საქართველოს ძიუდოისტთა საოლიმპიადო გუნდში გაურკვევლობაა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები 7 ივლისს დაბრუნდა ევროპიდან, სადაც ჯერ ჩეხურ ნიმბრუკში, შემდეგ კი ესპანურ კასტელდეფელსში ევროპული ფედერაციის მიერ მოწყობილ საწვრთნელ კემპებში მონაწილეობდა.

გუნდის ავსტრიელ თავკაც პეტერ ზაიზენბახერს ოფიციალურად ჯერაც არ დაუსახელებია ოლიმპიადის მონაწილენი იმ სამ წონით კატეგორიაში, სადაც ორ-ორი ლიცენზია გვაქვს, თუმცა კულუარული ხმებით 60-ში ბეთქილ შუკვანი იჭიდავებს, 100-ში - ლომერ ჟორჟოლიანი, ხოლო მძიმეში - ადამ ოქრუაშვილი, თუმცა ასევე კულუარული ხმებით, 100 კილოგრამთან დაკავშირებით ჯერაც მიდის განსჯა.

შეგახსენებთ, რომ მათ ამ წონებში კონკურენციას, შესაბამისად, ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ამირან პაპინაშვილი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე და ევროპის მესამე პრიზიორი ზვიად ხანჯალიაშვილი უწევდნენ. ვიმეორებთ - ეს მხოლოდ მოარული ხმებია, გუნდის შემადგენლობას კი ზაიზენბახერი ოფიციალურად უახლოეს საათებში განაცხადებს.

შესაძლოა, ეს 7 ივლისსაც გააკეთოს, რასაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში არ გამორიცხავენ. ყოველ შემთხვევაში, სოკ-ს გუნდის შემადგენლობა ამ დღეს უნდა აცნობონ.

აქვე შეგახსენებთ, რომ დანარჩენ ოთხ წონაში თამაშებში მონაწილეობა განაღდებული აქვთ ლაშა შავდათუაშვილს (66), ნუგზარ ტატალაშვილს (73), ავთანდილ ჭრიკიშვილსა (81) და ვალერი ლიპარტელიანს (90).

გუნდი თბილისში დიდხანს არ დარჩება - ორშაბათს, 9 ივლისს დილით უკვე ბორჯომში გაემგზავრება დასკვნით შეკრებაზე. ლონდონში ძიუდოისტთა გუნდი 25 ივლისს გაფრინდება, 28-დან კი ყოველ დღე თითო მათგანი იჭიდავებს 60 კილოგრამიდან მოყოლებული, მძიმე წონით დამთავრებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული