მეტოქე: ოლიმპიადა უკრაინამაც გაარკვია

AutoSharing Option
ძიუდოში ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთმა ნაკრებმა - უკრაინამ გაარკვია ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა.

იმათგან თამაშებში მონაწილეობა განაღდებული ჰქონდათ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას (60), სერგეი დრებოტს (66), ევროპის ჩემპიონ ვოლოდიმირ სოროკას (73), არტემ ვასილენკოს (81) და მძიმეწონოსან სტანისლავ ბონდარენკოს, რადგან უკრაინელებს ამ წონებში სხვა ლიცენზიატები არ ჰყავდათ, დარჩენილ ორ წონაში კი კონკურენცია სლოვენიის ევროპის თასზე გადაწყდა.

90-ში გამოსვლის უფლება ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელმა რომან გონტიუკმა მოიპოვა ანუ ვალერი ლიპარტელიანის პოტენციურ მეტოქედ იქცა, 100-ში კი არტემ ბლოშენკო იჭიდავებს.

90-ში 28 წლის გონტიუკს
კონკურენციას ევროპის სამგზის ჩემპიონი, 36 წლის ვალენტინ გრეკოვი და ვადიმ სინიავსკი უწევდნენ.

სლოვენიაში ისინი მესამე წრიდან გამოვარდნენ, გონტიუკი კი ოთხი წმინდა მოგებით ნახევარფინალში გავიდა.

იქ "ოქროს ქულით" დამარცხდა რუს მაგომედ მაგომედოვთან, ბრინჯაოსთვის კი მწვრთნელმა ვიტალი დუბროვმა აღარ აჭიდავა, რადგან კონკურენცია გარკვეული იყო და სპორტსმენს ის მედალი რომც მოეპოვებინა, პრაქტიკულს მაინც არაფერს აძლევდა.

გონტიუკი თავის მესამე ოლიმპიადაზე იჭიდავებს, ოღონდ აქამდე თუ 81-ში გამოდიოდა, ახლა 90-ში იასპარეზებს.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ სალიცენზიო რეიტინგში ამ სამეულიდან ყველაზე ცოტა ქულა გონტიუკს ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელმა ყურადღება კონკრეტულ მომენტში მომზადების დონეს მიაქცია და არა ქულებს.

ვიმეორებ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ალბათ, აჯობებს, სადღეისო მომზადებას დავეყრდნოთ და არა ქულებს. ბლოშენკომ ბევრად მარტივი ამოცანა გადაწყვიტა - მას კონკურენციას მხოლოდ ვიაჩესლავ დენისოვი უწევდა, რომელიც სლოვენიაში პირველივე წრეში დამარცხდა, ბლოშენკო კი ჩემპიონი გახდა.

ჩვენებურთა შანსები უკრაინელებთან
ვინაიდან გონტიუკი უკრაინელთა ყველაზე ტიტულოვანი ფალავანია, 90 კილოგრამი კი ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ლიპარტელიანი მას მხოლოდ ერთხელ შეხვდა - შარშან აბუ დაბის "დიდ პრიზზე" და მეოთხედფინალში მოუგო. ვნახოთ, რა მოხდება ოლიმპიადაზე.

სამწუხაროდ, 60 კილოგრამში უკრაინელთა ქართველ ზანთარაიას, რომელმაც იქაურებს პირველმა მოუპოვა მსოფლიოს ოქრო, ჩვენებთან დიდი უპირატესობა აქვს: თითქმის სულ უგებს თანამემამულეებს.

ამირან პაპინაშვილსა და ბეთქილ შუკვანს ის 3-3-ჯერ შეხვდა და შუკვანს სამივე მოუგო, პაპინაშვილთან კი მხოლოდ პირველი შეხლა წააგო შორეულ 2007-ში.

აფხაზეთიდან ლტოლვილი ზანთარაია ქართულ დუეტს ბოლოს შარშან შეხვდა ევროპის პირველობაზე - პაპინაშვილს მეოთხედფინალში მოუგო, შუკვანი კი ფინალში დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ ზანთარაია ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონია, კონტინენტური ოქრო კი პირველად 2009 წელს თბილისში მოიპოვა.

სამაგიეროდ, 66-ში ლაშა შავდათუაშვილს სრული უპირატესობა აქვს დრებოტთან - ორივე პირადი შეხვედრა მოუგო. მათ შორის ბოლოს - ევროპირველობაზე, ჩელიაბინსკში.

იმავე ტურნირზე ნუგზარ ტატალაშვილი (73) კარიერაში პირველად შეხვდა სოროკას და დამარცხდა. ჭრიკიშვილიც ერთხელ შეხვდა ვასილენკოს, მაგრამ ტატალაშვილისგან განსხვავებით, მოუგო - შარშან, რუმინეთის მსოფლიოს თასის ფინალში.

ასევე ერთ ორთაბრძოლას მოიცავს ბლოშენკოსა და ცირეკიძის მეტოქეობაც - ჩვენებურმა მას იმ ავადსახსენებელი მსოფლიოს 2010 წლის პირველობის პირველივე წრეში მოუგო. ბლოშენკოს და ჟორჟოლიანს ერთმანეთში სამჯერ უჭიდავიათ და უკრაინელის აქტივში მხოლოდ ერთი მოგებაა. ადამ ოქრუაშვილიც (+100) ერთხელ შეხვდა ბონდარენკოს და მოუგო.

ებრაული სამართალი: ქართულის ანტიპოდი
როცა საქართველო კინკილა ლიცენზიებს შემოდგომის წიწილებივით ითვლის და თუნდაც ერთი საგზურის შემატება გვიხარია, ამ დროს ისრაელი იმ ოლიმპიელებს, რომლებშიც მედლის მოპოვების პერსპექტივას ვერ ხედავს, ლონდონში წაყვანაზე უარს ეუბნება!

ბუნებრივია, იქაურები ოლიმპიელებს პირდაპირ ამ ნიშნით არ ახარისხებენ, მაგრამ მიიღეს თამაშებში მონაწილეობის კრიტერიუმი, რაც დაახლოებით ამგვარ ქვეტექსტს შეიცავს, ღია ტექსტით კი დაფინანსებაზე უარი ძიუდოისტ არტიომ არშანსკის (60), მშვილდოსან გუი მატცკინს და კიდევ ორ მძლეოსანს ეუბნებიან. მძლეოსნებზე ვერაფერს გეტყვით, მატცკინმა ლიცენზია მაისში ამსტერდამში გამართულ ევროპის პირველობაზე მოიპოვა - სალიცენზიო ტურნირი მოიგო, არშანსკი კი ევროპულ კვოტაში მოხვდა.

ერთი შეხედვით, იქაურთა პოზიციაც გასაგებია - ფული მხოლოდ რეალურ კანდიდატებში გადაიხადონ და არა ტურისტებში, თუმცა ოლიმპიადა ხომ მხოლოდ სპორტი არაა, ეს მსოფლიოს ხალხთა კულტურული ფორუმიცაა და ძალზე ძნელია, სპორტსმენს იქ წასვლა დაუშალო. ამ ლოგიკით მაშინ იგივე სპორტსმენები არც მსოფლიოდა ევროპის პირველობებზე უნდა გაუშვან.

თან არშანსკისთან დაკავშირებით ერთი საინტერესო მომენტიცაა - ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, წლეულს ეროვნულ ნაკრებში პირველი სეზონი ჩაატარა და ეს ქულებიც მხოლოდ ერთი სეზონის მონაგარია.

ამდენად, ის ნამდვილად არაა უპერსპექტივო და ოლიმპიადაზე გამოსვლა დიდ გამოცდილებას მოუტანს. აქვე შეგვიძლია ვალერი ლიპარტელიანის მაგალითიც გავიხსენოთ, რომელიც პეკინის ოლიმპიადაში არ გამოდიოდა, თუმცა მაინც წაიყვანეს ჩინეთში, რათა საკუთარი თვალით ენახა ეს დიდი ფორუმი, ეგრძნო მისი სული და ფსიქოლოგიურად მომზადებულიყო ამ თამაშებისთვის.

სწორედ ამ უცნაურობების გამო ებრაელმა ძიუდოისტებმა, ძირითადად რუსულენოვანმა ფალავნებმა არშანსკის დაცვა გადაწყვიტეს.

მათ სათავეში არშანსკისავით რუსეთიდან წასული ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი იოელ რაზვოზოვი (73) უდგას, რომელმაც მედიას შემდეგი განუცხადა: "ჩვენ გადავწვიტეთ, გავილაშქროთ ისრაელის ოლიმპიური კომიტეტის ამ ბუნდოვანი გადაწყვეტილების წინააღმდეგ. თუ სპორტსმენი აკმაყოფილებს საერთაშორისო ფედერაციის კრიტერიუმებს, რატომ უნდა შევუქმნათ მას დამატებითი სიძნელეები? როგორც ჩანს, ჩვენს ოლიმპიურ კომიტეტს ეშინია, რომ არშანსკი პირველივე წრიდან გამოვარდება და ამიტომ არ მიიჩნევს საჭიროდ ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას.

ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა ყველა სპორტსმენის ოცნებაა და საამისოდ დღე და ღამე მუშაობს, თუ არშანსკი არ წავა ოლიმპიადაზე, ამით წააგებს ყველა, რადგან ეს ფაქტი ახალგაზრდებს დააფრთხობს და დავკარგავთ მომავალ თაობას". ძიუდოისტები საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებენ, როცა ყველა მათგანი კიმონოში გამოწყობილი მივა ოლიმპიურ კომიტეტთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული