ჩეხური შეკრებისგან განსხვავებით, ესპანეთში ჩვენი ოლიმპიური გუნდი სრული შემადგენლობით ივარჯიშებს, რადგან ის ორი ლიცენზირებული სპორტსმენიც დაემატება, რომლებიც ტრავმების გამო ჩეხეთში არც წასულან: ვალერი ლიპარტელიანი (90) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).
შეგახსენებთ, რომ ხანჯალიაშვილის ხელის ძველი ტრავმა აწუხებს, რის გამოც ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი მთელი ციკლი ჩაუვარდა, ლიპარტელიანმა კი ბრაზილიაში ფეხი იტკინა, თუმცა საშიში არაფერია და
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა ევროპულ კემპებზე საჭიდაოდ დანარჩენი ლიცენზირებული ძიუდოისტები უკლებლად იახლა: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ლომერ ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი (+100).
არალიცენზირებული სპორტსმენებიდან ნაკრებს მხოლოდ ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი შალვა ჩოჩელი (90) ახლავს.
გუნდი ევროპიდან 6 ივლისს დაბრუნდება და ზაიზენბახერი ლონდონში წამსვლელ შვიდეულსაც დაასახელებს, რაკიღა 7 ივლისს კონკრეტული სია უკვე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში უნდა გაიგზავნოს, დასკვნით შეკრებას კი ნაკრები დუშეთის ნაცვლად ბორჯომში გაივლის.
ძიუდოისტები ერთ-ერთი პირველები ჩაებმებიან ოლიმპიადაში - 28 ივლისს 60 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"