ზურაბ კახაბრიშვილი: სასწრაფოდ აგვიშენეთ ბაზები

AutoSharing Option
ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ღრმად ჩახედულია ქართული ნაკრებების შიდა სამზარეულოში.

თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ოლიმპიადებზე თუ მისთვის მოსამზადებელ პერიოდში ის მუდამ იმ ქვაბში ტრიალებს, რომელშიც ოლიმპიური მედლები იხარშება.

ვინ როგორ ემზადება თამაშებისთვის, ვინ როგორი განწყობით გადის არენაზე საასპარეზოდ და რა ხდება კულისებში - ეს ყველაზე უკეთ მან იცის.

ცხადია, ბევრი ისეთი რამეც იცის, რაც საზოგადოებისთვის დაფარულია და ამის გამხელის იმედი არც გვქონდა, თუმცა დღევანდელი ნომრის სტუმრად მასზე უკეთესს ძნელად ვინატრებდით.

მანაც ჩვეულად ხალისით გაიხსენა ოლიმპიადა არა მხოლოდ
სასიხარულო, საწყენი მომენტებითაც და პრობლემებზეც ისაუბრა.

- შავდათუაშვილით დავიწყოთ, როგორი იყო მისი განწყობა შეჯიბრების დღეს, ფინალის წინ, იმის შემდეგ?
- შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ფიქრი, განწყობა ჯერ კიდევ ბრაზილიაში ყოფნისას დაიწყო. მას წონის პრობლემა ჰქონდა და ერთი ვარჯიში გამოტოვა.

თვითონ ისურვა სარბენ ბილიკზე ერბინა. მიზეზი რომ ვკითხე, მითხრა, ახლა რომ დავიწყო დაკლება და მერე შუა გზაზე შევჩერდე, საოლიმპიადოდ გამიჭირდებაო.

უკვე მაშინ დავინახე, რომ ის თამაშებისთვის გონებრივად ემზადებოდა. ცხადია, მის ჩემპიონობაში ყველას მიუძღვის წვლილი, ვინც კი რამე გაუკეთა - მწვრთნელსაც, ფედერაციასაც, სპონსორ-დამხმარეებს, მაგრამ მთავარი მაინც ამ ბიჭის დამსახურებაა.

ბოლო შეკრებაზეც მაოცებდა, იმდენად კარგად ჰქონდა შესწავლილი საკუთარი ორგანიზმი, რა მოუხდა მას და რას სთხოვდა. აქედან გამომდინარე მეუბნებოდა - ზურა, მე მინდა თაფლის ვიტამინები, მე მჭირდება ამინომჟავები, ჟოლოს სიროფი და სხვა... ერთი სიტყვით, პროფესიულ მიდგომას ავლენდა.

ამას სხვებიც აკეთებენ, მაგალითად, გოგშელიძე და მისნაირი გამოცდილი სპორტსმენები, მაგრამ ამ პატარა ბიჭისგან არ ველოდი.

ლონდონში ის არ ფიქრობდა იმაზე, ახლა ამ შეხვედრის მოგებით იმ წრეში გავალ, ამის მერე ეს მოხდება, ის ისე იქნებაო და ამგვარები; ის ყველა ორთაბრძოლას ჭიდაობდა, როგორც საჩემპიონოს, ყველა შეხვედრაში დებდა მაქსიმუმს, ტატამზე გადიოდა გლადიატორივით და ამან გამოიწვია იმხელა წარმატება.

ყველა ორთაბრძოლის შემდეგ მუსიკას უსმენდა, რაც კარგი თვისებაა - ასეთი რამე მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონებზე, ტედი რინერზე, ოლე ბიშოფზე და ამ რანგის სპორტსმენებზე თუ დამინახავს.

მწვრთნელებსაც არ უნდა დავუკარგოთ თავისი. მაგალითად, ფინალის წინ მათ დაავალეს, რომ უნგვარისთვის ჩოქბჯენში ჭიდაობის საშუალება არ უნდა მიეცა, რადგან ამაში ძლიერია. თუ დააკვირდებით ლაშას, როგორ იბრძვის, რომ საქმე აქამდე არ მიიყვანოს.

უნგრელმაც რომ შეხედა, თავის კოზირს ვერ იყენებდა, ფსიქოლოგიურად მოიშალა, ანერვიულდა, რაც შავდათუაშვილმა კარგად გამოიყენა და ბოლოს იქით შეუტია. მას თითი ჰქონდა გაკაწრული, მაგრამ სახვევი შეგნებულად არ დავახვიე - თვითონაც მითხრა, თუ დავიღალე, მაშინ გადამიხვიეო.

შეხვედრის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შევახსენე ეს თითი, ტუჩიც კი გაუსკდა და ფოტოებში სისხლიც ჩანს, მაგრამ იმდენად მობილიზებული იყო, არ უთხოვია დახმარება - ამ შემთხვევაში ხომ უნგვარიც დაისვენებდა, ლაშამ კი ეს არ დაუშვა. ფინალის შემდეგ ის ეროვნული დროშა გადავეცი, რომელსაც ყოველთვის თან ვატარებ.

მიკლოშ უნგვარის კარგად ვიცნობ და ფინალის შემდეგ მითხრა ლაშაზე, კარგი ბიჭიაო, თან თითი თავზე მიიდო და დაამატა, აზროვნებსო.

მან ეს პრესკონფერენციაზე აღიარა. ჩვენებური რეიტინგში ერთ-ერთ ბოლო ნომრად შევიდა, რამაც კარგი საქმე გაუკეთა - მას ფავორიტად არავინ მიიჩნევდა და მასზე არ მუშაობდნენ, აქცენტი უფრო რეიტინგის მოწინავეებზე იყო გადატანილი, მაგრამ ლაშამ დაამტკიცა, რომ რეიტინგის ნომერს და ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, თუ მომზადებული ხარ.

- ექიმის რანგში ყველაზე მეტი ამაგი ძიუდოს ნაკრებზე გაქვთ, თუმცა სპორტის ამ სახეობასთან ბევრად ახლოს ხართ, როგორც ყოფილი ძიუდოისტი, მწვრთნელი და მსაჯი. საინტერესოა, თქვენ რითი ხსნით ძიუდოს ნაკრების ჩავარდნას?
- მე რომ მწვრთნელი ვყოფილიყავი, მზადების დასკვნით ეტაპს სხვანაირად დავგეგმავდი, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ბოლოს ორიოდე წონის ქულების გამო იძულებით გამოვედით რამდენიმე ტურნირში - ბრაზილია, არგენტინა... ამის გარდა, წილისყრამაც და სატურნირო აურამაც დიდი გავლენა მოახდინა (სხვათა შორის, სხვა სახეობებშიც).

საკითხავია, სპორტსმენმა წინასწარ უნდა იცოდეს თუ არა მეტოქის ვინაობა? ვფიქრობ, რომ უნდა იცოდეს და ემზადებოდეს ამისთვის, თორემ ოლიმპიადაზე დილით რამდენჯერმე დავინახე ზოგიერთთა გაოცებული სახე. ვფიქრობ, რომ გუნდს ტატამის, ლეიბის, ჭიდაობის გარდა მრავალფეროვნებაც სჭირდება. მაგალითად, გასეირნება იმ ქალაქში, სადაც ჩასული ხარ საასპარეზოდ, რომ სპორტსმენები ცოტა განიტვირთონ.

1-2 საათი საამისოდ უნდა გამოძებნო და ტვინი დაასვენო იმ საშეჯიბრო აურისგან, რომელიც ასე ძაბავს და ღლის გონებას, სპორტსმენი დარბაზში არ უნდა გამოკეტო.

თუმცა ზაიზენბახერი სწორედ ამგვარი ვარჯიშით გახდა ორჯერ ოლიმპიადის, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი.

მან პირდაპირ თქვა, რომ ქართული მენტალიტეტის არ ესმოდა. ის არც მორწმუნეა და წარმოიდგინეთ, როცა გუნდში შვიდი სპორტსმენიდან ექვსი მორწმუნეა და ეკლესიაში დადის, როცა გუნდში გყავს სტიქაროსანი... კარგი იქნება, მომავალში ამ ფაქტორს თუ გაითვალისწინებენ და ისე შეარჩევენ უცხოელს, როცა ამის საჭიროება იქნება.

ჩვენ თუ ვამბობთ, სადაც ჩახვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო, ჩამოყვანილსაც მოვთხოვოთ ეს. ზაიზენბახერი დიდი პროფესიონალია - მე და ზვიადაურმა მისი პროგრამით წონაც კი დავიკელით, მაგრამ თავის თავში ჩაკეტილი პიროვნებაა. თუმცა ნუ ვიქნებით უმადურები და ბევრი კარგიც გააკეთა.

- დანარჩენები როგორ ხვდებოდნენ მედლისთვის შეხვედრებს?
- გიორგი გოგშელიძით დავიწყებ, რომელმაც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დიდი მობილიზება შეძლო. ვიცოდი, რომ მას ტრავმა ჰქონდა, ოპერაციის საშიშროებაც იყო, მაგრამ არ გავაკეთეთ. მან შეძლო ამ ტკივილის დავიწყება და პროფესიონალიზმიც ესაა.

უბრალოდ, ამერიკელთან დრო არ ეყო მეორე პერიოდში, თორემ პირველი მშვენივრად მოუგო კონტრილეთზე. აი, მეორეში არ მიეცა ამის საშუალება, რადგან მეტოქე ბურთულას დაელოდა, შეცდომა არ დაუშვა.

დაახლოებით ასე მოუვიდა დავით მარსაგიშვილსაც, თორემ არაფრით არ მეგონა, ის თუ ოქროს გარეშე წამოვიდოდა. ვფიქრობ, ვერ შეაფასა მეტოქე, თუმცა მერე თვითონაც მითხრა, როცა ილეთი არ გამომივიდა, ავნერვიულდი, რატომ არ გამოდისო.

ეს ძალიან ცუდია, ამაზე არ უნდა იფიქრო. თუ არ გამოგდის ერთი, კომბინაციაში უნდა გადახვიდე მეორეზე, მაგრამ რაღაც მომენტში გონებაში "გაჭედა".

რევაზ ლაშხმა საკუთარ თავს აჯობა. მან ძალიან სერიოზულ კონკურენტს მოუგო - ჰასან ალიევს, თუმცა ის ზედმეტი წონის, გადაღლის თუ სხვა მიზეზით ცუდადაც იყო. მანუჩარ ცხადაიამ უნგრელთან იმ საბედისწერო მომენტზე მითხრა, იმდენად კარგად მომაჯდა კისრულზე, რომ არ გამეკეთებინა, მთელი ცხოვრება თავს ვერ ვაპატიებდიო.

გარისკა, მაგრამ არ გაუმართლა, თუმცა მერე მაინც შეძლო ბრინჯაოსთვის საჭიდაოდ მობილიზება. საერთოდ, ყველაზე ძნელი ნახევარფინალში წაგებაა - ფინალში გასვლით მედალი გარანტირებულია, იქ მხოლოდ იმისთვის უნდა განაწყო თავი, რომ ოქრო მოიპოვო, თორემ უმედლოდ არ რჩები, ნახევარფინალში წაგების მერე კი არის ხელცარიელი დარჩენის საშიშროება.

სწორედ ამიტომ მეცოდება ვლადიმერ გეგეშიძე, რომელმაც შეძლო მობილიზება და ბრინჯაოსთვის შეხვედრაც მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ წაართვეს ის მოგება. თუმცა მას ნახევარფინალიც წააგებინეს, თორემ მერე ფინალსაც მოიგებდა. ის ძალიან გაზრდილი იყო, როგორც მოჭიდავე და ბევრიც იმუშავა.

როგორც შავდათუაშვილი გახდა სენსაციურად ოლიმპიური ჩემპიონი, ასევე მოულოდნელად უნდა გამხდარიყო გეგეშიძეც, ის იმსახურებდა ამას.

ყაზახთან წაგების მერე მწვრთნელებსაც და ყველას დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის დასაწყნარებლად, თორემ დოპინგზე შემოწმებას არ აპირებდა, იმდენად შეზიზღდა FILA-ს ადმინისტრაცია. არც გაემტყუნება, რადგან არ შეიძლება, ასე არაკაცურად გადაგიწყვიტონ ყველაფერი.

ოლიმპიადა არაა მხოლოდ ერთი ტურნირი, ეს მთელი ცხოვრებაა. როგორც ევერესტს ვერ ადიხარ ერთ დღეში, ვერც ოლიმპიური ჩემოპიონი ხდები ასე უცებ.

ევერესტზე რამდენიმე დღე მიდიან, გზადაგზა ბანაკდებიან, ზოგი ადის, ზოგი - ვერა და წლების მერე ისრულებს ამ სურვილს. გეგეშიძეც ასე იყო - ჭაბუკებიდან და ახალგაზრდებიდან მოყოლებული ტრავმებით და წვალებით მოდის, გერმანიაში ალბერტ გუზბახერთან ორჯერ გავუკეთეთ ოპერაცია და როგორია, როცა ამდენ შრომას წყალში ჩაგიყრიან.

ამბობდა, დისკვალიფიკაცია მომცენ, სულ ერთიაო და დოპინგზე არ გადიოდა, მაგრამ ამას შეიძლებოდა, ბევრად ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მოჰყოლოდა და არათუ სპორტსმენის, მწვრთნელის რანგშიც არ გაეკარებინათ ლეიბისთვის.

როგორც იქნა, დავარწმუნეთ, რომ უნდა ჩაებარებინა ტესტი, თორემ გახსოვთ წინა ოლიმპიადიდან შვედეთში გადასული სომეხ არა აბრაჰამიანის პროტესტი, როცა დაჯილდოებაზე ბრინჯაოს მისაღებად კვარცხლბეკზე არ ავიდა და დისკვალიფიკაციით ხომ დასაჯეს, მედლის დასაბრუნებლად სასამართლოები დასჭირდა.

ვფიქრობ, მისი აგრესია იმავე ბულგარელი იან კოსტადინოვის და სხვათა მიმართ სამართლიანია. მსაჯი ვარ და ვიცი, როგორ აფუჭებენ სპორტსმენებს. გეგეშიძეს ვინმეზე ხელით გაწევა რომ ეკადრა, დარწმუნებული ვარ, მთელი ტრიბუნა გადავიდოდა ლეიბზე მის მხარდასაჭერად, ისე უსამართლოდ მოექცნენ.

- თქვენ ჩვენთვის კიდევ ერთი ემოციური მომენტის უნებლიე მონაწილე გახდით - როცა გოგშელ;იძემ შვილს მიმართა, გვერდით ედექით მას...
- დარბაზის ხმაურში იმ ფრაზის დასაწყისი კარგად ვერ გავიგონე და მეგონა, მე მეუბნებოდა. იმიტომ წამოვარტყი ხელი ბეჭებზე ისე შინაურულად, თუმცა ახლა რომ ვიგონებ, ცრემლები მადგება, მართლა დიდი ემოცია იყო გიორგის იმ სიტყვებში.

გოგშელიძე, ისევე როგორც ემზარ ბედინეიშვილი, რამაზ ნოზაძე, მანუჩარ კვირკველია სპორტის ნებისმიერ სახეობაში მიაღწევდნენ წარმატებას, იმდენად ნიჭიერები არიან.

- ტყვიის სროლასა და მშვილდოსნობაში მარცხი რამ განაპირობა?
- ალბათ, ნინო სალუქვაძის დღე არ იყო ამ ოლიმპიადაზე. ძალიან განიცადა წაგება. სტარტების წინ ძალიან მშვიდად იყო, რაც შეგვეძლო, ყველა გვერდში ვედექით, ვამხნევებდით, მედროშეც იყო და არ ეტყობოდა დაძაბულობა.

თან იმხელა გამოცდილების პატრონია, აქეთ გვასწავლის უკვე. ძალიან გამიკვირდა მისი წაგება. ესებუას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამჯერად ძლიერთან დამარცხდა.

- ძალოსნები და მაჭავარიანის შემთხვევა? მას რაღა მოუვიდა?
- მომხდარი მხოლოდ მისი ბრალი მგონია. ვფიქრობ, მასზე ცუდად იმოქმედა რუსების გამოკლებამ - ნერვიულობისა და სტრესისგან გადაიღალა.

შეიძლება ნაადრევადაც დაიჯერა წარმატება და შტანგასთან როცა მივიდა, ის მისთვის მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა. ყოველ მისვლაზე მობილიზებას მხოლოდ თვალებით აკეთებდა - შტანგის აწევა კი სურდა, მაგრამ ეს ტვინს ცალკე სურდა, კუნთს - ცალკე და ასე შემდეგ, ორგანიზმის მობილიზება კი ვერ გაუკეთა.

არ შემიძლია თურმანიძეზე არ ვთქვა - კარგად ხომ იასპარეზა, ასეთი ღიმილისა და იუმორის პატრონი იშვიათად მინახავს. ცირეკიძეც ნორმალურად გამოვიდა, თუმცა ამ გუნდში სხვებიც არიან კარგი ბიჭები, თუნდაც - ტალახაძე. ვანო გრიქუროვი ტყუილად არ ლაპარაკობს იმედიანად მომავალ ოლიმპიადაზე.

ბრაზილიაში ერთ-ერთი სერიოზული გუნდი გვეყოლება.

- კრივის შემთხვევა სამწუხარო პრეცენდენტია, როცა სპორტსმენს აწონვაზე დააგვიანდა.
- ხანდახან მწვრთნელებმაც უნდა აღიარონ შეცდომა. ვფიქრობ, მათ ის მომენტი გამოეპარათ, რომ ყოველ დღესაა აწონვა.

მე კი გავაფრთხილე, ამისთვის მიექციათ ყურადღება, მისიის ხელმძღვანელი დავით გობეჯიშვილიც ყოველ დღე ატარებდა თათბირებს, მაგრამ ეტყობა, კონკრეტულ გუნდში ორგანიზაციულ საკითხებში გამოუცდელობამ იჩინა თავი.

- ოთხი წელიწადიც მალე გაირბენს და ისევ მოგვიწევს ოლიმპიადაზე წარდგომა. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ქართულ სპორტში უფრო მასშტაბური წარმატების მისაღწევად?
- ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ დამთავრდა ერთი ციკლი და ვიწყებთ მზადებას ახალი ოლიმპიადისთვის, მაგრამ საკითხავია - როგორ ვიწყებთ?

გაუმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გინდ სპორტული მედიცინის და გინდ საშეჯიბრო-გამაჯანსაღებელი არენების მხრივ? ქართული სპორტის წინსვლა საერთო საქმეა - ოლიმპიური კომიტეტის, სახელმწიფოს, ქომაგის, ფედერაციების და საამისოდ ყველამ უნდა გაიღოს თავისი წვლილი.

აუცილებელია სპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, აუცილებლად უნდა გვქონდეს ერთი საწვრთნელი ბაზა ბაკურიანში ანუ მთის რეგიონში, ბორჯომში, სადმე ზღვაზე, დუშეთისა კი მისაღებ სარტყელშია.

რატომ დადიოდა ზაიზენბახერი სავარჯიშოდ უცხოეთში? იმიტომ, რომ იქ ყველაფერი ერთ კომპლექსში იყო თავმოყრილი - შტანგა, საუნა, ჯაკუზი, სარბენი ბილიკი, სამედიცინო ოთახი და ყველაფერი, რაც გვინდოდა ვარჯიშისთვის.

დარბაზიდან გასვლა არ გჭირდებოდა, ყველაფერი იქვე გქონდა, ოღონდ კი გევარჯიშა. ამავე მიზეზით დადიოდნენ ჩვენი მოჭიდავეები წახკაძორში - სომხებმა თანამედროვე ბაზა გააკეთეს.

გვქონდა შემთხვევები, როცა ვინმეს იქნებ ფეხის სტკიოდა ან რამე სხვა სახის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ლეიბზე არ შეეძლო ვარჯიში და სანაცვლოდ, ვთქვათ, აუზზე ვუშვებდით.

სპორტი ამაზეა გათვლილი, რომ კომპლექსურად ერთად გქონდეს საცურაოც, სარბენიც, ტრენაჟორიც, საუნაც, ფიტნესიც, სარეაბილიტაციო ცენტრიც და ყველა საჭირო სფერო. ერთფეროვანი ვარჯიში ანუ მხოლოდ ხალიჩაზე, მხოლოდ ტატამზე, მხოლოდ სარბენ ბილიკზე, რინგზე, ფიცარნაგზე და ასე შემდეგ ღლის ადამიანს, შენაცვლება, მრავალფეროვნებაა საჭირო.

ისიც საკითხავია, რა სახეობებში მოვიპოვებთ რიო დე ჟანეიროში მედლებს? კი გამოჩნდნენ ახლები ცურვაში, ფარიკაობაში და კიდევ რამდენიმე სახეობაში, კარგი გუნდი გვყავს მშვილდოსნობაში, მაგრამ ძირითადად იქაც საჭიდაო სახეობების იმედად დავრჩებით.

არადა, ამ სამ ნაკრებში მაქსიმუმ 21 სპორტსმენი გვყავდეს, ეს კი, ობიექტურად რომ ვთქვათ, საუკეთესო შემთხვევაში 10 მედალია. ის ბაზები იმიტომაც გვჭირდება, რომ გაიშალოს სასელექციო მუშაობა, განსაკუთრებით - რაიონებში.

ამ მხრივ ადგილობრივმა სამსახურებმა უნდა გააქტიურონ საქმიანობა, იქნებ სადღაც, რომელიმე სოფელში ვიღაც კარგად დარბის, ვიღაც კარგად ხტება, მაგრად ისვრის ისარს, კარგი ცხენოსანია, სიმძიმეებს ეწევა, ჯომარდობაშია მაგარი და ნაოსნობაში გამოგვადგეს... მათი მოძებნა, აღმოჩენაა საჭირო.

თან სოფელში გაზრდილ ბავშვს შიშის ფაქტორი გადალახული აქვს, ის ექსტრემალია, კარგი გაგებით - "ტარზანი", "მაუგლია", რადგან ბუნებასთან მჭიდრო კავშირი აქვს.

პირადმა თუ სანაკრებო მწვრთნელებმაც უნდა აღიარონ შეცდომები, მათი შეგირდი მზადების იმ ხუთი ძირითადი ნიშნიდან რომელში არ იყო მზად - ტაქტიკაში, ტექნიკაში, ფიზიკურ, ფუნქციურ მომზადებაში თუ ფსიქოლოგიაში.

ამათგან რომელიმე ერთში თუ მოიკოჭლებ, სხვებში უნდა იყო ძლიერი. სეზონიდან სეზონამდე საჭიროა, სპორტსმენებმა რაღაც დაამატონ თავიანთ არსენალს, თორემ პროგრესი არ ექნებათ, ეს კი ძირითადად პირადმა მწვრთნელებმა უნდა გააკეთონ.

ნაკრების მწვრთნელი ათლეტს კონკრეტული შეჯიბრებისთვის ამზადებს და სიახლეების დასამატებლად იმდენი დრო არ აქვს. ძირითადად პირადმა მწვრთნელმა უნდა ასწავლოს ტაქტიკური ჭიდაობა - როგორ შეინარჩუნონ უპირატესობა, როგორ გაიყვანონ დრო... საბედნიეროდ, მწვრთნელებსაც ვამჩნევ პროგრესს.

მაგალითად, ზაზა თურმანიძე ძალიან გაიზარდა, როგორც მწვრთნელი. იგივე ითქმის ბეგი დარჩიაზე და კიდევ ზოგიერთზე, ლონდონში ძალიან მომეწონნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ახალგაზრდა მწვრთნელები - დავით ოთიაშვილი და ალექსანდრე კახნიაშვილი, რომლებმაც მართლაც დიდი სამუშაო გასწიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლენინიზმის სუნი უდგანსა საარჩევნი კომაპანიასო, რომ თქვეს - იგივე ეხება ამ სტატისს მთავარ აზრს.

თუ ბაზები საჭიროა (და ალბათ კარგი საქმეა), ეს პატარა და დიდმა ბიზნესმა უნდაა გააკეტოს - ყველას სახელმჭიფოსგან რომ უნდა წველა (რაც არ უნდა კარგი საქმე იყოს) - მაგიტომ არის "ლენინიზმის" მენტალიტეტი საქარტველოში უფრო მეტად ვიდრებალტიის ქვეყნებში, რუსთეში, უკრაინაში და ა.შ.

ისე რომ შეეეკითხო საშუალო ქარტველს, თავს დადებს რომ ასე არ არის...
თუმცა ეს მეორე ჯირია, არ ვიცით რომ არ ვიცით ....
0
ბაზები უნდა აშენდეს
t.g.m.
20:49 09-09-2012
0

სიახლეები პოპულარული