ქართველ ძიუდოისტთა 9-კაცა ბრაზილიაში

AutoSharing Option
9-10 ივნისს რიო დე ჟანეიროში ძიუდოისტთა "დიდი მუზარადის" მორიგი ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი (+100).

როგორც ვხედავთ, ნაკრების ავსტრიელ თავკაც პეტერ ზაიზენბახერს ყველა მიჰყავს, ვინც კი ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, ანუ რეიტინგში 22 საუკეთესოს შორის მოხვდა.

გამონაკლისი მხოლოდ მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილია, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს და არც აზიურ
შეკრებაზე გაჰყოლია გუნდს. ამ ტურნირის გამოტოვებით ოლიმპიადაზე მისი მოხვედრის შანსი ლამის გამოირიცხა. მით უფრო, რეიტინგში ოქრუაშვილი ისედაც გვარიანად უსწრებდა.

რიო დე ჟანეიროს შეჯიბრება ჩვენი ნაკრებისთვის ბოლო შესარჩევი ტურნირი იქნება - იქ გადაწყდება საბოლოო კონკურენცია იმ წონებში, სადაც ორ-ორი ლიცენზიანტი გვყავს. ამის შემდეგ გუნდი კიდევ ერთ შეჯიბრებაში გამოვა - ბუენოს აირესის მსოფლიოს თასზე, მაგრამ იქ ბრაზილიიდან მხოლოდ ნაწილი გაემგზავრება.

ჩვენთან ყველაზე დაძაბული კონკურენცია 100 კილოგრამშია, სადაც ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანი გვარიანად უსწრებს მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ მაინც სამხრეთ ამერიკაში გადაწყდება.

გაორებაა 60 კილოგრამშიც, მაგრამ იქ კონკურენცია შედარებით გარკვეულია - პაპინაშვილი სალიცენზიო სიაში მეხუთე ადგილზეა და განთესილებში შედის, ანუ წონის სხვა ლიდერებს დასაწყისშივე არ შეხვდება. შუკვანი კი მეთერთმეტეა.

წინასწარი მონაცემებით, რიოს ტურნირი არც ისე ძლიერი შემადგენლობისაა, რადგან გუნდების უმეტესობა ოლიმპიადისთვის სპეციალური პროგრამით ემზადება.

ძლიერი გუნდებიდან, ჩვენი და მასპინძლების გარდა, მხოლოდ რუსები იქნებიან, თუმცა მხოლოდ ოთხი ძიუდოისტით და იმათგანაც არცერთია ლიცენზირებული. ყველა საშუალო დონის მოჭიდავეა.

ლიცენზირებულთა უმეტესობას თავად ბრაზილიაც ასვენებს.

9 ივნისს ვაჟთაგან 60, 66 და 73-ის ფალავნები იასპარეზებენ, დანარჩენები - მეორე დღეს. ჩვენი ნაკრები ტურნირის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღით რიოშივე დარჩება ერთობლივ შეკრებაზე, მერე კი არგენტინაში გადავა, სადაც 16-17 ივნისს იქაურ ტურნირში იჭიდავებს.

ეს იქნება ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი ბოლო შეჯიბრება, თუმცა, როგორც გითხარით, იქ ჩვენგან ყველა არ გამოვა, ვინც კი ბრაზილიაშია წასული - მწვრთნელები ადგილზე გადაწყვეტენ, ვის სჭირდება და ვის არა მეტი სატურნირო პრაქტიკა.

ცხადია, წაიყვანენ იმათაც, სადაც კონკურენცია კიდევ ვერ გაირკვევა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს პრობლემა რიოშივე დასრულდება.

ჩვენი ნაკრები ბრაზილიაში იაპონიიდან გადაფრინდა, სადაც ერთთვიანი შეკრება გაიარა - ჯერ იაპონიაში ივარჯიშა, მერე ერთი კვირით კორეაში, იქიდან ისევ ტოკიოში დაბრუნდა და იქ გააგრძელა მზადება.

ორივე ქვეყანაში მათ ადგილობრივთა პირველ ნაკრებთან ივარჯიშეს, რასაც ერთობლივ შეკრებაზე ჩასული ჰოლანდია თუ სხვა ძლიერი ევროპული და აზიური გუნდებიც ემატებოდნენ.

ქართული 9-კაცა ბრაზილიაში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული