ვალერი ლიპარტელიანი - მორიგი ფავორიტის იმედად

AutoSharing Option
1 აგვისტოს ლონდონის "ექსელ-ცენტრში" ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ოლიმპიური იმედი, ძიუდოში ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) ჩვენი დროით 12:30 სთ-ზე იჭიდავებს.

მას ისეთი წილისყრა აქვს, პირველი ორი შეხვედრა უბრძოლველად უნდა მოიგოს - ჯერ ოლიმპიადაზე რეგიონული კვოტით გასულ კამერუნელ დიუდონე დოლასენს ხვდება, მეორეში კი ავსტრალიელი მარკ ანტონი ელოდება.

ავსტრალიელმა თავისით კი მოიპოვა საგზური, მაგრამ, ძირითადად, ოკეანიის პირველობებზე და შედარებით სუსტ ტურნირებზე გამოსვლით. ლიპარტელიანი მათ ჯერ არ შეხვედრია, თუმცა დაგვეთანხმებით, ამ პაექრობებში არც რამე პრობლემა უნდა შეექმნას.

ვფიქრობთ, მას გასახურებლად კარგი მეტოქეები არგუნა
ბედმა. ეს კი მართლაც სჭირდება, ვინაიდან მესამე წრის სავარაუდო მეტოქეთა შორის კუბელი მსოფლიოს მედალოსანი ეშლი გონსალესიცაა. ის ჩვენებურს მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდება. იქამდე მისასვლელად კი ჯერ სერბი დმიტრი გერასიმენკო უნდა დაამარცხოს.

თუმცა ლიპარტელიანს ვინც უნდა შეხვდეს იქ, ნახევარფინალამდე ერთი სერიოზული შეხვედრის გამართვა უწევს და ეს უნდა მოიგოს! ჩვენებური კუბელს ორჯერ შეხვდა და ერთხელ მოუგო - 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. სამაგიეროდ, წლეულს პარიზის "დიდი მუზარადის" მეოთხედფინალში დამარცხდა, ოღონდ სეზონის დასაწყისი იყო, როცა ქართველს ჯერ კიდევ ჩავარდნა ჰქონდა. მას შემდეგ კი მოუმატა.

გერასიმენკოს ლიპარტელიანი მხოლოდ წლეულს ეჭიდავა - თბილისის ტურნირის ნახევარფინალში და საკმაოდ იოლად მოუგო.

ჩვენს მხარეს ორი არასასურველი მეტოქე მოხვდა - გაბერძნებული წონის ლიდერი, მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი და რუსი ევროპა-მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი კირილ დენისოვი, თუმცა კარგია, რომ მათ ნახევარფინალამდე არ ხვდება.

ამათ ლიპარტელიანი კარიერაში ოთხ-ოთხჯერ შეხვედრია და რუსთან ყველა წააგო, ილიადისთან კი თანაბარი ბალანსი აქვს.

როგორც გითხარით, ლიპარტელიანმა ბოლო თვეებში საგრძნობლად მოუმატა და ჩავარდნა დასძლია. იმედია, საბოლოოდაც. შედეგად, მას დაუბრუნდა რწმენა, ფსიქოლოგიურად ბევრად უკეთაა და აკი ევროპის პირველობა ტრიუმფით მოიგო.

იქ მან პირადსა და გუნდურში პირწმინდად დაჯაბნა ორი რუსი, თუმცა დენისოვს არ შეხვედრია.

ლიპარტელიანმა ევროპაზე გუნდის ლიდერის თვისებებიც გამოავლინა, გუნდურში ისეთი პრინციპული დაპირისპირება მოიგო რუს კირილ ვოპოროსოვთან - მისი მარცხის შემთხვევაში მომდევნო შეხვედრაში შანსი არ გვქონდა და საერთო ანგარიშში წავაგებდით, მაგრამ ლიპარტელიანმა დამაჯერებლად დააიპონა რუსი.

მის ჭიდაობაში ტექნიკური სიახლეებიცაა და ფიზიკურადაც მოუმატა. ამიტომ გვეიმედება მისი წარმატებისა - ის წონის ფავორიტია, მსაჯებმა ნამუსზე თუ არ აიღეს ხელი. ცოტა საეჭვოა, საქართველოს მეორე ოქრო ბევრს მოეფონოს გულს.

ცხადია, ლიპარტელიანს მოგება ნამდვილად შეუძლია, მაგრამ ახლა საამისოდ გაცილებით მეტი გარჯა მართებს, ვიდრე აქამდე დასჭირდებოდა.

დღეს ძიუდოს ტურნირი, ტრადიციულად, თბილისის დროით 12.30-ზე დაიწყება, თუმცა ჩვენებური ცოტა მოგვიანებით - 14 საათზე იჭიდავებს. ტურნირს ილიადისი და იაპონელი მასაში ნიშიამა გახსნიან - ბერძენი სლოვენიელ მილან რანდლის ხვდება, იაპონელი - ყირგიზ ჩინგიზ მამედოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვარლამ ლიპარტელიანი: დიდი შანსია, ლონდონის ოლიმპიადიდან ოქროთი დავბრუნდე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული