პაატამ ძიუდოს ქომაგს პირველად სამი წლის წინ (2009 წ) ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონობით წარუდგინა თავი. მაშინ კონტინენტის საუკეთესოს ტიტული ჯერ ახალგაზრდებში მოიპოვა, შემდეგ 23-წლამდელთა შორის.
იქიდან მოყოლებული მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მიზეზთა გამო მაშინდელ შედეგებს სათანადო გაგრძელება ვერ მოეძებნა. საქართველოს უნივერსიადაზე გორელი ფალავანი შარშანაც გამოვიდა, ოღონდ ძიუდოში მხოლოდ და მაშინაც არავის დაუთმო პირველობა.
"წლეულს, შარშანდელთან შედარებით,
ფინალში ვანო თოთლაძეს მოვუგე. ვანიკომ მომდევნო შეჯიბრებაზე ქართულში უკვე 70 კგ-ში იჭიდავა და ყველას აჯობა, მე კი ძველებურად 65 კილოში დავრჩი და აქაც გავიმარჯვე" - იხსენებს უნივერსიადის პერიპეტიებს მერებაშვილი.
პაატას უნივერსიადაზე ძიუდოსა და ქართულის შემდეგ შეეძლო სამბოს ტურნირზეც გამოსულიყო, მაგრამ ძიუდოს ფედერაციის პირველ სარეიტინგო შეჯიბრებაზე ამჯობინა მონაწილეობა.
"სამწუხაროდ, ამ ასპარეზზე იგი კვარცხლბეკს მიღმა დარჩა, რის მიზეზადაც მის ზედა წონაში ანაცვლებას მივიჩნევ.
მოგეხსენებათ, ბოლო ხანს გადავწყვიტეთ, პაატა 60 კგ-დან 66-ში გადავიყვანოთ (უნივერსიადაზე ქართულ ჭიდაობაშიც ამიტომ გამოვიდა 65 კგ-ში), რადგან დაკლება უჭირს და იქ უფრო უკეთ იგრძნობს თავს, თუმცა ადაპტაციის პრობლემამ თავისი გაიტანა და ჩემმა შეგირდმა ძიუდოში ჯერ სახარბიელო შედეგი ვერ აჩვენა.
მართალია, ეროვნულ ნაკრებში, ამირან ტოტიკაშვილის მწვრთნელობის დროს, მცირე ხანს ამ წონაში უკვე სცადა ბედი, თუმცა ახლანდელისგან განსხვავებით, მაშინ ნამდვილად ადრე იყო გადასვლა. იმედი მაქვს, მალე უკეთ გამოიჩენს თავს ახალ წონაში" - გვითხრა მერებაშვილის პირადმა მწვრთნელმა ქართლოს პავლიაშვილმა.
არადა, მერებაშვილი 500 ქულით ძიუდოს ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ახალი ეროვნული რეიტინგის პირველ საფეხურზეა ძველ წონაში, ანუ 60 კგ-ში. საერთაშორისო ტურნირებზე პაატამ წლეულს სამჯერ იჭიდავა თბილისის, ბაქოს და ობერვარტის (ავსტრია) გრანპრიზებზე და სამივეჯერ მეხუთე ადგილი დაიკავა.
"ორმაგად ძნელი იყო, როცა სულ ასე მცირედი მაკლდებოდა კვარცხლბეკამდე. მარცხის მიზეზს არაფერს და არავის ვაბრალებ, საკუთარი თავის გარდა.
სამომავლოდ მეტი პასუხისმგებლობით მინდა მოვეკიდო, როგორც სავარჯიშო პროცესს, ისე უშუალოდ შეჯიბრებებს. ახალგაზრდებს შორის მოპოვებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტიტულები აშკარად აღარ მაკმაყოფილებს. დიდებშიც მინდა სერიოზული შედეგები ვაჩვენო" - თქვა ჩვენთან საუბრის ბოლოს პაატა მერებაშვილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"