მოსკოვმა საფიქრალი მოგვიმატა

AutoSharing Option
სამი მეხუთე ადგილი და არც ერთი მედალი - ასეთია საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი მოსკოვის "დიდ მუზარადზე". სხვებზე უკეთესი შედეგი ახალგაზრდა ნუგზარ ტატალაშვილმა (73), ლევან წიკლაურმა (81) და ადამ ოქრუაშვილმა (+100) აჩვენეს, ჩვენი გუნდის ლიდერები და მომავალ მსოფლიოს პირველობა-ოლიმპიადებზე ქომაგთა უმთავრესი იმედები - ვალერი ლიპარტელიანი (90), ირაკლი ცირეკიძე (100), ლაშა გუჯეჯიანი (+100) და სხვები კი ადრევე გავარდნენ.

გვესმის, რომ ნაკრები ახლა იწყებს მსოფლიოს პირველობისთვის მზადების დასკვნით ეტაპს, რომელიც სამ შეკრებას მოიცავს და სწორედ იქ უნდა მივიდნენ სპორტული ფორმის პიკამდე; რომ
ძიუდოისტები ჯერ არ არიან ფორმაში, მაგრამ თუ სამეულებში მოხვედრილებს გადავათვალიერებთ, დავინახავთ, რომ ძირითადად ის მოჭიდავეები არიან, რომლებსაც ლამის ყველა ტურნირზე პრიზიორთა შორის ვხედავთ. ანუ, ვინც სათანადოდ შრომობს და მართლაც ძლიერია, წარმატებასაც აღწევს. არ ვამბობ, რომ ჩვენი ბიჭები სუსტები არიან ან შანსი არ აქვთ, თუმცა ფაქტია - შედეგი არაა.

მედლები რომ არ იქნებოდა, ეს ტურნირის დაწყებამდეც ვიცოდით, თუმცა ასეთ წარუმატებლობასაც არ ველოდით. ამასთან, რამდენადაც ჩვენი ლიდერების შეხვედრათა პირდაპირ ეთერში ხილვის საშუალება მოგვეცა, ვერ დატოვეს კარგი შთაბეჭდილება. იმედია, ჩვენები მსოფლიოს პირველობამდე დარჩენილ არც ისე დიდ დროს ნაყოფიერად გამოიყენებენ და იმ დონემდე მოუმატებენ, ტოკიოდან მედლებით დაბრუნდებიან, თორემ მოსკოვში რაც ვნახეთ, მეტი რომ არ ვთქვათ, შემაშფოთებელია.

არადა, ნაკრების თავკაცმა ამირან ტოტიკაშვილმა რამდენიც უნდა ამტკიცოს, მსოფლიოს პირველობაზე წასაყვან შემადგენლობაზე ლაპარაკი ჯერ ადრეაო, ფაქტია - იმაზე ძლიერი შემადგენლობა არ ჰყავს, რაც მოსკოვში წაიყვანა. მან სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე გათვალა - მოსკოვში ისინი იახლა, ვისაც ტოკიოსთვის მოიაზრებს და სასტარტო ტურნირიც ამიტომ აჭიდავა. ახლანდელ გუნდს მხოლოდ ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი (73) თუ დაემატება, მაგრამ ამ სასტარტო შეჯიბრების გამოტოვება მის მომზადებასაც აუცილებლად დაეტყობა.

მოკლედ, სხვათა განსხვავებით, ეს ტურნირი მსოფლიოს პირველობის გენერალურ რეპეტიციად ვერ გვექცა. მან დაფიქრებისა და ვიშვიშის საბაბი უფრო მეტად მოგვცა, შეჯიბრება კი ძალიან ძლიერი გამოდგა - 54 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი გამოდიოდა ყველა კონტინენტიდან.

ჩვენი გუნდის ნათელი წერტილები ასაკის კვალობაზე ტატალაშვილის წარმატებული გამოსვლა, წიკლაურის სტაბილური ჭიდაობა და ოქრუაშვილის გამონათებაა. მეხუთე ადგილზე გასასვლელად ოქრუაშვილს ერთი მოგება ეყო, იმათ კი ორ-ორი დასჭირდათ.

ნამდვილად სასიამოვნოა ტატალაშვილის წლევანდელი სტაბილური სეზონი. ეს ბიჭი ჯერ კიდევ შარშან ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდა და ევროპის პირველობაზე ბრინჯაოც მოიპოვა, წლეულს კი საკმაო წარმატებით გადმოერთო ეროვნულ გუნდში. ის ჯერ ჩემპიონი არსად გამხდარა, მაგრამ არაერთ ტურნირში კარგად იჭიდავა. მაგალითად, პარიზის "დიდ მუზარადზე" კორეელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა კი ჩუნ ვანგმა მხოლოდ გაფრთხილებებით მოუგო, როცა ტატალაშვილზე ბევრად გამოცდილ ფალავნებს გაცილებით იოლად გაუსწორდა.

უფროსებში გადასვლას გარკვეული სირთულეები ახლავს და მათ დაძლევას, ადაპტაციას დრო სჭირდება. ტატალაშვილის ჭიდაობა გვაფიქრებინებს, რომ ეს პროცესი გეგმაზომიერად, უმტკივნეულოდ მიდის. მის ჭიდაობაში იგრძნობა ის რეზერვი, ის პერსპექტივა, რაც გვაიმედებს, რომ სამომავლოდ ამ წონაში კარგი მოჭიდავე გვეზრდება.

მოსკოვურ ტურნირში ტატალაშვილი მეორე წრიდან ჩაება და საკმაოდ გამოცდილი ირანელი ზაქარია მორადი დაჯაბნა - ორი გაფრთხილებით იუკო მოიპოვა და ვაზარიზე დააგდო. კიდევ უფრო ძლიერი შეხვდა მომდევნო მეტოქე - რუსი ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ბატრაზ კაიტმაზოვი, რომელიც შეხვედრის შუაწელში პირდაპირ იპონზე დააგდო. ჩვენებურის შეჩერება მხოლოდ კორეელმა ბანგ გუი-მანმა მოახერხა და მანაც მხოლოდ იუკოთი. ჩანს, ტატალაშვილს ჯერ მაინც არ ჰყოფნის გამოცდილება, რაც, მისი ასაკიდან გამომდინარე, არცაა გასაკვირი.

წონაში სტაბილურ მოჭიდავედ ჩამოყალიბდა წიკლაურიც, რომელსაც მუდმივად შეუძლია მედლის ზონაში ტრიალი, აქ კი ერთი გამართლება ან უფრო მეტი მონდომება კვარცხლბეკზე ასვლის ტოლფასია. წიკლაურმა პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი სუნატულა აზიმოვი სამი გაფრთხილებით ჩამოიცილა, მერე კი მასაც ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი შეხვდა - ალექსანდრ სტიაშენკა. აქ ჩვენებური მარცხს ბეწვზე გადაურჩა - ბელარუსი ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ დამთავრებამდე წუთნახევრით ადრე წიკლაურმა იპონი მიითვალა. მისი წინსვლა რუსთა ყოჩმა, ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა ივან ნიფონტოვმა შეაჩერა ასევე წმინდა მოგებით, თუმცა აქ, მგონი, ცოტა ჩვენებურიც დაიბნა.

მძიმე წონაში, ტრადიციულად, ისედაც ყველაზე ცოტა მონაწილე იყო, ჩვენებური კი პირველ წრეში ისვენებდა. საბოლოოდ, ოქრუაშვილმატურნირზე ორი შეხვედრა გამართა და ერთი მოიგო - რუსთა ახალგაზრდა ოსი სოსლან ბოსტანოვი დააიპონა, მეორეში კი წონაში უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებულ ეგვიპტელ ისლამ ელ შეჰაბისთან დამარცხდა. ადამმა იმ ერთი გამარჯვებითაც გააკეთა თავისი საქმე - გუჯეჯიანს შედეგით აჯობა და ნაკრებში პოზიციები განიმტკიცა. მართალია, მსოფლიოს პირველობაზე წონაში ქვეყნიდან ორი კაცის წაყვანაა შესაძლებელი, მაგრამ ამ წუთისთვის ოქრუაშვილი უმთავრეს კანდიდატად იქცა.

გუჯეჯიანი პირველივე შეხვედრაში რუს სერგეი პროხინთან ვაზარი-იუკოთი დამარცხდა. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ის ამ უცნობ მეტოქეზე სუსტია, მაგრამ, ეტყობა, გუჯეჯიანს მაინც გაუჭირდება ფორმაში შესვლა - მასზე ცუდად იმოქმედებს შარშანდელი გაცდენილი სეზონი.

ვფიქრობთ, მკითხველისთვის ყველაზე მტკივნეული ლიპარტელიანსა და ცირეკიძის წაგებებია. ლიპარტელიანმა ბელარუსი ალექსანდრ სტეფანკოუ სამ წუთში დააიპონა, მერე კი დაძაბულ ბრძოლაში ბერძენთა ქართველ ილიას ილიადისთან წააგო - ორივეს სამ-სამი გაფრთხილება ჰქონდა, როცა ილიადისმა მეორე ვაზარი მიითვალა. ცირეკიძემ ლატვიელი ეუგენიუს ბოროდავკო, ვისაც მადრიდულ მსოფლიოს თასის ფინალში მოუგო, წმინდად კი დაამარცხა, მაგრამ მერე წააგო ბელარუს იაუჰენ ბიადულინთან.

ამ წონაში საკმაოდ უშანსოდ წააგო ლომერ ჟორჟოლიანმაც ფრანგ ტიერი ფაბრისთან, მანამდე კი ირანელი მაჰჯოუბ ჯავადი გამოაგდო. ერთი შეხვედრა მოიგო 20 და 23-წლიანებში ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა პაატა მერებაშვილმა (66) - ირანელ მოსენ გაფარისთან, მერე კი კანოს ტურნირისა და იაპონიის ჩემპიონ მასაში ებინუმასთან წააგო. ძალიან ცუდია, ამ მართლაც ნიჭიერი ბიჭის წარუმატებლობა კვლავაც რომ გრძელდება. ამავე წონაში თითო მოგება-წაგებით დაასრულა გამოსვლა შალვა ქარდავამ - ბერძენთა ქართველ ლავრენტის ალექსანიდისთან მოგებას წლეულს ძლიერად მოასპარეზე მონგოლ მიარაგშაა სანჯაასურენთან მარცხი მიაყოლა. ასევე თითო

მოგება-წაგებაა ამირან პაპინაშვილის (60) მონაგარი - რუსთა ნაკრების ქართველ რობერტ მშვიდობაძეს კი აჯობა, მაგრამ იტალიელ მსოფლიოს მესამე პრიზიორ ელიო ვერდესთან წააგო. პირველივე შეხვედრები წააგეს დავით ასუმბანმა (60), დავით ქევხიშვილმა (81) და მინდია ბოდაველმა (90).





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული