ქართველი ძიუდოისტების ორი ოქრო კიევიდან

AutoSharing Option
ჩვენმა ახალგაზრდა ძიუდოისტთა ექვსკაციანმა გუნდმა ოქროს ორი მედლით დაამთავრა გამოსვლა კიევში ევროპის თასზე "ტაიფუნი კიევში". ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (60) და ალექსანდრე ზაალიშვილი (81) გახდნენ.

მარგველაშვილი ამ გუნდის შარშანდელი წევრია და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილიც. ეს მის კიევურ გამოსვლასაც დაეტყო, სადაც ხუთიდან სამი ორთაბრძოლა წმინდად მოიგო, ერთი წრე კი ვაზარით გაიარა.

პირველ შეხვედრაში უკრაინელმა ვასილ ონიფრაკმა მას ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და შეხვედრის შუაწელში იპონით დამარცხდა. ჩვენებურს ჩეხი დავიდ პულკრაბეკი უფრო გაუძალიანდა - იპონზე არ დაცემულა, თუმცა მარგველაშვილმა ვაზარი მაინც აართვა, რაც
მეტოქემ ვეღარ გაქვითა.

მომავალ ჩემპიონს სერიოზული წინააღმდეგობა მხოლოდ მესამე წრეში შეხვდა აზერბაიჯანელ ისკანდერ ტალიაშინსკისგან, რომელიც პერიოდულად იქაურ ეროვნულ ნაკრებშიც გამოდის ხოლმე.

მარგველაშვილმა მას გაფრთხილებებით მოუგო, ნახევარფინალში რუს სეროპ სეროიანს ისევ წმინდად აჯობა, ფინალში კი უკრაინელი არტემ ფალკივსკი გაანადგურა - იუკოც აართვა, ვაზარიც და ბოლოს სულაც დააიპონა.

ზაალიშვილი ამ ნაკრებში წლეულს გამოჩნდა და უკვე საკმაო წარმატებითაც ასპარეზობს - ყვარლის სარეიტინგო ტურნირი მოიგო, ბოლნისში კი ანალოგიურ შეჯიბრებაში მესამეზე გავიდა.

ამჯერად მან უცხოური ტურნირების რეიტინგი გახსნა და ოქროთი დაიწყო. თავდაპირველ შერკინებაში ლატვიელ ნიკიტა ვოლოშინთან იუკო კი დაკარგა, მაგრამ მაინც დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა.

მომდევნო შეხვედრებში ჩვენებურმა უკრაინელებს - ანდრეი გორდიენკოს და ახრამან მეჟიევს წმინდად სძლია და ნახევარფინალში გავიდა. იქ უზბეკ შაზოდბეკ სობიროვთან ორი გაფრთხილება მიიღო, მაგრამ სანაცვლოდ მეტოქეს იუკო და ვაზარი აუღო.

ბევრად უფრო მძიმე გამოდგა ფინალური მოგება პოლონელ ტომაზ სცზეპანიაკთან, სადაც მხოლოდ ერთი იუკო გაკეთდა, საბედნიეროდ - ზაალიშვილის მხრიდან და ჩემპიონიც გახდა.

ამავე წონაში წარუმატებლად გამოვიდა ოთარ ტყეშელაშვილი - პირველივე შეხვედრა წააგო უკრაინელ ბოგდან კრიშტულთან, თუმცა უმედლოდ დარჩენილ ჩვენებურთაგან ყველაზე მოულოდნელი ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ როსტომ ხახალეიშვილის (+100) სუსტი გამოსვლა იყო - ჯერ ძირითად ბადეში პირველივე შეხვედრა დათმო ბრაზილიელ რუან სილვასთან, მერე კი სანუგეშოშიც პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა უზბეკ ელიორ მაშარიფოვთან.

ბრაზილიელმა სამივე სინჯის გდებით და პირწმინდად დაჩაგრა, უზბეკთან კი დაძაბულ ბრძოლაში წააგო - მეტოქემ ორი გაფრთხილება მიიღო, ამან - სამი.

კიევში ანდრო ბერუაშვილიც (66) ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც - ხახალეიშვილი, ანუ ძირითადშიც და დამამშვიდებელშიც პირველივე შეხვედრებში დამარცხდა.

შესაბამისად, მომავალ ჩემპიონთან, უკრაინელ ვლადისლავ დიდენკოსა და მომავალ ბრინჯაოსმედალოსანთან, ასევე უკრაინელ ალექსანდრ იემჩენკოსთან. პირველივე წრეში წააგო ჩვენი გუნდის მეექვსე მონაწილე ჯაბა კაპანაძემაც (90) - მოლდოველ მაქსიმ სტრეჩისთან, ოღონდ მას სანუგეშოში გადასვლის შანსი არ მიეცა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირს სახელოვანი უკრაინელი მოკრივე ვიტალი კლიჩკოც დაესწრო.

"ორი ოქრო კიევიდან" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული