კონტინენტის ჩემპიონები ერეკლე არხოზაშვილი (50) და კობა მჭედლიშვილი (60) გახდნენ, ბექა ნათათრალაშვილი (55) ფინალში დამარცხდა, გიორგი კაციაშვილი (55) კი მესამეზე გავიდა.
ჩვენი გუნდის კიდევ ორი წევრიდან ბექა უდესიანი (60) მეშვიდეზე გავიდა, ირაკლი კუპატაძე (50) კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
22 ივნისს ბიჭები სამ წონით კატეგორიაში ჭიდაობდნენ და გია თენაძე ნამდვილად ბედნიერი იყო - სამივე წონ
ექსპერიმენტმაც გაამართლა - 50-ში საქართველოს ჩემპიონი კუპატაძე წარუმატებლად გამოვიდა, ახალი კაცი კი ევროპის ჩემპიონია. არადა, მეოთხედფინალში იტალიელ ანჯელო პანტანოს სასტვენამდე სამად სამი წამით ადრე გაუკეთა იპონი.
არანაკლებ დაძაბული ბრძოლა მოიგო ფინალში გერმანელ მორიტც პლაფკისთან - შეხვედრის დაწყებისთანავე გდება ჩაატარა, რომელიც მსაჯმა იპონად შეაფასა და ჩვენებური ჩემპიონობას ზეიმობდა, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ ეს ილეთი ვაზარად შეაფასეს.
გერმანელმა ანგარიში გაქვითა, თუმცა ბოლო წუთებში არხოზაშვილმა მორიგ ვაზარზე გამოცელა და მაინც იზეიმა გამარჯვება.
მთლიანობაში მან 5-დან 4 შეხვედრა იპონით მოიგო.
სამი ფინალისტიდან ბოლო შეხვედრაში მხოლოდ ნათათრალაშვილი დამარცხდა, რაც საკუთარ თავს უნდა დააბრალოს - ფინალში აზერბაიჯანელმა ილკინ ბაბაზადამ სამჯერ გაუკეთა ერთი და იგივე ტიპის შეტევა, მაგრამ ვერაფერი დაუპირისპირა, საკმაოდ ერთფეროვნად იჭიდავა. მისი ხსნა თითქოს აქტიურ ჭიდაობაში იყო, რადგან მეტოქე დაიღალა და ჩვენებურმა ზედიზედ სამჯერ გააფრთხილებინა, რითაც ვაზარის ჩამორჩენაც ამოუქაჩა.
მას კიდევ უნდა გაეგრძელებინა შეტევა და ასეც აკეთებდა. მესამე გაფრთხილებიდან პირველივე მისვლაზე მეტოქე ისევ ჩააგდო მუხლებზე და არბიტრმაც სათათბიროდ უხმო გვერდითებს. თითქოს მეოთხე გაფრთხილებასაც აპირებდა, მაგრამ დაინდო და შეხვედრაც დამატებით დროში გაგრძელდა, იქ კი ჩვენებური შეცდა - ბაბაზადამ კონტრილეთზე დაიჭირა და დაახლოებით იმავე ილეთით დააიპონა, რითაც ძირითადში გავიდა ფონს.
არადა, ნათათრალიშვილს წინასწარებში ურიგოდ არ უჭიდავია - ჰოლანდიელი გლენ კოპერი და სერბი მილან ბუნჩიჩი იოლად დააიპონა, ფრანგი დაიკი ბოუბა ჭიდაობით აშკარად დაჩაგრა, ნახევარფინალში გერმანელი დევინ ვანდებურგი კი იოლად დააიპონა.
გარკვეულწილად, გაუმართლა მჭედლიშვილს - ფინალში ბელარუსი დმიტრი მინკოუ ფეხში შესვლისთვის მოუხსნეს, თორემ იმ წუთისთვის ვაზარ-იუკოს აგებდა.
წინასწარები ამანაც კარგად ჩაატარა - შვედ ჯოელ მანკოვიტცს წმინდად აჯობა, ფრანგ ჟოლან ფლორიმონტს იუკოთი მოუგო, რუს მანუჩერ კოდირის გაფრთხილებებით დათმობილი იუკო გდებით გაუთანაბრა, მერე კი ამავე ხარისხის მეორე ფანდით მოუგო, ნახევარფინალში სერბი მარკო გრანდიჩი კი ჭკვიანური ჭიდაობით წმინდად დაამარცხა.
ვფიქრობთ, კაციაშვილსა და უდესიანს არ გაუმართლათ - მალ-მალე მოუწიათ ზედიზედ რამდენიმე შეხვედრის ჩატარება და დასვენება ვერ მოასწრეს.
უდესიანი ორი მოგების შემდეგ ჯერ მინკოუსთან დამარცხდა, მერე - აზერბაიჯანელ ილკინ მამადოვთან.
კაციაშვილმა ორი სუფთა მოგების შემდეგ ზემოხსენებულ ბაბაზადასთან წააგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ასევე ზემოხსენებული გერმანელი ვანდებურგი მშვენივრად ჩახვეული ფეხით ეფექტურად დააგდო ბეჭებზე. წლეულს ის ახალ წონაში ჭიდაობს და მისი მედალი ამიტომაცაა საყურადღებო.
23 ივნისს ბარში ჩვენი ბიჭებიდან ბაჩანა ბოლქვაძე (66), ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი და ზურაბ ლომიძე (ორივე - 73) ჭიდაობენ. ამ დღესვე იასპარეზებს ქართველი გოგოების დუეტი - მარიამ ჯანაშვილი და გურანდა შოთაძე (ორივე - 57).
სამივე ბიჭი პირველ შეხვედრას ფრანგთან ჩაატარებს - ბოლქვაძე დიმიტრი შოქუს ეჭიდავება, კირაკოზაშვილი - კრისტ გენგლოუს, ლომიძე - ალფა ოუმარ ჯალოს.
ჯანაშვილი ხორვატ ვისნია რაიჩიჩს ხვდება, შოთაძე - დანიელ სიფ ბოუჯუს.
24 ივნისს ჩვენგან მხოლოდ ბიჭები იასპარეზებენ - ნიკა მოველიძე, ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ორივე - 81), გიორგი გველესიანი, დავით რამაზაშვილი (90), გიორგი ძებისაშვილი და ზაზა გოჯიაშვილი (+90).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"