მეტოქე: რუსები ოლიმპიადაზე - უქართველებოდ

AutoSharing Option
ახლოვდება ლონდონის ოლიმპიადა და ჩვენი მეტოქეები ძიუდოში ნელ-ნელა ამზეურებენ შემადგენლობებს.

აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით ჩვენი გუნდი არაა ცნობილი. ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერის ქართული სამწყსო ამჟამად ესპანურ კასტელდეფელსშია, სადაც ევროპული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ კემპში მონაწილეობს.

გუნდი ესპანეთიდან 6 ივლისს დაბრუნდება და თუ მანამდე არა, ზაიზენბახერი დაუყოვნებლივ დაასახელებს ლონდონში წასაყვან ფალავნებს.

დაუყოვნებლივ იმიტომ, რომ 7-ში უკვე იწურება სოკ-ში განაცხადის გაგზავნის ვადა. შეგახსენებთ, რომ ჩვენგან თამაშებში მონაწილეობა განაღდებული აქვთ ლაშა შავდათუაშვილს (66), ნუგზარ ტატალაშვილს (73), ავთანდილ ჭრიკიშვილს (81) და ვალერი ლიპარტელიანს (90). სხვა
წონებში ორ-ორმა კაცმა მოიპოვა საგზური და ზაიზენბახერს ასარჩევ-გასარკვევი სწორედ იქ აქვს.

გამბას არჩევანი
რუსთა იტალიელ თავკაცს, ოლიმპიურ ჩემპიონ ეციო გამბასაც დიდი კონკურენცია ჰქონდა გადასაჭრელი. მან უმეტეს წონებში, კერძოდ, 66-ში, 81-ში, 90-სა და 100-ში ფრიად საყურადღებო გადაწყვეტილება მიიღო - გაითვალისწინა ტიტულები, გამოცდილება და არა სალიცენზიო ქულები.

ამ კრიტერიუმებით სალონდონე რაზმში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი არსენ გალსტიანი (60), მსოფლიოს პრიზიორები - მუსა მოგუშკოვი (66) და მანსურ ისაევი (73), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ივან ნიფონტოვი (81), მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მედალოსანი კირილ დენისოვი (90), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ტაგირ ხაიბულაევი (100) და მსოფლიოს სამგზის, ევროპის ექვსგზის ჩემპიონი ალექსანდრ მიხაილინი (+100) მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ რუსებს ყველა წონაში რამდენიმე ლიცენზიანტი ჰყავთ. ამდენად, ოლიმპიადა განაღდებული არავის ჰქონდა. შვიდივე წონაში გადაწყვეტილება გამბას უნდა მიეღო. საინტერესოა, რომ ტიტულების მიუხედავად, მის გუნდში ყველა ოლიმპიადის დებიუტანტია.

როგორც ვხედავთ, გამბამ შინ დატოვა ევროპის წლევანდელი ჩემპიონები - ბესლან მუდრანოვი (60), ალიმ გადანოვი (66) და სირაზუდინ მაგომედოვი (81). მან გალსტიანი და კიდევ რამდენიმე ფალავანი ევროპირველობაზე დაასვენა. კულუარებში იმთავითვე ამბობდნენ, რომ მათ საოლიმპიადოდ ინახავდა, თუმცა ევროპაზე ჩემპიონთა სამეულმაც კარგად იჭიდავა.

ამათგან გადანოვი და მაგომედოვი სალიცენზიო რეიტინგში საგრძნობლად უსწრებდნენ ზემოხსენებულ კონკურენტებს. ქულებით დენისოვიც ჩამორჩებოდა კირილ ვოპროსოვს და ხაიბულაევიც - სერგეი სამოილოვიჩს.

ამ გუნდში გამოკვეთილი ოლიმპიელები, ვის პოზიციებსაც არაფერი ემუქრებოდა, მუსაევი და მიხაილინი იყვნენ - რუსებს ორივე წონაში ჩავარდნა აქვთ და ცდილობენ, როგორმე თითო ლიდერით იდრეიფონ, თუმცა მიხაილინთან დაკავშირებით ეს ტერმინი მთლად მართებული არ იქნება - ის ამ წონაში ერთ-ერთი ფავორიტია.

როგორც იქნა, მან ოცნებაც აისრულა და ამდენი ტიტულების მფლობელი პირველად იჭიდავებს ოლიმპიადაზე, რადგან აქამდე ამაში ხელს ძიუდოს მეორე ლეგენდა - ტამერლან ტმენოვი უშლიდა.

მიხაილინი ევროპა-მსოფლიოზე მოპოვებული ტიტულებით ბევრად კი აღემატებოდა მას, მაგრამ საოლიმპიადედ ყველა შესარჩევი შეჯიბრება ტმენოვმა მოუგო. ახლა ის სპორტიდან წავიდა და ასპარეზიც მიხაილინს დარჩა.

რუსულ-ქართული სტატისტიკა
გალსტიანმა თავისი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ტიტული - ევროპის ჩემპიონობა 2009 წელს თბილისში მოიპოვა.

აქ საქართველოს წარმომადგენელს არ შეხვედრია, თუმცა ფინალში ქართველი დაამარცხა - უკრაინიდან ჩამოსული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია.

ჩვენი ლიცენზირებულებიდან გალსტიანს ამირან პაპინაშვილთან ორივე შეხვედრა მოგებული აქვს, ბეთქილ შუკვანს კი ერთხელ დაეჭიდა და წააგო - შარშან ევროპირველობის ნახევარფინალში. აქ საინტერესო ვითარებაა - რეიტინგში მეხუთეზე მყოფი პაპინაშვილი თუ წაიყვანეს, განთესილებში იქნება და მეოთხედფინალამდე რუსთა სომეხს ვერ შეხვდება. რეიტინგსიის მე-11 შუკვანს კი განთესვა არ ეხება და ვერ ვიტყვით, საერთოდ გადაეყრება თუ არა გალსტიანს, მაგრამ მასთან დადებითი ბალანსი აქვს.

სხვათა შორის, შარშანდელ ევროპირველობაზე შუკვანთან წაგების შემდეგ რუსმა პაპინაშვილს მოუგო ბრინჯაოსთვის შეხვედრა.

უფროსებში წლეულს გადმოსული შავდათუაშვილი მოგუშკოვს ჯერ არ შეხვედრია. ერთმანეთში ასევე არასოდეს უჭიდავიათ ტატალაშვილს და მოგუშკოვს, ნიფონტოვსა და ჭრიკიშვილს. ინგუში მოგუშკოვი და ავარელი ისაევი წლეულს არც ისე ბევრ ტურნირში გამოვიდნენ და არც დიდი წარმატებით უჭიდავიათ.

იგივე ითქმის ნიფონტოვზეც. ალბათ, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო 90 კილოგრამის ბედი იყო, თუმცა კულუარული ხმები უპირატესობას აქაც დენისოვს ანიჭებდნენ, რაც გამართლდა კიდეც.

მით უფრო, რომ ევროპის წლევანდელ პირველობაზე ჩელიაბინსკში ლიპარტელიანმა ჯერ პირადი პირველობის ფინალში გრიგორი სულემინი გაანადგურა, მერე კი გუნდურში იმავე ეტაპზე - ვოპროსოვი! დენისოვი ლიპარტელიანის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა - ოთხივე შეხვედრა მოუგო ჩვენებურს.

თავს იმით თუ ვინუგეშებთ, რომ ყველა ეს ორთაბრძოლა წინა წლებზე მოდის, როცა ქართველს ჩავარდნა ჰქონდა, რაც ლიპარტელიანმა უკვე დასძლია და ჭიდაობას შესამჩნევად მოუმატა.

აკი ამ პერიოდში აისრულა საწადელი და ზედიზედ წაგებული ორი ევროფინალის შემდეგ კონტინენტის ჩემპიონიც გახდა. ამ წარმატებით ჩვენებური სალიცენზიო რეიტინგში მეოთხეზე გადავიდა, რაც გუნდის საუკეთესო შედეგია. ოლიმპიადაზე მისი გზა დენისოვთან მეოთხედფინალში იკვეთება.

თბილისი ფეხბედნიერი ქალაქია ავარელი ხაიბულაევისთვისაც - თავისი პირველი ტიტული მანაც ჩვენთან მოიპოვა, როცა 2009-ში ევროპის ჩემპიონი გახდა და საქართველოსადმი დიდი სითბოც გამოხატა.

მოგეხსენებათ, ეს წონა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია ირაკლი ცირეკიძესა და ლომერ ჟორჟოლიანს შორის არსებული დიდი კონკურენციის გამო. ამათგან ხაიბულაევი ცირეკიძეს ერთხელ შეხვდა და წააგო - აწ უკვე შორეულ 2006 წელს თბილისის მსოფლიოს თასის ფინალში, ჟორჟოლიანთან კი ორჯერ იჭიდავა და ორივე მოიგო.

მძიმე წონაში ვინც უნდა დავაყენოთ - ადამ ოქრუაშვილი თუ ზვიად ხანჯალიაშვილი, სტატისტიკა მიხაილინის მხარესაა - ოქრუაშვილს ოთხჯერ ეჭიდავა, ხანჯალიაშვილს - სამჯერ. ამ შვიდიდან კი მხოლოდ ხანჯალიაშვილთან წააგო ერთადერთი, სულ პირველი შერკინება. ის ხანჯალიაშვილს ბოლო წლებში არ შეხვედრია, ოქრუაშვილს კი შარშანაც და წლეულსაც თითო ბრძოლა მოუგო.

დონღუზაშვილის დაისი
რუსებზე საუბარს ქალთა თემით დავასრულებთ - ამჯერად იქაურ ნაკრებში ვერ მოხვდა მძიმეწონოსანი თეა დონღუზაშვილი.

ერთ დროს ვლადიმერ პუტინის პირადმა მწვრთნელმა ძიუდოში ანატოლი რახლინმა ქართველს ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი, კონტინენტის წლევანდელი გამარჯვებული ელენა ივაშენკო ამჯობინა.

დონღუზაშვილმა შარშან მსოფლიოს აბსოლუტურ პირველობაზე ვერცხლი კი მოიპოვა, მაგრამ 36 წლის სპორტსმენის მზე უკვე ჩაესვენა. ახლა ასპარეზი ახალი თაობისაა.

თავის კარიერაში დონღუზაშვილი მწვერვალზე მხოლოდ ერთხელ ავიდა და ისიც ყველაზე დაბალზე - ერთხელ გახდა ევროპის ჩემპიონი (გუნდურში - ორჯერ). არადა, რვაჯერ იჭიდავა ფინალი.

ერთხელ მსოფლიოს ფინალშიც გავიდა, თუმცა ისიც ღია პირველობაზე და არა ინდივიდუალურში, რასაც ათენის ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოც უნდა დავუმატოთ. ეს ნამდვილად არაა ფენომენალური მიღწევები მის ხანგრძლივ სპორტულ კარიერაში.

თუმცა, როგორც უნდა შევაფასოთ მისი კოლექცია, ფაქტია, რომ ამით სპორტში ადგილი შეინარჩუნა, როცა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გაჭირვებას გაექცა მაშინდელი საქართველოდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული