ძიუდო (81 კგ).
დაიბადა: 1991 წლის 18 მარტს გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში.
ახალგაზრდებში ევროპისა (2010) და მსოფლიოს (2010) ჩემპიონი, ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი (2009); უფროსებში გუნდურში ევროპის ჩემპიონი (2012) და მესამე პრიზიორი (2011); საქართველოს ბრინჯაოს მედალოსანი (2010), საერთაშორისო ტურნირების 4-გზის გამარჯვებული.
მწვრთნელი: გურამ მოდებაძე
დებიუტანტი
ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოისტთა ნაკრების კიდევ ერთი დებიუტანტი და ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი წარმომადგენელია.
მან სახელი ახალგაზრდულ ნაკრებში გაითქვა, მისი კარიერის პიკად კი ჯერჯერობით 2010 წელიწადი რჩება, როცა 20-წლამდელთა შორის დუბლი შეასრულა -
აი, მსოფლიოზე კი ნამდვილი გმირობა შემოგვთავაზა - სხვებთან ერთად ორ იაპონელსაც დამაჯერებლად მოუგო, ცხადია, მთავარი არა იაპონელთა ფაქტორი, არამედ მისი ჭიდაობის მაღალი ხარისხი იყო.
ჭრიკიშვილმა ფინალიც და ის ჩემპიონატიც მშვენიერი გდებით დაასრულა - დამთავრებამდე ორიოდე წამით ადრე ვა-ბანკზე წასული კიტანო ჯიქურ მიახტა ჩვენებურს, რომელიც თავიდანვე მხარმარჯვნივ დაუდგა გამოქცეულ მეტოქეს და კისრულით ჰაერში ისეთი სალტო შემოახაზინა, ლამის ტატამის მიღმა გადააგდო.
ეს იყო ძალიან ლამაზი, უფრო დადგმული შოუსთვის განკუთვნილი გდება, თუმცა რისკიანიც, მაგრამ აზრიანი ჭიდაობით გამორჩეული ქართველი თავიდანვე შესაძლო კონტრშეტევის მოსაგერიებლად დადგა.
ჭრიკიშვილი მოაზროვნეთა კატეგორიას მიეკუთვნება - ტატამზე ფიქრობს, უშუალოდ ჭიდაობის მიმდინარეობისას ცვლის სტილს ვითარებიდან გამომდინარე.
ბუნებრივია, წინასწარ არ ვიცით, რას იზამს ჭრიკიშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე, მაგრამ წილი უკვე ნაყარია და მის შანსებზე საუბარი კი შეიძლება. ალბათ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას გაუმართლა, რადგან განუთესავს ბევრად ძნელი ბადეც შეიძლებოდა შეხვედროდა.
ახლა კი განთესილთაგან მასთან ყველაზე ახლოს ამერიკელი ტრევის სტევენსია. ამერიკელი ნამდვილად არაა წონის ფავორიტი - მან რეიტინგში ასე მაღალი ქულები ძირითადად პანამერიკულ და შედარებით დაბალი რანგის შეჯიბრებებში დააგროვა. ჭრიკიშვილი სტევენსს მხოლოდ ერთხელ შეხვდა და ისიც მოუგო - 2010-ში ძიგორო კანოს მემორიალზე.
ჩვენებურის პირველი მეტოქე ხორვატი ტომისლავ მარიჯანოვიჩია. ჭრიკიშვილის მხარეს ძლიერთაგან გილეირო აღმოჩნდა, ოღონდ მას მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"