იქნებ პორეჩის ტურნირში ახალი შავდათუაშვილიც ვიხილოთ

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები უკვე ხორვატულ პორეჩშია, სადაც 21 სექტემბერს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც 23-მდე გასტანს.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ უკლებლივ გამოიყენა კვოტა, ანუ ყველა წონაში 2-2 სპორტსმენი წაიყვანა: ლერი ჭელიძე, მინდია ღოლიჯაშვილი (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ბექა ტუღუში, ბექა ვიბლიანი (66), ლევან გუგავა, ფრიდონ გიგანი (73), ბექა ღვინიაშვილი, ბექა დონღვანი (81), ლაშა ტაველური, რევაზ წულუკიძე (90), გურამ თუშიშვილი, გიორგი ქავთარაძე (100), ლევან მატიაშვილი, როსტომ ხახალეიშვილი (+100).

ძიუდოს ქომაგი იოლად შეამჩნევს, რაოდენ გადახალისებულია
ეს ნაკრები შარშანდელს შემდეგ - იმ გუნდიდან მხოლოდ ევროპის ვიცე-ჩემპიონები - ჭელიძე და მატიაშვილი, აგრეთვე - მარგველაშვილი, გიგანი და ქავთარაძე დარჩნენ.

მართალია, შარშანვე ამ გუნდში მსოფლიოზე ღვინიაშვილმა და თუშიშვილმაც იჭიდავეს, როგორც ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონებმა და ღვინიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა, მაგრამ ის მათთვის გამოსაცდელი ტურნირი იყო.

წლეულს ორივეს შანსი ეძლევა იმის დასამტკიცებლად, რომ შარშანდელი მათი წარმატება შემთხვევითი არ იყო და ისინი ჭაბუკებიდან გადმოსვლის შემდეგაც აგრძელებენ კანონზომიერ პროგრესს.

ეს განსაკუთრებით ღვინიაშვილზე ითქმის, რომელმაც შარშან 17-წლამდელებში ყველაფერი მოიგო - ევროპისა და მსოფლიოს პირველობა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (რასაც ზემოხსენებული მსოფლიოს ახალგაზრდული ბრინჯაოც ემატება), თუმცა წლეულს წააგო გერმანიის ტურნირი.

ჭაბუკთა ნაკრები ძალზე სპეციფიკურია - იქ წარმატება სასიამოვნოა, საყურადღებოც, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრები სულ სხვა დონეა და იქ გადასულებს თავიდან უწევთ საკუთარი სიძლიერის დამტკიცება. ცხადია, ეს ეხება ყველას, მაგრამ ღვინიაშვილისნაირი ტალანტები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ.

ბარემ აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუშიშვილისა და ღვინიაშვილის გარდა, ჭაბუკთა ნაკრებიდან ჩხვიმიანი, ვიბლიანი, დონღვანი და ხახალეიშვილი გადმოვიდნენ.

სამწუხაროდ, პორეჩში გოგოების ტურნირში მონაწილე არ გვეყოლება და მხოლოდ ბიჭების შეჯიბრება გვექნება საქომაგო. 21-ში მათგან 55, 60 და 66-ის ფალავნები იჭიდავებენ, 22-ში 73 და 81-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ, დასკვნით დღეს - 23 სექტემბერს - დანარჩენები.

აქვე გავიმეორებთ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მონაგარს ბელგიურ ლომელში ევროპის თანატოლთა შარშანდელ პირველობაზე - თითო ოქრო-ბრინჯაო და ორი ვერცხლი. ოქროს მედალი შარშან აწ უკვე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (66) მოიგო, ვერცხლისმედალოსნებზე ზემოთაც გითხარით - ჭელიძე და მატიაშვილი, ბრინჯაოს მედალს კი მიხეილ ჩოხელი (73) დაეუფლა.

მართალია, გუგავას წლეულს გადახალისებული გუნდი ჰყავს, მაგრამ ვინძლო, მათ შორის ამჯერადაც იყოს მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი, თორემ შარშან ამ დროს შავდათუაშვილის ტალანტის მიუხედავად, ძნელად რომ ვინმეს ეფიქრა მისგან ოლიმპიური ოქრო. ყოველ შემთხვევაში - ასე მსწრაფლ, დროის ასე მოკლე მონაკვეთში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული