ქართველი ძიუდოისტები მონღოლეთის ტურნირზე ვერ იასპარეზებენ

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტებისთვის სეზონის უმთავრესი ნაწილი რომ დასრულდა, უკვე გაცნობეთ.

მართალია, მსოფლიოს თასები თუ სხვა რიგის შეჯიბრებები კვლავაც ტარდება, მაგრამ უფულობის გამო ფედერაცია ვერავის აგზავნის.

ამას წინათ ვწერდით, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) გერმანიაში გასაკეთებელი თიაქარის ოპერაციის გამო სექტემბრის ბოლოს იტალიურ ლიდო დი ოსტიაში დანიშნულ საწვრთნელ კემპში არ მიიღებდა მონაწილეობას.

ახლა გაირკვა, რომ იქ არც ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) გამოვა - იმის მიუხედავად, რომ ორივე ტურნირის ოფიციალურ საიტზე სავარაუდო მონაწილეთა შორის სახელდება, ევროპულ ფედერაციას ჩვენებურები ოფიციალურად არ მიუწვევია.

შეგახსენებთ,
რომ ამ კემპს სწორედ ევროპული ფედერაცია აფინანსებს, ის იხდის სპორტსმენთა მგზავრობის, ადგილზე ცხოვრებისა თუ ყველა სხვა ხარჯს, ქვეყნიდან კი მხოლოდ ორ კაცს იწვევს.

მიწვეულთა სიას ორგანიზატორი ქვეყანა ევროპულ ფედერაციას უთანხმებს, რომელიც მერე ეროვნულ ფედერაციებს აცნობებს მათი სპორტსმენის მიწვევის შესახებ. რატომღაც თბილისში სწორედ ეს მიწვევის დამადასტურებელი ფურცელი არ მოსულა და ლიპარტელიანიც ამიტომ ვერ მიდის ოსტიაში.

უახლოეს უქმეებზე - 8-9 სექტემბერს მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში მსოფლიოს თასი ტარდება, სადაც თავიდან საკუთარი ხარჯით სპეციალურად მიიწვიეს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი გია თენაძე ორ შეგირდთან ერთად.

თენაძეს იქ ნუგზარ ტატალაშვილისა (73) და უშანგი კოკაურის (+100) წაყვანა სურდა, მაგრამ ეს ვარიანტიც ჩაიშალა მონღოლური მხარის მიზეზით. ჯერ იყო, სტამბული-პეკინი-ულან ბატორის მარშრუტზე უკეთესი რეისი ვერ მოიძებნა, ანუ ჩვენებს ლამის მთელი კონტინენტის წინ და უკან გადასერვა უწევდათ, რაც ხარჯებს უზომოდ ზრდიდა; საბოლოოდ კი მონღოლებმა დაფინანსებაზე უარი განაცხადეს. თან ამასობაში ტატალაშვილსაც გერმანულ კლუბში უხმეს...

ამდენად, უახლოეს ხანში ჩვენი ძიუდოისტები მხოლოდ ორ მნიშვნელოვან ტურნირში გამოვლენ - 21-23 სექტემბერს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატულ პორეჩში ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს, 27-28 ოქტომბერს კი ეროვნული ნაკრები ბრაზილიის ქალაქ სალვადორ დე ბახიაში მსოფლიოს გუნდურ პირველობაში მიიღებს მონაწილეობას.

ბრაზილიაში წასაყვანი შემადგენლობა მოგვიანებით გაირკვევა, როცა ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ და ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხსაც ნათელი მოეფინება. პორეჩში კი ჩვენგან მხოლოდ ბიჭების ნაკრები გამოვა. გოგოებში ამჯერად მონაწილე არ გვეყოლება.

მიზეზ-მიზეზ ტატამი განზე რჩება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული