ილია ჩიმჩიური - ოც წელიწადზე მეტი ტატამზე

AutoSharing Option
უკრაინაში მცხოვრები ქართველი ძიუდოისტი, ამჟამად მწვრთნელი ილია ჩიმჩიური ამ დღეებში სამშობლოს თავის შეგირდებთან ერთად სტუმრობდა.

ისინი თითქმის ერთი თვის განმავლობაში გორის ძიუდოს დარბაზში ადგილობრივებთან ერთად ვარჯიშობდნენ. 39 წლის ჩიმჩიური უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი სპორტსმენი და მწვრთნელია. მისი ახლოს გაცნობა, ვფიქრობთ, მკთხველისთვის საინტერესო იქნება.

- წარმოშობით ქარელის რაიონის სოფელ ფციდან ვარ. საქართველოდან წასვლამდე გორში ვცხოვრობდი. ასაკობრივ პირველობებზე არაერთი მედალი მაქვს მოპოვებული. ნაკრებშიც ვიყავი თემურ ხუბულურის მთავარი მწვრთნელობისას.

1994 წელს გადავედი უკრაინაში, კერძოდ, დნეპროპეტროვსკში, სადაც იმ დროს რამდენიმე გორელი ძიუდოისტი (ნადირაძე, ავაზნელი,
ოლგესაშვილი) უკვე აგრძელებდა კარიერას. მაშინ ჩვენ გავერიდეთ აუტანელ სავარჯიშო პირობებს, შეჯიბრებების სიმწირეს.

ახლანდელ მდგომარეობასთან შედარებაც არ შეიძლება. ასე რომ ყოფილიყო, სად წავიდოდი. არადა, იქ ჩავედი თუ არა, დიდი ყურადღება მომაქციეს, უმალვე გადაწყვიტეს კლუბში ჩემი დატოვება, მომიტანეს იქაური პასპორტი, მომცეს ბინა, ხელფასი. გამოვდიოდი 73, შემდეგ 81 კგ წონით კატეგორიაში.

- კარიერა საკმაოდ მრავალწლიანი გამოგივიდა...
- 80-იანი წლების მიწურულიდან 2010 წლამდე დაახლოებით ოც წელზე მეტხანს ვიდექი ტატამზე, თუმცა ახლაც არ დამიტოვებია. ერთი თვის წინათ პოლონეთში ევროპის ჩემპიონი გავხდი ვეტერანთა შორის. მალე კი რიო-დე-ჟანეიროში გამოვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

- რაც აქტიური კარიერისას ვერ შეძელი, ვეტერანებში აპირებ?
- სამწუხაროდ, ახალგაზრდობაში ევროპის ჩემპიონობა მართლაც ვერ შევძელი. ორჯერ მესამე პრიზიორი ვიყავი უკრაინის სახელით.

- გარდა ამისა, ათამდე გრანპრის, დიდი სლემის და მსოფლიო თასის გამარჯვებული და პრიზიორი ხარ, თუმცა ოლიმპიადაზე მაინც ვერ იჭიდავე...
- 1996 წელს მშვენიერ ფორმაში ვიყავი. გარდა ევროპისა, "ძიგარო კანოს" ტურნირზეც პრიზიორი გავხდი. მეგონა, ატლანტის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებასაც შევძლებდი. მაშინ უკრაინაში ახალგადასულმა, ვიდრე ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრე და სალიცენზიო შეჯიბრებაში ჩავერთე, სხვებმა ქულებით გამისწრეს. საბოლოოდ მხოლოდ ორი ქულა დამაკლდა ლიცენზიამდე.

2000 წლის ოლიმპიადის წინ შიდა ასპარეზზე უშუალო კონკურენტს, გენადი ბელოდედსაც ვაჯობე, მაგრამ სიდნეიში მაინც არ წამიყვანეს.

მაშინ გამოჩნდა, რომ, მართალია, უკრაინაში პატივს სცემენ ქართველებს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში არჩევანს მაინც უკრაინელებზე აკეთებენ. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ოცნებაზე კი 2006-2008 წლებში ორწლიანმა დისკვალიფიკაციამ, რაც ნაკრების ექიმის დაუდევრობამ გამოიწვია, ამაღებინა ხელი.

- რატომ, რა მოხდა?
- ექიმმა მუხლის ტკივილისას ჩემთვის უცნობი ისეთი გამაყუჩებელი ნემსი გამიკეთა, რაც თურმე დოპინგად ითვლებოდა.

- შენს წონაში არაერთ, მსოფლიოში წამყვან ძიუდოისტს შეხვედრიხარ. ვისთან გამარჯვებით ამაყობ?
- დამარცხებული მყავს ისეთი მოჭიდავეები, როგორებიც არიან ოლი ბიშოპი (გერმანია), ჟულომ ელმონტი (ნიდერლანდები), მურად რაჯაბლი (აზერბაიჯანი), რომან გონტიუკი (უკრაინა), ვიტალი მაკაროვი (რუსეთი). გულდასაწყვეტია, რომ მათთან მოგების შემდეგ გაცილებით სუსტთან ხშირად წამიგია. ალბათ, მოტივაციას ვკარგავდი და იმიტომ.

დნეპროპეტროვსკის კლუბში კი ბევრი ვარსკვლავი მყოლია თანაგუნდელად. მათ ჩვენი კლუბი ლეგიონერის სტატუსით იწვევდა. სხვათა შორის, საქართველოს იმხანად ღირსეულად წარმოადგენდა ძიუდოს კლუბი "საგარეჯო". ცუდია, რომ ასეთი კლუბები ახლა აღარა არის საქართველოში.

- უკრაინის სახელით ასპარეზობისას საქართველოს ნაკრების წევრებსაც შეხვედრიხარ. რას განიცდიდი ამ დროს?
- ყოველთვის დაძაბულობის განცდა მეუფლებოდა იმის გამო, რომ ვჭიდაობდით თანამემამულეები და ის, ჩემგან განსხვავებით, საკუთარი ქვეყნის ღირსებას იცავდა.

საერთოდ კი, მიჭიდავია დავით და მინდია ბოდაველებთან, გოჩა ბაინდურაშვილთან, ხვიჩა ხუციშვილთან, გიორგი მამრიკიშვილთან. იყო მოგებაც და წაგებაც. ყველაზე მეტად კი თბილისის ტურნირის ტატამზე ვღელავდი ხოლმე.

შინ შეძლებისდაგვარდ ხშირად ჩამოვდიოდი, მაგრამ მიუხედავად პირადი მწვრთნელის არაერთგზის თხოვნისა, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოსასვლელად სწორედ განცდების გამო დიდი ხანი თავს ვიკავებდი. ამასთან შესაგუებლად ათ წელზე მეტი დამჭირდა. 2003 წელს, პირველივე ასპარეზობისას, ფინალისტი გავხდი, გადამწყვეტი შეხვედრა იაპონელ მარუტოსთან დავთმე.

- გორში ძიუდოისტების ჩაყვანა, ალბათ, შენი ინიციატივა იყო.
- კლუბში, სადაც ვვარჯიშობდი, ახლა თავად ვზრდი ძიუდოისტებს. მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ვალუევიჩმა ახალგაზრდა და უფროსი ასაკის სპორტსმენები ჩამაბარა. გორში ახალგაზრდები ჩამოვიყვანე. გაისად მინდა, უფრო მრავალრიცხოვანი შემადგენლობით ვესტუმრო მშობლიურ ქალაქს. ერთობლივი წვრთნა ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლოა.

დავით ასპანიძის ფოტო
მკითხველის კომენტარები / 2 /
უფალმა გაზარდოს სახელოვანი მოჯიდავეები ყოველტვის ვიამაყებტ ტქვენიტ, სოფელი ფცა იყო და იქნება ყოველტვის კარგ მოჯიდავეებიტ დაკომპლექტებული ,







,
gela chimchiuri
19:27 08-04-2013
0
მოგესალმებით. მიხარია ილია ჩიმჩიურის წარმატებები.ვამაყობ, რომ იგი წარმოშობით ქარელის რაიონის სოფელ ფციდან არის. ეს სოფელი გახლავთ ჩემი მშობლიური სოფელი. ამ სოფელმა ბევრი ცნობილი მოჭიდავე გამოზარდა.
მთვარისა ფუხაშვილი-კევლიშვილი
13:31 13-09-2012
0

სიახლეები პოპულარული