ნუგზარ ტატალაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა [+VIDEO]

AutoSharing Option
30 ივლისს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა (73) - კორეელ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანსა და მსოფლიოს რეიტინგის ლიდერ კი-ჩუნ ვანგთან იუკოთი დამარცხდა.

ჩვენებურს წილისყრამ არ გაუმართლა, როცა წონაში ყველაზე ძლიერი ერგო მეტოქედ.

ტატალაშვილი კორეელს აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა. ორივე ორთაბრძოლა პარიზში გაიმართა - პირველად იქაურ "დიდ მუზარადზე", მეორედ - მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე. ქართველმა ორივეჯერ მედგარი ბრძოლა გაუმართა აზიელს და იოლად არაფერი დაუთმია, თუმცა ვერც გამარჯვება გამოჰგლიჯა ხელიდან.

ახლანდელი ორთაბრძოლაც ასე წარიმართა
- ტატალაშვილმა თითქოს არც ახლა დაუთმო ბევრი. კორეელმა თითქოს აშკარა უპირატესობა ვერ მოიპოვა და მინიმალურ ქულას დასჯერდა, მაგრამ მთელ შეხვედრას ის აკონტროლებდა, დომინირებდა და ჩვენებურს ერთი შანსიც არ ჰქონია.

შეხვედრის შუაწელში ვანგმა მყარად აღებული ჩავლებიდან შედეგიანად გამოცელა ქართველი და შემდეგ წრეში გავიდა, ტატალაშვილი კი შეჯიბრებას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოში 4 წარმომადგენელი დარჩა. 28 ივლისს ოლიმპიადას ბეთქილ შუკვანი გამოეთიშა, ხოლო 29 ივლისს ქართულ დელეგაციას პირველი მედალი 20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა მოუპოვა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

30 ივლისს საქართველოს ოლიმპიადაზე კიდე ორი ქართველი წარადგენს. ჩოგბურთელები ანა ტატიშვილი და მაკა ჩახნაშვილი წყვილთა ბადეში იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული