კედელაშვილი დაგვაკლდა

AutoSharing Option

ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები დანაკლისით გაემგზავრა მოსკოვში, "დიდი მუზარადის" ტურნირზე - გუნდს არ გაჰყოლია ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი (73). როგორც ამბობენ, მიზეზი ბოლო ვარჯიშებზე მიღებული ტრავმაა. ამდენად, დღეს და ხვალ მოსკოვში ამირან ტოტიკაშვილის ხელმძღვანელობით დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, პაატა მერებაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური, დავით ქევხიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი (+100) იჭიდავებენ. ამათგან დღეს "მეგასპორტის" სასახლის
არენაზე 60, 66 და 73-ის ფალავნები
გავლენ, დანარჩენები კი ხვალ იასპარეზებენ.

მოსკოვური ტურნირი ერთ-ერთია ამ რანგის ოთხი ტურნირიდან, რომელთაგანაც პარიზისა და რიო დე ჟანეიროსი უკვე ჩატარდა, რიგში კი მოსკოვისა და დეკემბერში გასამართი ტოკიოსია, რომელსაც უფრო ძიგორო კანოს მემორიალად იცნობენ. გეტყვით იმასაც, რომ ეს ტურნირები სალიცენზიოა და საკმაოდ ხვავრიელადაც იძლევიან ჩასათვლელ ქულებს - ჩემპიონი 300 ქულას იღებს, ვერცხლის პრიზიორი - 180-ს, ბრინჯაოს მედალოსნები - 120-ს, მეხუთეზე გასული - 60-ს და ა.შ. ჩვეულებრივ, ამ რანგის შეჯიბრებათა საპრიზო ფონდად 150 ათასი დოლარია დადგენილი, მაგრამ ორგანიზატორები ხშირად საკუთარი ინიციატივით ამატებენ თანხას. ასეა ამჯერადაც და რუსებმა საპრიზო ფონდი 154 ათას დოლარამდე გაზარდეს. აქედან ჩემპიონისთვის 5 ათასი დოლარია განსაზღვრული, მომდევნო ადგილებზე გასულებისთვის, შესაბამისად, 3000 და 1500-1500 დოლარი.

ამ ტურნირმა უკვე მოხსნა რეკორდი მოასპარეზეთა მხრივ - მასში 54 ქვეყნის 500 ათლეტი გამოდის უკლებლივ ყველა კონტინენტიდან. მონაწილეთა შორის 33 ევროპული ქვეყანაა, 10 - აზიური, 4 - ამერიკული, 5 - აფრიკული და 2 ოკეანეთის რეგიონული ფედერაციებიდან. სარეკორდოა მოჭიდავეთა რაოდენობაც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟთა შორის - 53 სპორტსმენი! ამ შეჯიბრების სიძლიერეს ხელსაყრელი კალენდარიც განაპირობებს - იგი ბოლო სასტარტო ტურნირია სექტემბერში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ამიტომ მოსკოვში უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა. არანაკლებ ძლიერი, ვიდრე ევროპის ან მსოფლიოს პირველობაზე.

მართალია, საფრანგეთს, გერმანიას, სამხრეთ კორეას და კიდევ ზოგიერთს აკლია რამდენიმე წამყვანი ძიუდოისტი, მაგრამ მარტო ის რად ღირს, რომ მოსკოვში ექვსი  ოლიმპიური ჩემპიონი იჭიდავებს როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შეჯიბრებაში - გერმანელი ოლე ბიშოფი (81), ჩვენი ცირეკიძე, მონგოლი ნაიდან ტუვშინბაიარი (100), აზერბაიჯანელი ელნურ მამედლი (81), იაპონელი მაკი ცუკადა (+78) და ჩინელი ხიული იანგი (78). საფრანგეთიდან იქნებიან ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონი  ბენჟამინ დარბელე (73), მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი სელინ ლებრუნი (78), იგივე ტიტულების მფლობელი ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი (60), ჰოლანდიიდან გამოვლენ ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ბრინჯაოს და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორები ჰენკ გროლი (100), ელიზაბეტ ვილებორდსი (63) და ედიტ ბოსხი (70). ბრაზილიიდან ჩამოდიან მსოფლიოს ჩემპიონი ლუსიანო კორეა (100), ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი ფლავიო კანტო (81) და ასევე ოლიმპიური მედალოსანი ლეანდრო გილეირო (81), მონგოლი მსოფლიოს ჩემპიონი ცაგანბაატარ ხაშბაატარი (66), აზერბაიჯანელი ელხან მამედოვი (90) და სხვები. ცხადია, უძლიერესი გუნდით არიან რუსებიც. იაპონელებს იქნებ მყვირალა ვარსკვლავები არ ჰყავთ, თუ მსოფლიოს პრიზიორ ტაკამასა ანაის (100) არ მივიჩნევთ, მაგრამ მოსკოვში ჩაიყვანეს ყველა უძლიერესი, ვინც კი წლეულს წარმატებით ჭიდაობს.

გუშინ გამართულმა წილისყრამ ჩვენებურთა პირველი მეტოქეები გამოავლინა. დღეს 60-ში პირველ წრეში ორივე ჩვენებური ისვენებს, პაპინაშვილს კი მეორეში, შესაძლოა, რუსთა ნაკრების წევრი რობერტ მშვიდობაძე შეხვდეს. პირველ წრეში მერებაშვილიც ისვენებს, მეორეში კი ირანელ მოვსენ გაფარს შეხვდება. ქარდავა პირველივე წრეში ჭიდაობს და ბერძენთა ქართველ ლავრენტის ალექსანიდისს, იგივე თემურ გივიაშვილს ეპაექრება. ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი მესამე პრიზიორი ტატალაშვილიც თავიდანვე იჭიდავებს საკმაოდ გამოცდილ ირანელ ზაქარია მორადისთან. რაღაც უცნაური წილისყრით, წიკლაური პირდაპირ მესამე წრიდან ჩაებმება ტურნირში, მანამდე კი ორი შეხვედრის გამართვას დაელოდება, სადაც მისი მეტოქე გაირკვევა.

იმათგან ძლიერი და ცნობილი არავინაა, თუმცა ბადის ამავე ნახევარშია რუსთა შარშანდელი ტრიუმფატორი, ევროპისა და მსოფლიოს პირველობების მომგები ივან ნიფონტოვი. ქევხიშვილი მეორე წრეში ყაზახ ისლამ ბოზბაევს ხვდება, ამათ შორის გამარჯვებულს კი ბრიტანელი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ევან ბარტონი ელოდება. ლიპარტელიანი ვერა და ვერ ასცდა ილიას ილიადისს, ანუ ჯარჯი ზვიადაურს. ჩვენებური ტურნირში მეორე წრიდან ებმება ბელარუს ალექსეი სტეფანკოუსთან შეხვედრით, ამათში მოგებულს კი, შესაძლოა, ილიადისი შეხვდეს, თუ იმანაც გააღწია იქამდე, ანუ ერთი ბრძოლა მოიგო. ბოდაველი ლატვიელ აიგარს მილენბერგს დაეჭიდება. პირველი მეტოქე ცირეკიძესაც ნაცნობი ეყოლება - მეორე წრეში ლატვიელ ეუგენიუს ბოროდავკოს ხვდება, ვისაც ივნისის დამდეგს მადრიდში ფინალში მოუგო.

მოვლენათა ლოგიკური განვითარების შემთხვევაში ცირეკიძეს მეოთხედფინალში ანაი უნდა შეხვდეს. ხოლო ბადის ამავე ნახევარში არიან ყაზახი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაქსიმ რაკოვი და კორეაც, ოღონდ მათი გზებიც მეოთხედფინალში იკვეთება. ჟორჟოლიანი პირველ შეხვედრას ირანელ ჯავად მაჰჯუბთან გამართავს. გუჯეჯიანი პირველ წრეში რუს სერგეი პროხოვს ხვდება, ოქრუაშვილი კი ამ ეტაპზე ისვენებს და რუს სოსლან ბოსტანოვსა და ფრანგ მსოფლიოს პრიზიორ პიერ რობინს შორის მოგებულს დაელოდება.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული