3 აგვისტოს ჩვენებური თავის კარიერაში პირველ ოლიმპიურ შეხვედრას გერმანელ ევროპის ჩემპიონთან და მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსან ანდრეას ტოლცერთან გამართავს (თბილისის დროით 12:30).
ტოლცერის გარდა, ოქრუაშვილს ამ წონაში კიდევ ერთი დაუძლეველი კონკურენტი ჰყავს - ფრანგი მსოფლიოს ოთხგზის გამარჯვებული ტედი რინერი (თუმცა ეს ყველასთვის გადაულახავია), მაგრ
კაცმა არ იცის, ოლიმპიური ტურნირი რა შედეგით დასრულდება და რას იზამს გერმანელი, მაგრამ ის ამ წონაში სტაბილური მეორე ნომერია - მხოლოდ რინერის ვერ უხერხებს ვერაფერს, თორემ სხვები წინააღმდეგობას ვერ უწევენ. ტოლცერმა მსოფლიოს ის ორი ფინალიც - შარშან და შარშანწინ ფრანგთან წააგო.
ოქრუაშვილი გერმანელს კარიერაში ხუთჯერ შეხვედრია და ყველა წაუგია. მათი ბოლო ორთაბრძოლა წლეულს გაიმართა - 19 თებერვალს დიუსელდორფის "დიდი პრიზის" ფინალში. ამ მეტოქეობამ კი სათავე თბილისში აიღო, როცა 2008 წელს გერმანელმა მსოფლიოს თასის ფინალში დაგვიმარცხა ფალავანი. მეორე პაექრობაც თბილისში შედგა - 2009 წლის ევროპის ჩემპიონატზე, როცა ისინი დამამშვიდებელი წრის პირველ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს.
ოქრუაშვილის ასეთი წილისყრა იმიტომაცაა გულდასაწყვეტი, რომ ბოლო ერთი სეზონის განმავლობაში მან საგრძნობლად მოუმატა. ამის მიზეზად სპორტსმენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის - პეტერ ზაიზენბახერის ვარჯიშებს ასახელებს.
"ბოლო წელიწადნახევარია, ჩემი გეგმით ვვარჯიშობ და დღემდე ვუმატებ. არ ვიცი, როდის გაჩერდება ეს მატება. ესაა მიზანმიმართული, სწორი ვარჯიში, პლუს - თავდადება და თავის გადადება ძიუდოსთვის.
ძალიან დამეხმარა ზაიზენბახერის ვარჯიშებიც, რომელიც ჩემზე კარგადაა მორგებული - მსიამოვნებს მუშაობა და განსაკუთრებით, იმის შეგრძნება, რომ ვვითარდები.
სავარჯიშო მეთოდიკა შეიცვალა, შტანგაც სხვანაირია და ლეიბიც, თუმცა ორივეგან ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. იაპონიაში და უცხოეთში გავლილმა შეკრებებმა ჩემზე დადებითად იმოქმედა.
იქნებ ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ მძიმე წონა სპეციფიკური წონაა - მას სხვანაირი მომზადება სჭირდება. აქ მეტი გამძლეობა და ძალაა საჭირო. მე ისედაც უფრო ძალისმიერი სტილის მოჭიდავე ვარ და ფიზიკური მომზადება წამადგა", - ამბობს ის.
ოქრუაშვილმა ტექნიკური მხარეც უფრო დახვეწა. შეიძლება ის დიდი ტექნიკით ვერ გამოირჩევა, მაგრამ არც ჩავლებებზე და მეტოქის გაფრთხილებაზე მოჭიდავე ფალავანია, ილეთებსაც აკეთებს და უფრო თვალსასეირო სტილის მიმდევარია.
ამ საკითხზე მისი პასუხი ასეთია: "როცა ფიზიკურად ვითარდები და ძლიერდები, იქ ენერგიის დახარჯვის საჭიროებაც დგება. ბუნებრივია, კარგად მომზადებული სპორტსმენი იმას აკეთებს, რაც შეუძლია".
სალიცენზიო ტურნირების დასაწყისში ოლიმპიადაზე მისი მოხვედრის შანსები არც ისე რეალური ჩანდა - ის არცთუ მცირე სხვაობით ჩამორჩებოდა სალიცენზიო 22-კაციან ზონას, ხოლო უკვე იქ მყოფ ზვიად ხანჯალიაშვილთან სხვაობა კიდევ უფრო დიდი იყო.
საქმეს ლიცენზიების განაწილების ახალი წესიც ართულებდა, რომლის თანახმადაც, სპორტსმენი აუცილებლად უნდა შესულიყო იმ 22 კაცში, თორემ ეროვნული ფედერაცია ლიცენზირებულს ამ ზღვარს მიღმა დარჩენილით ვერ შეცვლიდა. თუმცა ოქრუაშვილი ამ სიძნელეებს არ შეუშინდა, ქულებიც აგროვა და კონკურენტსაც გადაუსწრო. თან რამდენჯერმე პირადი შეხვედრაც მოუგო.
"ცხადია, თავიდან სულ სხვა განწყობით ჩავერთე, მაგრამ დროთა განმავლობაში ვატყობდი თავს, რომ ვვითარდებოდი და ასეთი პროგრესი არასოდეს მქონია. ჭიდაობა და ვარჯიში სხვანაირი გახდა და მივხვდი, რომ ოლიმპიადა რეალური ხდებოდა", - თქვა მან.
ოქრუაშვილმა წასვლამდე ისიც გვითხრა, ოლიმპიადაზე გამოჩნდება, რამდენად კარგად ვარ მომზადებულიო. ძალიან ცუდი, ასეთი წილისყრა რომ ერგო. ცხადია, მედალი გარანტირებული არც სხვა შემთხვევაში ექნებოდა, მაგრამ შანსი კი ნამდვილად მიეცემოდა.
ღმერთმა ქნას, ტოლცერთან მომავალ შეხვედრაში ისტორია შემოაბრუნოს.
დოსიე
ადამ ოქრუაშვილი: ძიუდო (+100).
დაიბადა: 1989 წლის 1 იანვარს
საქართველოს ჩემპიონი (2011), ორგზის ვერცხლისმედალოსანი (2007, 2010) და მესამე პრიზიორი (2009); ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში (2006); ევროპის ჩემპიონი გუნდურში (2012) და მესამე პრიზიორი (2006); საერთაშორისო ტურნირების 4-გზის გამარჯვებული, 5-გზის ვერცხლის და 4-გზის ბრინჯაოს მფლობელი.
მწვრთნელი: დიმიტრი ოქრუაშვილი.
ჰობი: მანქანები.
დებიუტანტი
ადამ ოქრუაშვილის ოქროს გერმანელი აეფარა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"