ვესაუბრეთ.

- ევროპის ჩემპიონატი არც ისე დიდი ხნის ჩატარებულია, მაგრამ ცივი გონებით გასაანალიზებლად საკმაო დრო გავიდა. როგორ აფასებთ ამ ტურნირს, ტიტულის გარდა რა მოგიტანათ, რა დაგანახათ მან? მით უფრო, ორჯერ მეტად პრინციპული მომენტი გადალახეთ რუს მეტოქეებთან გადამწყვეტ შეხვედრებში გამარჯვებით.
- ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი ჩემპიონატი იყო, რომელმაც მართლაც ბევრი რამე დაგვანახა და ბევრიც გამოაჩინა - მინუსებიც, პლიუსებიც და გვაჩვენა, როგორ უნდა გავიაროთ ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი ციკლი. შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ ლონდონში წარმატებით გამოსასვლელად.

- საინტერესოა, საკმაოდ მძიმე, წინააღმდეგობებით აღსავსე წინა სეზონების შემდეგ აქ რა გეგმებით მიდიოდით - გრძნობდით მომზადების იმ მაღალ დონეს, რაც ჩელიაბინსკში აჩვენეთ?
- აქაც ისეთივე შემართებით წავედი, როგორც წინა ტურნირებზე მივდიოდი. უბრალოდ, ადრე ფინალებში ზედმეტად თავდაჯერებული გავდიოდი, თავი უკვე ჩემპიონად მიმაჩნდა. ევროპირველობებზე იმ ორი ფინალის წაგებაც ამან განაპირობა, ახლა კი ის შეცდომა არ გავიმეორე, იმავე ფსიქოლოგიით არ მივუდექი ამ ფინალს.

- ასეთი რადიკალური ფსიქოლოგიური ცვლილება რამ გამოიწვია, რამ მიგიყვანათ ამ გარდაქმნამდე?
- ეს მწვრთნელების დახმარებამ განაპირობა. თუ გვერდით არ გიდგანან ის ადამიანები, ვისთანაც გსიამოვნებს მუშაობა, მარტო ვერაფერს მიაღწევ. მოგეხსენებათ, ნაკრებში მოვიდნენ ბორის ფირცხელიანი და გიორგი ვაზაგაშვილი, რომლებიც ყველაფერში გვეხმარებიან, თითოეულ დეტალს გვიმოწმებენ, გვისწორებენ და მართლაც მამასავით გვადგანან თავზე. როგორც პროფესიონალებმა, საკუთარი საქმე მართლა კარგად იციან.

როცა წონას იკლებ, როცა რაღაც გჭირდება, მთავარია მიდგომა, დამოკიდებულება, რომ სწორად მოგამზადონ და განგაწყონ შეხვედრისთვის. სწორედ მათ და ჩემს პირად მწვრთნელ გურამ მოდებაძეს ვემადლიერები ამ წარმატებისთვის. მართალია, მოდებაძეს ჩემთან ყოფნა ისე ხშირად აღარ უხდება, მაგრამ მათი დახმარებით მოვიდა ეს გამარჯვება.

- ნაკრების ავსტრიელ მთავარ მწვრთნელ პეტერ ზაიზენბახერთან არსებული ადრინდელი გაუგებრობები მოგვარდა?
- ზაიზენბახერთან ადრე მართლაც მძიმე დამოკიდებულება, დიდი პრობლემები იყო მენტალიტეტთან, მიდგომასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა შეიცვალა - ძველებურად აღარ გვექცევა, აღარც ისე მკაცრად გვთხოვს, არ გვემუქრება ნაკრებიდან გაგდებით და ასე შემდეგ. შედეგად გუნდში ვითარებაც დალაგდა, მაგრამ ისევ გავიმეორებ, რომ ნაკრებში ვაზაგაშვილისა და ფირცხელიანის მოსვლით ბევრი რამე შეიცვალა.

- ჩელიაბინსკში თქვენი ჭიდაობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო ბოლო წლების გამოსვლებისგან. ფსიქოლოგია ახსენეთ, მაგრამ ზოგიერთ ასპექტში პროგრესს მხოლოდ ის ვერ განაპირობებდა. მაგალითად, ფიზიკურადაც უფრო გახსნილად, ლაღად ჭიდაობდით, ილეთსაც უფრო გრძნობდით, ტექნიკურ-ტაქტიკურად ბევრად უკეთ ასპარეზობდით. ჩანს, საწვრთნელ პროცესშიც შეცვალეთ რაღაც.
- ეს ყველაფერი, ცხადია, უპირველესად, ვარჯიშმა განაპირობა. ამას არც აქამდე ვაკლებდი, მაგრამ ამჯერად ბევრი რამე შეიცვალა.

მაგალითად, ჩავლებები, ჩემს ადრინდელ შეხვედრებსაც გადავხედე და გავაანალიზე, კიდევ რისი დამატება შეიძლებოდა ჩემი არსენალისთვის. ამ პერიოდში სწორედ ამაზე მიდიოდა მუშაობა და საკუთარ თავსაც ვუთხარი, რომ ევროპის ეს პირველობა ოლიმპიადისთვის სასწავლო ტურნირივით უნდა მეჭიდავა, რადგან აქ დასაკარგი არაფერი მქონდა. იქ არ მივდიოდი რაიმე კონკრეტული გეგმით, გინდა თუ არა, ეს უნდა გავაკეთო, ამა და ამ სინჯის მედალი მოვიპოვო-მეთქი.

მას საოლიმპიადოდ მოსამზადებელ ტურნირად განვიხილავდი. მადლობა ღმერთს, ამოცანას კარგად გავართვი თავი.

მიმაჩნია, რომ მუშაობა სწორად მიდის და ლონდონისთვის ასევე უნდა გავაგრძელოთ. ამ შეჯიბრების წინ დასვენებაც, სისწრაფეზე მუშაობაც და სხვა ასპექტებიც ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთეთ, როგორც მე მჭირდებოდა და არა ადრინდელივით წინასწარ დაწერილი გეგმის მიხედვით. ასეთი მიდგომით საკუთარ თავზე სამუშაოდ უფრო ბევრი დრო მეძლეოდა, რაც შედეგშიც აისახა.

- ჩელიაბინსკში მასპინძლებთან ორჯერ მოგიწიათ გადამწყვეტი შეხვედრის მოგება - პირადის ფინალში და გუნდურში. საინტერესოა, როგორი განწყობით ხვდებოდით ამ ორთაბრძოლებს, ხომ არ გეშინოდათ იმ წაგებული ფინალების ან მასპინძელთა ფაქტორის გამო?
- გუნდურის წინ სულ ვამბობდი და გასახდელშიც გავუმეორე ბიჭებს, რომ ამ ტურნირის მოგების უფრო დიდი შანსი ჩვენ გვქონდა, ვიდრე - მასპინძლებს, რადგან ისინი ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდნენ. სხვა თუ არაფერი, ევროპული ფინალი ჩემს ქვეყანაშიც მიჭიდავია, უცხოეთშიც და ვიცი, რომ რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაწევს, მით უფრო ძნელია ასპარეზობა.

აქედან გამომდინარე მჯეროდა, ფსიქოლოგიურად ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვიყავით და აკი გავიმარჯვეთ კიდეც. იქაურ პუბლიკას აგრესია არ გამოუხატავს. ისინი უკმაყოფილონი საკუთარი სპორტსმენების მარცხით იყვნენ, თორემ ბევრმა, ვინც ნორმალურად აზროვნებს და სპორტიც უყვარს, საქართველოსა და ჩვენდამი სიხარულიც გამოხატა, რადგან ეს გამარჯვება ალალად დავიმსახურეთ, მიკერძოებით არაფერი მოგვიპოვებია.

- სამი ფინალი და სამი განსხვავებული ლიპარტელიანი: პირველი ფინალის შემდეგ იტირეთ, მეორეზე მარცხს თითქოს შეგუებული შეხვდით, ახლა კი სიხარულის დამალვა არც გიცდიათ. ალბათ, ჩემპიონობა მართლაც სხვა შეგრძნებაა.
- კვარცხლბეკზე ასვლამდე ახლაც წამომივიდა ცრემლები - გამახსენდა თბილისში წაგებული ფინალი. ოღონდ ახლა რუსეთში რუსთან გამარჯვება რაღაცნაირად აკომპენსირებდა იმ მარცხს. ვაღიარებ - სიხარულის ცრემლები ჩუმად ახლაც ბევრი დავღვარე, ოღონდ ეს არავის დაუნახავს.

- თუმცა მანამ ეს გამარჯვება ტრიბუნაზეც მიუძღვენით ერთ პიროვნებას...
- ტრიბუნაზე იყო ადამიანი, რომელიც ჩემი მეუღლე უნდა გახდეს - გიული ჭკუასელი, ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილი, რომელიც ჩემს საქომაგოდ იყო წამოსული. მისმა იქ ყოფნამ დიდად იმოქმედა ჩემს განწყობაზე, დიდი სტიმული მომცა და ეს აისახა კიდეც გამოსვლაზე.

- ოლიმპიადაზე ძირითად მეტოქეებად ვის მოიაზრებთ?
- ალბათ, რეიტინგის პირველ ხუთეულს - გაბერძნებულ ილიას ილიადისს ანუ იმავე ჯარჯი ზვიადაურს, კუბელ ეშლი გონსალესს, უზბეკ დილშოდ ჩორიევს, იაპონელსა და კუბელს, ვისაც ისინი დააყენებენ.

აგრეთვე - რუს სპორტსმენსაც, თუმცა ოლიმპიადაზე სუსტი მეტოქე არც იქნება. იქ ყველა ძლიერია, შემთხვევით არავინ ხვდება და ყველასთან საჭიდაოა. მათზე საგანგებოდ, ინდივიდუალურად ვმუშაობთ, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

მოგების შანსი ნებისმიერთან არის, ყველასთან მიჭიდავია და ყველასთან მომიგია ბრაზილიელ ტიაგო კამილოს გარდა.

მასთან წლეულს მასტერსზე წავაგე, ოღონდ იმ შეხვედრას თუ გადავხედავთ, სასურველ ფორმაში არ ვიყავი. ამის მიუხედავად, მაინც გაუჭირდა მოგება, დამაჯერებლად ვერ მომიგო. არადა, დღეს ბევრად უკეთეს ფორმაში ვარ და კიდევ უფრო მოვუმატებ.

აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ თუ ასე გავაგრძელებ და ასეთი შემართებით შეხვდები ოლიმპიადას, იმათ არ ექნებათ ჩემთან შანსი. მთავარია, კონკრეტული შეხვედრისთვის როგორ განეწყობი, როგორ მოემზადები, თორემ დაუმარცხებელი არავინაა და დიდი შანსია, ოქროს მედლით დავბრუნდე ლონდონიდან.

- როგორც ვიცი, ჯარჯისთან შეხვედრას ახლაც ნატრობდით...
- კი, ორივეს ძალიან გვსურდა, ფინალში შევხვედროდით ერთმანეთს. მწვრთნელებსაც ვუთხარი, ერთადერთი, რაზეც ამ ჩემპიონატიდან გული მწყდება, ისაა, რომ ჯარჯის ვერ შევხვდი-მეთქი.

- ალბათ, მოსამზადებელი გეგმა უკვე გაწერილი გექნებათ.
- კი, გაწერილია, მაგრამ არ ვიცი, ამ ფეხის ტრავმის გამო როდის შევუერთდები გუნდს. სერიოზული არაფერია, მომზადებაში ხელი რომ შემიშალოს, მაგრამ ალჟირში ვერ მივდივარ გუნდთან ერთად, რადგან ზუსტად იმ პერიოდში ავსტრიაში ვიქნები სამკურნალოდ. იქიდან რომ დავბრუნდები, მწვრთნელები მერე გადაწყვეტენ, სად მივიღებ მონაწილეობას შეკრებებსა თუ შეჯიბრებებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული