ბრჭყალებში მოთავსებული ფრაზა გრამატიკურად შესაძლოა, არასწორია, მაგრამ ერთი კეთილი ადამიანის საყვარელი გამონათქვამია და ბრჭყალებში ჩასმის შემთხვევაში შეცდომადაც არ უნდა ჩაითვალოს.
ნათესავი მყავს სოფელ კავთისხევიდან (გიორგი შატბერაშვილის მშობლიური ალაგიდან), რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ სიყოჩაღის ეტალონია. ერთხელ მასთან ერთად ბაღს ვბარავდი, გამასწრო, ორჯერ მეტი სამუშაო შეასრულა და რომ დაასრულა ხალისით თქვა - "ეგ არი და გორი ციხე".
ამ ფრაზას როდის ამბობს კარგად
პასუხისთვის საქართველოს ისტორიის გაცვეთილ ეტრატს უნდა გადავავლოთ თვალი: ჩვენი ქვეყანა უძველესი დროიდან სხვადასხვა ეროვნებისა და რჯულის წარმომადგენელთა სარბიელს წარმოადგენდა.
სიტყვა "სარბიელის" ხსენებაზე დღეს ან სპორტული გაზეთი, ან სპორტული ასპარეზი წარმოგიდგებათ, თუმცა ძველად სპორტი ბრძოლა იყო, სისხლიანი ბრძოლა. რომაელები, სპარსელები, ჰუნები, მონღოლები, თურქები, რუსები, ლეკები...
მოკლედ, ვის არ უბრძოლია არენაზე სახელწოდებით "საქართველო". მათ გორის ციხეც აუღიათ, რის შედეგადაც ქვეყანა წელში გაუწყვეტიათ. ამ სტრატეგიული ობიექტის დაბრუნებისთვის ქართველებს ბევრი სისხლიც დაუღვრიათ და ალბათ, პირველად ერთმა რიგითმა მეომარმა, ციხეზე დროშის აფრიალების შემდეგ წარმოთქვა: "ეგ არის და გორის ციხეო".
დღეს აღარ ხმალაობენ, დროშის აღმართვისთვის სხვანაირად ომობენ. აი ისე, როგორც გორელმა ლაშა შავდათუაშვილმა იბრძოლა...
ლონდონში, ძიუდოისტთა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მონაწილე ყველა სპორტსმენის დროშა ლამაზად დაკეცილი იდო ოლიმპიურ კარადაში. მთელი მსოფლიოს დასანახად იმ ქვეყნის სიმბოლო აფრიალდებოდა, რომელის წარმომადგენელი სპორტსმენიც ერთდღიან ომს მოიგებდა.
პირველობაზე პრეტენზიას 44 მეომარი აცხადებდა, მონღოლიდან დაწყებული, პაპუასით დამთავრებული. 20 წლის ქართველ შავდათუაშვილს მეტოქეებად მებრძოლი ერის სპორტსმენები ერგო.
მას ჯერ ინდიელთა შთამომავალი, ინკების მეზობელი ჩილელი ალერხანდრო ზუნიგა ხვდა წილად... იპონი!
მეორე მოწინააღმდეგე ფრანგი იყო (დავიდ ლაროსე), მთლად გალების წარმომავლობისა არა, მაგრამ... მაინც იპონი.
მესამედ, ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი იმპერიის მეპატრონე ბრიტანელი ჯარისკაცი, კოლინ ოატსი შეხვდა... მესამედ იპონი!
შავდათუაშვილის მეოთხე მოწინააღმდეგე იაპონელი სამურაი მასაში ებინუმა გახლდათ.
ახალციხელ ნათესავს აქვს მოყოლილი: მე-19 საუკუნეში რუსეთში, კამჩატკაზე სამურაები გადმოსულან. მათთან შებრძოლება ვერავის გაუბედავს გარდა ერთისა, რომელმაც საკუთარი ხმლით ერთმანეთზე მიაწყო ნაწრთობი სამურაები.
იგი ხევსური ყოფილა, რომლის გმირობის ამბავი რუსეთის უკუდურეს აღმოსავლეთში დღეს ლეგენდად დადის.
ზურაბ ზვიადაურმაც სწორედ ძიუდოს ფუძემდებელი ქვეყნის შვილი, იაპონელი დაამარცხა 2004 წლის ოლიმპიადის ფინალში. ასე რომ, ქართველები იაპონელებს ტექნოლოგიებით ვერა, მაგრამ ბრძოლაში ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან.
...შავდათუაშვილმა სამურაიც იპონით ბეჭებზე გააკრა.
ფინალში გორელი ახალგაზრდას მეტოქე ჰუნი ატილას შთამომავალი (ინგლისურად უნგრეთს Hungary ჰქვია) მიკლოშ უნგვარი დაუპირისპირდა.
ამჯერად ვერ დავწერთ: "აქაც იპონი", მაგრამ საწყისი აქტიურობის შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქეს ქულებით გაასწრო და უნგრელს დაანახა, რომ თუ მოინდომებდა, მასაც წინამორბედების მსგავსად ააყირავებდა.
სწორედ ამიტომ 32 წლის უნგრელი ბოლო წამებამდე ფრთხილობდა. სიფრთხილეს კი სპორტში თავი სტკივა - ბრძოლას ვერ მოიგებ. ...საფინალო სირენამ შავდათუაშვილის ოლიმპიური ჩემპიონობა გვაუწყა. ეს იყო ყველა ქართველისთვის საოცნებო წამები...
ლაშამ, კი ისევე მშვიდად მიიღო გამარჯვება, როგორც თითოეული ორთაბრძოლისას ჭიდაობდა. ბოლოს "სისხლიანი" ხმალი ქარაქშში ჩააგო და ამოისუნთქა: ეგ არის და გორის ციხე!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლაშა შავდათუაშვილი: ამ გამარჯვებას ჩემს ლამაზ სამშობლოს ვუძღვნი...
გამარჯვების გამოძახილი: გორის ძიუდოს ნანატრი გმირი!
ლაშარელა - მეექვსე გაელვება [+VIDEO]