ირაკლი ცირეკიძე ბუენოს აირესის მსოფლიოს თასს გამოაკლდა

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100) ტრავმის გამო ამ უქმეებზე გასამართ ბუენოს აირესის მსოფლიოს თასზე ვერ იჭიდავებს.

როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ გვითხრა, რიო დე ჟანეიროში ერთობლივ შეკრებაზე ვარჯიშისას მას ფეხი უტკენია და 15 ივნისს ვალერი ლიპარტელიანსა და (90) და გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილთან ერთად თბილისში გამოემგზავრებოდა.

არადა, ბუენოსაირესული შეჯიბრების მთავარი ინტრიგა მისი და ლომერ ჟორჟოლიანის პაექრობა უნდა ყოფილიყო. იმ სამი გაორებული წონიდან, სადაც ჩვენმა გუნდმა ორ-ორი ლიცენზია მოიპოვა, ყველაზე გაურკვეველი ვითარება აქაა, თორემ 60-სა და განსაკუთრებით
მძიმეში, კონკურენცია თითქმის გაირკვა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი წინა უქმეებზე რიო დე ჟანეიროში "დიდ მუზარადზე" გამოვიდა, სადაც ერთობლივ შეკრებაზე დარჩა, 15 ივნისს კი იქიდან გადავიდოდა არგენტინაში.

ბუენოს აირესში ლიპარტელიანის ჭიდაობა არც იგეგმებოდა - ოლიმპიადამდე მეტი ტურნირი აღარ სჭირდება. ამირან პაპინაშვილისა (60) და ნუგზარ ტატალაშვილის (73) ჭიდაობა კი ავადმყოფობის გამო გამოირიცხა.

ამდენად, არგენტინაში ხუთი ქართველი იჭიდავებს: ბეთქილ შუკვანი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ადამ ოქრუაშვილი (+100). 16 ივნისს პირველი სამი წონის, ანუ 60, 66 და 73-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, დანარჩენები კი 17-ში იასპარეზებენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რიო დე ჟანეიროში ჩვენებმა 4 ოქრო და 2 ბრინჯაო ირგუნეს. ჩემპიონები შუკვანი, ლიპარტელიანი, ცირეკიძე და ოქრუაშვილი გახდნენ.

არგენტინული შეჯიბრების შემდეგ გუნდი საქართველოში დაბრუნდება და ოლიმპიადისთვის მზადებას დუშეთში გააგრძელებს.

ნაკრების ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოაცხადებს ოლიმპიადაზე წასაყვან შემადგენლობას, თუმცა დასასახელებელიც მხოლოდ ის ზემოხსენებული სამი გაორებული წონა აქვს, თორემ დანარჩენებში შავდათუაშვილის, ტატალაშვილის, ჭრიკიშვილის და ლიპარტელიანის გარდა, სხვა ლიცენზირებული ძიუდოისტი არც გვყავს და ამ ოთხეულის ლონდონში წასვლაც გადაწყვეტილია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული