ავთანდილ ჭრიკიშვილი - საკუთარი ბედის მჭედელი

AutoSharing Option
31 ივლისს ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთაგან ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) თბილისის დროით 13:25 სთ-ზე იასპარეზებს, რომელიც პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩს შეხვდება.

განუთესავ ქართველს წილისყრამ მეტ-ნაკლებად გაუმართლა, რადგან საწყის ეტაპზე მასავით განუთესავი მეტოქე ერგო.

თავისუფლად შეიძლებოდა, იქ არა ხორვატს, არამედ რომელიმე გამოკვეთილ ლიდერს შეხვედროდა, როგორც ეს ნუგზარ ტატალაშვილს (73) და ადამ ოქრუაშვილს (+100) მოუვიდათ.

გამართლებაა ისიც, რომ განთესილთაგანაც ყველაზე ადრე ამერიკელი ტრევის სტევენსი თუ შეხვდება და არა უფრო ძლიერი (ასეთი კი რამდენიმეა).

თან, წონის ორი გამოკვეთილი ფავორიტიდან მის მხარეს
ბრაზილიელი ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი და მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ლეანდრო გილეირო მოხვდა და არა მსოფლიოს ზედიზედ ორგზის ჩემპიონი, პეკინის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ჯაე-ბუმ კიმი, რომელიც ბრაზილიელზე ძლიერი გვგონია - სამივე პირადი შეხვედრა მოუგო მას. აქედან ერთი - მსოფლიოს პირველობის ფინალში 2010 წელს.

თუმცა ისიც საკითხავია, რამდენად გაივლიან ამ გზას ფავორიტები... მაგალითად, სტევენსს პირველ შეხვედრაში დიდი ბრძოლა ელოდება სლოვენიელ ევროპის მედალოსან ალიაზ სედეისთან. ჭრიკიშვილს ამერიკელი დამარცხებული ჰყავს - 2010 წელს ტოკიოში ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე", სედეისა და მარიჯანოვიჩს კი დღემდე არ შეხვედრია.

თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, ჩვენებური განთესილთაგან სტევენსს მერვედფინალში შეხვდება, გილეიროს - მეოთხედფინალში.

ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი თავად ჭრიკიშვილის ხელთაა - ბედმა რაც შეიძლებოდა, გაუკეთა, დანარჩენი კი თავად მასზეა დამოკიდებული.

სახელი რომ არაფერს წყვეტს, ხოლო ოლიმპიადა რომ ხშირად ფავორიტთა სასაფლაოდ იქცევა ხოლმე, ეს 29 ივლისს ლაშა შავდათუაშვილის (66) მაგალითმაც დაადასტურა ამ ძლიერ წონაში ღირსეული გამოსვლითა და გამარჯვებით. მისი მოგება იმის დასტურიცაა, რომ შეჯიბრებას იგებს მომზადება, მონდომება, ჟინი და არა სახელი. შავდათუაშვილმა ისიც გვაჩვენა, რომ თუ კარგ ფორმაში ხარ, მაშინ განთესვა აზრს კარგავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული