ანზორ თენაძე: უფროსებში ისევ გავძლიერდებით

AutoSharing Option
შიდა ქართლის ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ზედიზედ სამჯერ მოიპოვა გუნდურ ჩათვლაში ქვეყნის ახალგაზრდულ პირველობაზე საუკეთესოს სახელი.

ამას წინათ ჩატარებულ წლევანდელ ანალოგიურ შეჯიბრებაში კი პირველობა დათმო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასპარეზობაში პირველი ადგილის ორი რეალური კანდიდატის გარეშე ჩაერთო. შიდა ქართლელთა გამოსვლის შეფასება ნაკრების მწვრთნელს ანზორ თენაძეს ვთხოვეთ.

"საქართველოს ახალგაზრდულ პირველობას წლეულს წინ უძღოდა შიდა სარეიტინგო ტურნირები და საერთაშორისო შეჯიბრებები, რომლებზეც ზოგიერთ წონით კატეგორიაში აშკარად გამოიკვეთა ფავორიტები.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ ამ ძიუდოისტებს საშუალება მისცა ამჯერად დაესვენათ. სხვა რეგიონების რამდენიმე სპორტსმენთან ერთად ჩვენი
გუნდის წევრებმა ვაჟა მარგველაშვილმა (60) და ბექა ღვინიაშვილმაც (81) სწორედ ამიტომ გამოტოვეს ქვეყნის პირველობა. არა მხოლოდ თავის ასაკში, უფროსებს შორისაც ბექას მიერ მიღეწეული ბოლოდროინდელი წარმატებების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება და ნაკრებში მისი ფავორიტის რანგში ყოფნა მოულოდნელი არაა.

მარგველაშვილმა კი ჯერ სარეიტინგო ტურნირების და შემდეგ საბერძნეთის და უკრაინის საერთაშორისო შეჯიბრების მოგების მერე გააკეთა სერიოზული განაცხადი ლიდერობაზე თავის წონაში. ამ ორი ფალავანის არყოფნაში ძნელია საქართველოს პირველობაზე შიდა ქართლის გუნდის გამოსვლის სრულფასოვანი შეფასება.

სპორტში მოულოდნელი შედეგიც ხშირად ფიქსირდება და გადაჭრით მტკიცება, რომ ის ორი ფავორიტი შეჯიბრებისას უთუოდ პირველ ადგილზე გავიდოდნენ, რასაკვირველია შეუძლებელია. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი ბოლომდე კმაყოფილი მაინც ვერ ვიქნებოდით. ზოგიერთმა სუსტად იასპარეზა. მაგალითად, 66 კგ-ში ჩვენ საკმაოდ ძლიერი ძიუდოისტები გვყავს - ირაკლი ლომიძე და ანდრო ბერუაშვილი და მათგან ერთ-ერთის პირველობას უთუოდ ველოდით, თუმცა, სამწუხაროდ, საპრიზო ადგილზეც ვერ გავიდნენ. არადა, გორს გამორჩეული სპორტსმენები გვყავს ამ წონაში.

ოლიმპიადაზეც 73 კგ-თან ერთად სწორედ ამ წონაში გვეყოლება ლაშა შავდათუაშვილი. 81 კგ-შიც, მიუხედავად ტატამზე ღვინიაშვილის არყოფნისა, ჩემპიონობას ვუგეგმავდით ალეკო ზაალიშვილს, რომელიც შიდა სარეიტინგო შეჯიბრებეზეც შესანიშნავად გამოვიდა და ბოლოს კიევიდანაც მარგველაშვილთან ერთად ოქროს მედლით დაგვიბრუნდა.

ახლა კი მხოლოდ ბრინჯაო იკმარა. სამაგიეროდ ბრწყინვალედ იასპარეზა მინდია ღოლიჯაშვილმა (55). მან ყველა შეხვედრაში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებებით უწია კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს. მინდია წლეულს ორივე სარეიტინგო შეჯიბრებაზე ფინალისტი გახდა, საბერძნეთის ტურნირზე კი ნაკრებში ლიდერობისათვის თავის უმთავრეს კონკურენტს მოუგო შეხვედრა.

ამავე წონაში ივანე ჯავახიშვილი მესამე ადგილზე გავიდა. ცოტა მოულოდნელი და შესაბამისად უფრო სასიხარულო იყო წონაში გიგა გელაშვილის ბრინჯაოს პრიზიორობა, რადგან მან ფაქტობრივად ასაკით დიდებთან იჭიდავა.

მთლიანობაში კი თავისუფალად შემიძლია ვთქვა, რომ გორელებს და ზოგადად შიდა ქართლელებს ახალგაზრდებში ამჯერადაც კარგი გუნდი გვყავს და სამომავლოდ უფროსებში ისევ გავძლიერდებით " - გვითხრა ანზორ თენაძემ.

ისევ გავძლიერდებით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული