პარალიმპურ თამაშებზე უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ოქრო მოიპოვა

AutoSharing Option
ლონდონში გრძელდება პარალიმპური თამაშები, სადაც თქვენს ყურადღებას ძიუდოისტთა ტურნირს მივაქცევთ - 66 კილოგრამში უკრაინის სახელით დავით ხორავამ გაიმარჯვა.

ლონდონში მან სამი შეხვედრა გამართა და სამივეში იპონით იმარჯვა - ფინელ იანი კალუნკისთან, ესპანელ დავიდ გარსია დელ ვალესთან და ფინალში ჩინელ ჭაო ჰუსთან. ხორავას მედალი პირველი ოქრო იყო მთლიანად უკრაინის დელეგაციისთვის ამ თამაშებში და ფეხბედნიერიც გამოდგა - მომდევნო დღეს მხოლოდ ძიუდოში იქაურებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს.

სხვათა შორის, ხორავა აქტიურად ეხმარებოდა მეგობრებს - დმიტრო სოლოვეის (73) და ალექსანდრ კოსინოვს (81).

"საღამოს გავიმარჯვე,
დღეს კი დარბაზში მოვედი, ვეხმარები მათ მომზადებაში. მინდა, იმათაც მოიგონ ოქროს მედლები. მე მჯერა მათი" - განუცხადა ჩვენებურმა მეორე დღეს უკრაინელ ჟურნალისტებს, როცა მეგობრებს ეხმარებოდა. ჩვენი კოლეგები შენიშნავდნენ, რომ ხორავა ცოტა დაბნეული იყო, ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდა თავის ვარსკვლავურ სტატუსსო.

"მე ძალიან მინდოდა გამარჯვება. ამაზე ფიქრში ღამეები არ მეძინა. შეჯიბრების დღეს ვცდილობდი, არ გავციებულიყავი და შემენარჩუნებინა განწყობა. თან თავს ვიიმედებდი, რომ მე შევძლებდი ამას.

საბოლოოდ ყველაფერი სწრაფად მოხდა და ფინალი ჩქარა მოვიგე. როგორც კი შანსი მომეცა, არ მიფიქრია იმაზე, რა მოხდებოდა ამ შეხვედრის შემდეგ. შესაძლებლობა გამოვიყენე და გავაკეთე გდება, რომელმაც გამარჯვება მომიტანა.

ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი, ბევრი ოფლი დავღვარე, ბევრი შრომა ჩავდე" - იხსენებდა მოგვიანებით თამაშების გმირი.

უკრაინელთა კიდევ ერთი ქართველის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გიორგი ზანთარაიას მსგავსად, დავით ხორავაც წარმოშობით აფხაზეთიდანაა, გალიდან.

"1991 წელს, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, მე პატარა ვიყავი. მახსოვს, ღამე ჩვენს სახლთან როგორ დადიოდნენ ტანკები, სამხედრო ტექნიკა და ისმოდა მათი ხმები. მერე ჩვენი ოჯახი იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა და უკრაინაში წამოვედით, სადაც დეიდაჩემი ცხოვრობდა" - უყვებოდა ხორავა უკრაინულ მედიას.

მისივე სიტყვებიდან ირკვევა, რომ ძალზე პატარას ჰეპატიტი შეჰყრია, რასაც მხედველობის დაქვეითება და ორგანიზმის დასუსტება გამოუწვევია. ექიმებს მშობლებისთვის ვარჯიში ურჩევიათ და მისი წვრთნა ბიძას აუღია საკუთარ თავზე.

ოღონდ ექიმებს ბავშვისთვის დიდი ფიზიკური დატვირთვები აუკრძალავთ, მაგრამ ხორავას დროთა განმავლობაში ვარჯიშის სპეციფიკური მეთოდი დაუმუშავებია, რათა ნაკლები ენერგია დახარჯოს.

დავით ხორავა დღეისათვის მეორე ჯგუფის ინვალიდია, თუმცა ამას პარალიმპურ თამაშებში გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია. მისი ოჯახი - დედ-მამა და ორი და დნეპროპეტროვსკში ოროთახიან ბინაში ცხოვრობს და როგორც თავად თქვა, სახლში მეგრულ დიალექტზე ლაპარაკობენ.

ხორავა - უკრაინელთა პირველი წარმატება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული