სალიცენზიო რეიტინგში საქართველო მოწინავეთა შორისაა

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო რეიტინგების საბოლოო ვარიანტი გამოაქვეყნა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ინფორმაცია, რომ საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა შვიდივე საგზური მოიპოვა და რაც ყველაზე სასიამოვნოა, შვიდივე ჩვენებური პირდაპირ მოხვდა სალიცენზიო 22-კაციან ზონაში და ევროპული კვოტა აღარ დაგვჭირდა - ეს გუნდის სტაბილურობის მაჩვენებელია.

ბოლო სალიცენზიო ტურნირებმა - ევროპისა თუ სხვა კონტინენტების პირველობებმა - რეიტინგში ჩვენებურთა განლაგებაში მცირეოდენი ცვლილებები შეიტანა, ოღონდ მხოლოდ ჩვენთვის სასიკეთო, ანუ წინ წავიწიეთ. მაგალითად, 66-ში სწორედ მაშინ შევედით 22-ში, 90-ში კი ორი ადგილით დავწინაურდით და მეოთხემდე
ავედით, რაც ნაკრების საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებელია. თუმცა ეს მნიშვნელოვანი მხოლოდ სტატისტიკისთვისაა, თორემ ოლიმპიადაზე განთესვისას მეოთხე და მეხუთე სულ ერთია.

საბოლოო ჯამში ჩვენმა გუნდმა 10 ლიცენზია მოიპოვა, მაგრამ ოლიმპიადაზე მხოლოდ შვიდი სპორტსმენი გამოვა.

შვიდიდან სამ წონაში - 60, 100 და +100-ში ორ-ორი ლიცენზია გვაქვს და ის სამი ზედმეტიც სწორედ ამათში ამოირჩევა, თორემ დანარჩენებში რაკი 22-ში თითო კაცი გვყავს, მათ ვერ შევცვლით.

ამდენად, ჩვენი ოლიმპიური გუნდის ოთხი მონაწილე უკვე ცნობილია - ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90). 60-ში სალიცენზიო ზონაში ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი შევიდნენ, 100-ში ლომერ ჟორჟოლიანი და ირაკლი ცირეკიძე, მძიმეში - ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი. ახლა მწვრთნელთა გადასაწყვეტია, ვის აარჩევენ ამათგან და ვის წაიყვანენ ოლიმპიადაზე.

რეგიონული პირველობების წინ მაინც რჩებოდა ძალზე მცირე შანსი იმისი, რომ გუნდი ბოლომდე ვერ შეგვევსო, თუმცა აქეთ ჩვენებმა ივაჟკაცეს (განსაკუთრებით - შავდათუაშვილმა), იქით - მეტოქეებმა ვერ ივარგეს ან ძალზე მოულოდნელი შედეგები აჩვენეს, რამაც ჩვენს წისქვილზე დაასხა წყალი.

ასე მაგალითად, 73-ში ახალზელანდიელი ვოო სუ ჩოი ბოლო ორი წელიწადი იგებდა ოკეანიის პირველობას და წლეულსაც ფინალში გავიდა, მაგრამ ერთი შეხედვით, უიმედოდ ჩამორჩენილმა თანაგუნდელმა კალდერ ლეემ მოუგო. ამით ლეემ ჩოის ქულებითაც გადაუსწრო, თუმცა რეგიონული კვოტა მაინც ვერ მიიღო, რადგან იგი ზელანდიას ქალებში გადაეცა (შეგახსენებთ, რომ ერთ ქვეყანას მხოლოდ ერთი რეგიონული კვოტა ეძლევა).

აფრიკის პირველობაზე ასევე ბოლო ორ ფინალს იგებდა ეგვიპტელი აჰმედ ავადი, მაგრამ წლეულს მას ლიბიელმა აჰმედ იოუსეფ ელკავისენიმ აჯობა, მერე ჩემპიონიც გახდა და რეგიონული კვოტით საგზურიც მიიღო...

სარეიტინგო სტატისტიკა
ლონდონის ოლიმპიადის საგზურების სრული კომპლექტი მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ მოაგროვა, ანუ ქალებსა და ვაჟებს შორის ყველა მონაწილე - 14-14 სპორტსმენი, მასპინძელთა გარდა, მხოლოდ იაპონიას, ბრაზილიას, საფრანგეთსა და კორეას ეყოლება.

ამათგან კორეამ ქალებში ერთი საგზური რეგიონული კვოტით მიიღო. ვაჟთა შორის სრული გუნდი, ამ ოთხეულისა და ბრიტანელთა გარდა, ჩვენ, რუსებს, უკრაინელებს, ყაზახებსა და უზბეკებს გვეყოლება, ოღონდ უზბეკებმაც ერთი ლიცენზია აზიის კვოტით მიიღეს. საინტერესოა, რომ იაპონელები ვაჟებში არცერთ წონაში არ არიან პირველი ნომერი. სამაგიეროდ, ქალებში ხუთი ლიდერი ჰყავთ.

ვაჟებში პირველი ნომერი შვიდ ქვეყანაზეა გადანაწილებული, ანუ არცერთ ქვეყანას არ ჰყავს თუნდაც ორი დაწინაურებული. 60-იდან ზევით თანმიმდევრობით ამ ქვეყნების სია ასეთია: უზბეკეთი, რუსეთი, სამხრეთ კორეა, ბრაზილია, საბერძნეთი, ყაზახეთი და საფრანგეთი.

გამოვარჩევთ ჩინეთის ვაჟთა ნაკრებსაც. იქაურებს ქალებში ძლიერი გუნდი ჰყავთ - შვიდივე საგზური მოიპოვეს და იმათგან მხოლოდ ერთია კვოტით. მათი ქალთა ლიდერი, ოლიმპიური და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ვენ ტონგი სულაც მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავია, მაგრამ ვაჟებში ახლა იდგამენ ფეხს. აქ მხოლოდ ერთ წონაში - 60-ში მოიპოვეს ლიცენზია, თუმცა 22-ში ერთბაშად ორი კაცი ჰყავთ - ლამუსი ა და იუნლონგ ჰე.

დარჩება თუ არა ახალი წესი?
საგზურების განაწილების ახლანდელ წესს, რომელიც ძალიან ჩახლართულიცაა და დროში გაწელილიც, იმთავითვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

ერთი მხრივ, კარგია ის, რომ სარეიტინგო ჩათვლაში ოლიმპიადებს შორის არსებული მთელი ოთხწლიანი ტურნირების შედეგები შედის - ეს სპორტსმენებს მუდმივად მობილიზებას აიძულებს, მაგრამ რეალურად, საგზურების მოპოვებაში გადამწყვეტი ბოლო ორი წლის ქულებია. სწორედ მათი დაჯამებით მივიღეთ საბოლოო რეიტინგი. დანარჩენები კი მხოლოდ კონკრეტულ შეჯიბრებებზე განთესვისთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი.

ცოტა უცნაურია - რატომ გვათვლევინებენ იმ მაჩვენებლებს, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს? აქ ჩვენს ნაკრებშიც და სხვაგანაც ძალზე ხშირად ერთი უცნაურობაც იქმნებოდა - ამა თუ იმ წონაში ორი ან მეტი კანდიდატიდან ერთი თუ ეს ოთხი წელიწადი განუწყვეტლივ ჭიდაობდა, სხვები მხოლოდ ბოლო წლებში ჩაერთვნენ სალიცენზიო მარათონში.

ამიტომ პერიოდულად პირველებს ქულების განულება-განახევრებით ბლომად შედეგი აკლდებოდათ, მეორეებს კი დასაკლები არაფერი გააჩნდათ და დაწინაურებულებთან ჩამორჩენას უჭიდავებლადაც ამცირებდნენ.

ამ წესს ერთი დადებითი ნამდვილად აქვს - რეიტინგებს თუ გადავხედავთ, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან განსხვავებით, უსაგზუროდ არ დარჩენილა არცერთი ძლიერი და ტიტულოვანი ფალავანი, ვინც კი ჭიდაობდა და სპორტიდან არ წასულა, როცა იმ საჭიდაო სახეობებში დასტა-დასტად შეგვიძლია ხელმოცარული წარმატებული ფალავნების ჩამოთვლა.

იქ ათლეტებს საგზურების მოსაპოვებლად სულ ოთხი შანსი ჰქონდათ, აქ - გაცილებით ბევრი და რეიტინგები ძალთა ბალანსს ბევრად უფრო ზუსტად ასახავს. თუმცა რეგიონულ კვოტებთან დაკავშირებით ძიუდოშიც ბლომად ვიხილეთ მოულოდნელი და საჭოჭმანო სურათი.

მაგალითად, 66-ში სულ რომ ვითვლიდით ლატვიელი დენის კოზლოვსის ან ჰოლანდიელი იესპერ დე იონგის შანსებს (თუმცა ამისას - ნაკლებად) რეგიონულ კვოტაში მოსახვედრად, საბოლოოდ ის ვერც ერთმა მიიღო და ვერც - მეორემ, რადგან ორივე ქვეყანას სხვა წონებში გადაეცა კვოტები.

სამაგიეროდ, ევროპული კვოტით საგზურები რეიტინგში 73-ე ადგილზე მყოფმა ბელგიელმა იესპერ ლეფევერემ და 92-ეზე მდგომმა ბულგარელმა მარტინ ივანოვმა მიიღეს!

სპორტული თვალსაზრისით, ისინი არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენენ. ამ დროს კი მათზე ბევრად ძლიერები დარჩნენ უსაგზუროდ - ეს უკვე არსებული წესის ხარვეზია, რაც უნდა გამოსწორდეს. მოარული ხმებით, ოლიმპიადის შემდეგ ძიუდოს სამყაროში ბევრი ცვლილება მოხდება. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ლიცენზიების განაწილებაც იქნება.

რეიტინგი და ქართველთა ოლიმპიური შანსები
ოლიმპიადაზე განთესილთა შორის ორი ქართველი იქნება - 60-ის მონაწილე და ლიპარტელიანი. 60-ში პაპინაშვილი კარგახანს მეექვსე იყო, მერე კი ერთი ადგილით წინ წაიწია და საბოლოოდ მეხუთეზე დამკვიდრდა. ამავე წონაში ბეთქილ შუკვანი სალიცენზიო ჩათვლაში მე-11 ადგილზეა.

ამათ შორის ვინც უნდა წაიყვანონ მწვრთნელებმა, უშუალოდ შეჯიბრებისას ყველაფერი თუ ლოგიკურად წარიმართა, მეოთხედფინალში ჩვენი ფალავანი რუსს შეხვდება (იმათაც ორი საგზური აქვთ, მონაწილე კი ჯერ უცნობია), ხოლო ამათში მოგებული ნახევარფინალში რეიტინგის პირველ ნომერს, მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის მომგებ უზბეკ დიშოდ სობიროვს დაეჯახება. ვიმეორებთ - ეს იმ შემთხვევაში, თუ ლიდერები ნაადრევად არ გავარდებიან.

შავდათუაშვილმა ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 22 კაცში 21-ე ნომრად შევიდა. მას თავიდანვე ძლიერებთან მოუწევს დაპირისპირება, თუმცა აქ სიძლიერეზე ლაპარაკი პირობითია - ასაკის გამო ჩვენებური მხოლოდ წლეულს ჩაერთო სალიცენზიო შეჯიბრებებში, თორემ სპორტული მონაცემებით რომ არავის ჩამორჩება, ეს პრაღის მსოფლიოს თასის მოგებითა და ევროპული ბრინჯაოთი დაამტკიცა.

22-ში ადგილი ტატალაშვილმა სეზონის დასაწყისში გაინაღდა და ჭრიკიშვილმა - ჯერ კიდევ შარშან. საბოლოოდ კი პირველი მე-20-ეზე დამკვიდრდა, მეორე - მე-18-ეზე. მათ მედლამდე ბევრად ძნელი გზის გავლა მოუწევთ.

90-ში ყველაფერი თუ ასევე ლოგიკურად წავიდა, ლიპარტელიანი მეოთხედფინალში კუბელ ეშლი გონსალესს შეხვდება, ნახევარფინალში კი - ილიას ილიადისს (ჯარჯი ზვიადაურს). გონსალესთან ჩვენებური წლეულს პარიზის "დიდი მუზარადის" მეოთხედფინალში დამარცხდა, ორი წლის წინ კი მოგებული აქვს მასთან. გაცილებით ხანგრძლივია ლიპარტელიანისა და ილიადისის შეხვედრათა ისტორია - ის ოთხ ორთაბრძოლას მოითვლის, ანგარიში კი 2:2-ია.

100-ში ჟორჟოლიანი თავიდანვე დაწინაურდა, სალიცენზიო მარათონი კი მე-11 ადგილით დაამთავრა. ხოლო ცირეკიძე მე-17-ეა. მძიმე წონის ლიდერი ოქრუაშვილია, რომელმაც ბოლო შეჯიბრებებში კარგი გამოსვლით გადაუსწრო ხანჯალიაშვილს.

ოქრუაშვილი რეიტინგში მე-13-ეა, ხანჯალიაშვილი - მე-19. ჩვენები 9-10 ივნისს რიო დე ჟანეიროს "დიდ მუზარადზე" გამოვლენ, იქიდან კი ერთობლივი ვარჯიშების შემდეგ არგენტინაში გადავლენ და 16-17 ივნისს ბუენოს აირესში მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ. სადავო წონებში საბოლოო არჩევანიც ამ შეჯიბრებათა შედეგების გათვალისწინებით გაკეთდება.

"მოწინავეთა შორის ვართ და…" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა ავტორს ამომწურავი ინფორმაციისთვის.
luka
12:37 10-05-2012
0
კაი სტატიაა. თუ შესაძლებელია თავისუფალი სტილის მოჭიდავეებზეც დაწეროთ ანალოგიური ინფორმაცია.
zangura
18:58 10-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული