კონტინენტის პირველობა 21-23 სექტემბერს ხორვატულ პორეჩში ტარდება, ჩვენს ნაკრებში კი სერიოზული საკადრო ცვლილებებია - შარშანდელი შემადგენლობიდან უმეტესობამ დაამთავრა ამ ასაკში გამოსვლა და უფროსებში გადავიდა.
წლევანდელი სეზონი ძიუდოისტებისთვის გამორჩეული იმითაცაა, რომ ახლებური სისტემით ტარდება - სარეიტინგო ტურნირები იმართება, რასაც უცხოური შეჯიბრებებიც ემატება და დგება რეიტინგი, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ნაკრების დაკომპლექტებას.
ამდენად, ადრინდელისგან განსხვავებით, საქართველოს პირველობა სულაც არაა პირველხარისხოვან ტურნირებზე წასვლის განმსაზღვრელი
ის ერთ-ერთი სალიცენზიო შეჯიბრებაა, ოღონდ დანარჩენებისგან ყველაზე მაღალი ქულებით გამოირჩევა.
შედარებისთვის - ქვეყნის ჩემპიონი რეიტინგში 500 ქულას იღებს, სარეიტინგოსი - 300-ს და ასე შემდეგ.
ჩემპიონატში მოპოვებული ქულა გადამწყვეტი აღმოჩნდება მაშინაც, თუ რამდენიმე ძიუდოისტს თანაბარი მაჩვენებელი დაუგროვდება - ამ შემთხვევაში უპირატესობა იმას მიენიჭება, ვისაც ქვეყნის პირველობაზე უკეთესი მიღწევა ექნება.
საქართველოს ჩემპიონატს წინ ბოლნისისა და ყვარლის სარეიტინგო შეჯიბრებები უძღოდა. მათი შედეგებიდან გამომდინარე, მწვრთნელები კარგად იცნობდნენ ყველა იმ ფალავანს, რომლებმაც ამ შაბათ-კვირას დიღომში იჭიდავეს.
შეჯიბრების დასასრულს ახალგაზრდულის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამაც აღნიშნა, რომ ახალი სახეები არ გამოჩენილან.
სამაგიეროდ, სარეიტინგო თუ მერე საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირში ყველას შესაძლებლობები ნახა და ამიტომ შარშანდელი შემადგენლობიდან შემორჩენილთა უმრავლესობა დაასვენა.
მათ ევროპის ჩემპიონატზე წასვლა თითქმის განაღდებული აქვთ, რამაც ამ წონებში კონკურენცია კიდევ უფრო დაძაბა - ნაკრებში მოსახვედრი მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდა.
ლიდერთა არყოფნის მიუხედავად, ჩემპიონატი მაინც ძლიერი და წარმომადგენლობითი გამოდგა, საინტერესო ორთაბრძოლებიც ბლომად ვიხილეთ და ტურნირიც საკმაოდ მაღალი დონისა გამოდგა. იყო კიდევ ერთი თვალშისაცემი დადებითი ფაქტი - მედალოსანთა შორის ბევრია ისეთი, რომლებიც წინა წლებში ჭაბუკთა შორის დიდი წარმატებით გამოდიოდნენ, ახლა კი ახალგაზრდებშიც ავიდნენ კვარცხლბეკზე.
იქნებ ზოგიერთ მათგანს ცოტა დააგვიანდა, 1-2 წელიწადი უმედლოდ გაატარა, მაგრამ ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ბევრად დიდი განსხვავებაა და ასაკობრივ ნაკრებში ზეასვლას ყოველთვის სჭირდება ადაპტაცია. მთავარია, ეს პროცესი გეგმაზომიერად წარიმართოს და ამ გუნდის შემთხვევაშიც ასე მოხდა, რისი დასტურიც ეს მედლებია.
მაგალითად, შაბათს მოასპარეზე სამეულიდან 60 კილოგრამში გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანი ჭაბუკთა შორის 2009 წლის ევროპის მესამე პრიზიორია. ამ წონაში ამჯერად ისვენებდა ლიდერი ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც შარშანაც დასაყრდენი ფალავანი იყო, წლეულს კი ბოლნისშიც იმარჯვა და ყვარელშიც.
მარგველაშვილის დარად, ამ შეჯიბრებებში ბექა ვიბლიანმაც (66) იმარჯვა, რომელიც შაბათსაც ჩემპიონი გახდა. თან ფინალში ტრისტან ფეიქრიშვილს აჯობა, ვისაც ყვარელშიც მოუგო გადამწყვეტი შეხვედრა.
ვიბლიანი წინა წლებში მაშინდელ ლიდერთა შორის არ ჩანდა, ახლა კი შანსს მშვენივრად იყენებს.
ფეიქრიშვილი ქვედა წონიდანაა გადმოსული და ეტყობა, ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდი უდგას.
ალბათ, შაბათის ფინალისტთაგან ყველაზე მოულოდნელი გიორგი ჩხაბერიძე (55) და ჯაბა ბიწაძე (73) იყვნენ.
55-ში ტრავმის გამო არ ჭიდაობდა ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ლერი ჭელიძე, ხოლო რეიტინგის ლიდერი გიორგი ნათათრალაშვილი სკოლას ამთავრებს და გამოცდების გამო მწვრთნელებმა შეღავათი მისცეს.
მათ არყოფნაში ბოლნისისა და ყვარლის შეჯიბრებათა ვიცე-ჩემპიონი მინდია ღოლიჯაშვილის ფინალში გასვლა, რომელმაც საბერძნეთში ბრინჯაოც მოიპოვა, ლოგიკურია; აი, ჩხაბერიძე კი შიდა შეჯიბრებებზე მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა.
73-ში შიდა რეიტინგს ფრიდონ გიგანი და მიხეილ მეზურნიშვილი ლიდერობდნენ თანაბარი - 300-300 ქულით, თუმცა ამჯერად გიგანი ისვენებდა და მეზურნიშვილს ფინალში გასვლა არ გასჭირვებია (არც ჩემპიონობა), ბიწაძე კი აქამდე დიდი შედეგებით არ გამოირჩეოდა.
3 ივნისს სხვაზე მეტი საფიქრალი ჰქონდა ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ხახალეიშვილს - მისი შვილი როსტომ ხახალეიშვილი ჭიდაობდა.
ლიდერი ამ წონაშიც ისვენებდა - ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლევან მატიაშვილი. მის არყოფნაში კი იმერული ფინალი გაიმართა, ხახალეიშვილი გიორგი ზაქარიაძეს შეხვდა. ამათ შორისაც დიდი მეტოქეობაა - ბოლნისში ზაქარიაძემ ნახევარფინალში მოუგო, ყვარელში კი ხახალეიშვილმა ფინალში რევანში აუღო.
ზაქარიაძე წლეულს კარგად ასპარეზობს - საბერძნეთში მესამეზე გავიდა (ნახევარფინალი მატიაშვილთან წააგო, რომელმაც მერე ფინალში ხახალეიშვილსაც აჯობა), ამჯერად კი ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონ გიორგი ლაზუაშვილს მოუგო.
სამწუხაროდ, ფინალი ზუსტად მოერგო ამ ეტაპისთვის დამახასიათებელ ჩარჩოს - საკმაოდ დუნე, ფრთხილი გამოდგა. მეტოქეები თითქოს არც კი ცდილობდნენ მდგომარეობის გამწვავებას.
იქნებ იმიტომაც, რომ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. ასეა თუ ისე, ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ხახალეიშვილმა გაფრთხილებებით მოიგო, თუმცა უცხოეთში წარმატებისთვის მას მეტი გარჯა მართებს.
სხვა ფინალებიდან გამოსარჩევია ბექა დონღვანის ლამაზი იპონი, რომელიც ქვედა წონიდანაა ამოსული 81-ში. ცოტა მოულოდნელი იყო ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონ ლაშა ტაველურის (90) მარცხი რევაზ წულუკიძესთან, რომელსაც რეიტინგში საგრძნობლად უსწრებდა.
ტურნირის შესახებ გიორგი გუგავამ ასეთი კომენტარი გააკეთა: "განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - საპრიზო ადგილებზე ისევ ის შემადგენლობა ვიხილეთ, რომელიც სარეიტინგო ტურნირებზე გამოიკვეთა.
ამჯერად დავასვენეთ ის ძირითადი ბირთვი, რომელიც დანარჩენთაგან გამოიყო და, სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატში იჭიდავებს - ლევან მატიაშვილი, გურამ თუშიშვილი 100-ში, თორნიკე ოთინაშვილი 90-ში, ბექა ღვინიაშვილი 81-ში, ფრიდონ გიგანი 73-ში და ვაჟა მარგველაშვილი 60-ში. მათ უცხოეთში თუ შინ თითქმის ყველაფერი მოიგეს, სადაც კი იჭიდავეს.
ეს ის ბირთვია, რომლისგანაც ევროპაზე მედალს უნდა ველოდოთ, დანარჩენი კი მომზადებაზეა დამოკიდებული.
ამ ბიჭებს საქართველოს ჩემპიონები დაემატებიან და გერმანიის ტურნირზე იჭიდავებენ, რომელიც სასტარტოც იქნება და - შესარჩევიც. ალბათ, იქ ზოგიერთ წონაში ორზე მეტ მონაწილესაც წავიყვანთ. მაგალითად, 55-ში ობიექტური მიზეზით გვაკლდნენ ლიდერები.
მთლიანობაში ჭიდაობის ხარისხი შარშანდელზე უკეთესია. ზოგიერთ წონაში შედარებით ჩავარდნაა, მაგრამ მჯერა, წლეულს უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება. ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ გერმანიაში ვიასპარეზებთ აგვისტოში და თან რამდენიმე შეკრებას გავივლით".
კვარცხლბეკი
55 კგ. 1. მინდია ღოლიჯაშვილი (შიდა ქართლი), 2. გიორგი ჩხაბერიძე (იმერეთი), 3. ივანე ჯავახიშვილი (შიდა ქართლი), გიორგი საჩალელი (თბილისი).
60 კგ. 1. ლუხუმ ჩხვიმიანი (ქვემო ქართლი), 2. გელა კელიხაშვილი, 3. გიორგი გუგულაშვილი (ორივე - თბილისი), თორნიკე ჭოველიძე (სამხრეთ ოსეთი).
66 კგ. 1. ბექა ვიბლიანი (ქვემო ქართლი), 2. ტრისტან ფეიქრიშვილი (თბილისი), 3. ნუგზარ ქურასბედიანი (იმერეთი), ბექა ტუღუში (სამეგრელო - ზემო სვანეთი).
73 კგ. 1. მიხეილ მეზურნიშვილი (თბილისი), 2. ჯაბა ბიწაძე (აჭარა), 3. ლევან გუგავა, უშანგი მარგიანი (ორივე - იმერეთი).
81 კგ. 1. ბექა დონღვანი (მცხეთა-თიანეთი), 2. თეიმურაზ ხაჩიძე (თბილისი), 3. ალექსანდრე ზაალიშვილი (შიდა ქართლი), ბაჩანა ტიტვინიძე (თბილისი).
90 კგ. 1. რეზო წულუკიძე (აჭარა), 2. ლაშა ტაველური (მცხეთა-თიანეთი), 3. მამუკა ჯამასპიშვილი, ილია ოტიაშვილი (ორივე - კახეთი).
100 კგ. 1. გიორგი ქავთარაძე (ქვემო ქართლი), 2. გიორგი სეტიელი (თბილისი), 3. ალექსანდრე მილდიანი (ქვემო ქართლი), კარლო ნემსიწვერიძე (იმერეთი).
+100 კგ. 1. როსტომ ხახალეიშვილი, 2. გიორგი ზაქარიაძე, 3. გიორგი ლაზუაშვილი (სამივე - იმერეთი), გიგა გელაშვილი (შიდა ქართლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"