23 ივნისს მესამე საპრიზო ადგილზე ბაჩანა ბოლქვაძე (66) გავიდა, 24 ივნისს კი კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი დავით რამაზაშვილი (90) გახდა.
ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა ბარში საერთო ჯამში 6 მედალი მოიპოვა - სამივე სინჯის 2-2 ჯილდო. პარასკევს ევროპის ჩემპიონები ერეკლე არხოზაშვილი (50) და კობა მჭედლიშვილი (60) გახდნენ, ბექა ნათათრალაშვილი (55) მეორეზე გავიდა, გიორგი კაციაშვილი (55) - მესამეზე. ჩვენები გუნდურ ჩათვლაში საერთოშიც (აქ ბიჭებთან ერთად გოგოების შედეგებიც ჯამდება) და კონკრეტულად
24 ივნისს 81 კილოგრამში ისეთი ამბავი მოხდა, ქართული ანდაზა გაგვახსენდა ხის ჩივილზე, ცული რას დამაკლებდა, ჩემივე ნაწილი რომ არ ერიოსო - ორივე ჩვენი ფალავანი გერმანიის დროშით მოასპარეზე სანდრო მაქაცარიამ დაამარცხა.
მან ჯერ ნიკოლოზ შერაზადაშვილი დააიპონა, მერე კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ნიკოლოზ მოველიძესაც წმინდად მოუგო.
ჩვენებმა 90-შიც ერთი და იმავე ფალავანთან წააგეს, რუსთა მომავალ ჩემპიონ კარენ პალიანთან. მისი სახელის სომხურობა არ გვაეჭვებდა, მაგრამ გვარმა კი შეგვაფიქრიანა, ლათინურის გავლენით ფალიანის სახეცვლილება ხომ არ იყო.
მით უფრო, რუსებს ერეკლე ფალიანი ჰყავთ, მაგრამ საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში დაგვიდასტურეს, რომ ის ნამდვილად სომხური წარმომავლობის პალიანია, რომელმაც ჩემპიონატი გიორგი გველესიანის ძლევით დაიწყო და ფინალში რამაზაშვილთან გამარჯვებით დაასრულა.
პალიანის სომხობის მიუხედავად, რამაზაშვილს ბარში ქართველებთან დაპირისპირება მაინც არ დაჰკლებია - მეორე წრეში გაფრთხილებებით უკრაინელ ნოდარ ლობაძეს აჯობა (უკრაინელებს 66-შიც ჰყავდათ ქართველი - რევაზ მესაბლიშვილი), მესამე წრეში კი რუსთა ოსი შოთა ვანიევი დააიპონა, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღებას მისი ქართული სახელი იქცევს.
რამაზაშვილმა თავდაპირველად ესტონელი ევგენი კუზნეცოვი ვაზარ-იპონით დაამარცხა, ვანიევის შემდეგ კი ნახევარფინალში რუმინელ იონუტ ვასიანთან გაფრთხილებებით და ვაზარით მორიგი წმინდა მოგება მიითვალა. ფინალში პალიანმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა მისი ასაკი ეჭვს იწვევს - შესახედაობიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, გადაზრდილი იყოს.
ბოლქვაძე ჩვენს ნაკრებში წონის ლიდერად არ მიიჩნეოდა, მაგრამ მოსამზადებელ ტურნირებშიც კარგად გამოვიდა და ახლაც დამაჯერებლად მოიგო ქვეჯგუფი - ფრანგ დიმიტრი ჩოქუს და გერმანელ ტიმ გრამკოვს წმინდად მოუგო, ბოსნიელ ნემანია მაჯდოვთან კი ვაზარით იმარჯვა.
ის ნახევარფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, სერბ სტრაინია ბუნჩიჩთან, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ბრიტანელი ენრიკო ატკინსონი დააიპონა. მთლიანობაში საკმაოდ კარგად იჭიდავა. თან გავითვალისწინოთ, რომ ამ წონაში წლეულს გადმოვიდა, ანუ ადაპტაციამ წარმატებით ჩაიარა.
შაბათ-კვირას მოასპარეზე სხვა ქართველებიდან ყველაზე უკეთ მოველიძე გამოვიდა - მაქაცარიასთან წაგების შემდეგ საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა, ზაზა გოჯიაშვილი (+90) კი მეშვიდეზე გავიდა.
მოველიძე ძირითად ბადეში რუსთა მომავალ ჩემპიონ მიხაილ იგოლნიკოვთან დამარცხდა, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო ეს ტურნირი, თუმცა შარშან 66-ში გაიმარჯვა. 73-ში თამაზ კირაკოზაშვილიც და ზურაბ ლომიძეც პირველივე წრეში დამარცხდნენ. თან ორივემ ფრანგთან წააგო, შესაბამისად - კრისტ გენგოლთან და ალპჰა ოუმრა ჯალოსთან.
კირაკოზაშვილი ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია, მაგრამ მაშინ 60-ში ჭიდაობდა. როგორც ზემოთ გითხარით, 90-ში გველესიანმა პირველივე ორთაბრძოლა წააგო პალიანთან, +90-ში კი გიორგი ძებისაშვილი გამოეთიშა ჩემპიონატს იმავე ეტაპზე თურქ კადირ ბინგოლთან მარცხით.
გოჯიაშვილი ორი მოგების შემდეგ მომავალ ბრინჯაოსმედალოსნებთან დამარცხდა - ჯერ ძირითადში ფრანგ მესიე კატანგასთან, მერე კი დამაშვიდებელში - რუს ალექსანდრ ბაგმეტოვთან.
ხის ჩივილი - ქართულად (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"