ერთ-ერთი მათგანი ჩვენი თანამემამულე, მძიმეწონოსანი ძიუდოისტი ქალი თეა დონღუზაშვილია, რომელმაც კარიერა საქართველოში დაიწყო, მაგრამ უმეტესი წლები რუსეთში გაატარა და ჯილდოებიც იმათ მოუტანა.
თავის დროზე დონღუზაშვილი, როგორც მისი თანაგუნდელების უმეტესობა, ნიჭიერ მოზარდად მიიჩნეოდა და ვაჟთა წარმატებებით განებივრებული ქართული ძიუდო მათგანაც ელოდა ახალი მწვერვალების დაპყრობას.
გოგოებს შედეგებიც ჰქონდათ და იმედებსაც ამართლებდნენ, მაგრამ მერე ქვეყანა აირია და ბევრი ქართველის მსგავსად,
ოლიმპიური ბრინჯაო ათენის 2004 წლის თამაშებში, მსოფლიოს აბსოლუტური პირველობის ვერცხლის მედალი 2011 წელს და ინდივიდუალურის ორი ბრინჯაო (სხვათა შორის, ორივე იაპონიაში მოიპოვა) - 2003 და 2010 წლებში, ევროპის ჩემპიონობა, კიდევ 7-ჯერ ნაჭიდავები ევროპული ფინალი და სამიც კონტინენტური ბრინჯაო - ასეთია 36 წლის სპორტსმენის 22-წლიანი კარიერის მონაგარი უპირველეს ტურნირებზე.
ცხადია, ამას არაერთი საერთაშორისო, ძალზე პრესტიჟული შეჯიბრების მოგებაც ემატება, მაგრამ დონღუზაშვილმა მწვერვალების დაპყრობა მაინც ვერ შეძლო - იმათგან მხოლოდ ყველაზე დაბალი, ევროპული დალაშქრა 2006 წელს, როცა სერბულ ნოვი სადში გამართულ ტურნირში ღია პირველობის ფინალში თანაგუნდელი ნატალია სოკოლოვა დაამარცხა.
ოლიმპიადაზე მან მხოლოდ ათენში იჭიდავა და ნახევარფინალში იაპონელ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მაკი ცუკადასთან დამარცხების შემდეგ ბრინჯაო მოიპოვა. სხვა დროს კი თამაშებში გამოსვლის პატივი არ ერგო. წლეულს მას მწვრთნელებმა ელენა ივაშენკო ამჯობინეს და ჩვენებური მას ეხმარებოდა მომზადებაში, თუმცა ამაოდ - ივაშენკო მეშვიდეზე გავიდა.
ოლიმპიური დანაკლისის ნაწილობრივ შევსება დონღუზაშვილს შარშან შეეძლო მსოფლიოს ღია პირველობაზე, რომელიც ტიუმენში ჩატარდა, სადაც კარგად დაიწყო გამოსვლა და პირველად უწია ამ რანგის ტურნირის ფინალს, მაგრამ იქ ვერაფერი გააწყო ჩინელ მთა-ქალთან, მსოფლიოს შვიდგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ვენ ტონგთან. ჩინელი მაინცდამაინც ლონდონის ოლიმპიადაზე წაიქცა, თორემ მანამ შეუჩერებელი იყო და დონღუზაშვილთანაც სრულად გაამართლა ფავორიტის იმიჯი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კაცს ვეჭიდავებოდიო, განაცხადა იმ ფინალის შემდეგ ჩვენებურმა.
დონღუზაშვილს სპორტიდან ოფიციალურად 29 სექტემბერს კემეროვოში, რუსეთის პირველობაზე გააცილებენ. ”მორჩა, მე დავამთავრე სპორტული კარიერა. დარჩა მხოლოდ გაცილების საზეიმო ცერემონიალი, რომელიც 29-ში კემეროვოში შედგება. ოფიციალურ ტურნირში კი არასოდეს გამოვალ” - განაცხადა დონღუზაშვილმა და დაამატა, რომ არასოდეს ინანებს ძიუდოს არჩევას. რუსი ჟურნალისტები მას პოსტსპორტულ კარიერაზეც დაეკითხნენ, რაზეც ქართველმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია; თუმცა დასძინა, რომ მოხარული იქნება, თუ ქალთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მიიწვევენ. თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ სფეროში მუშაობა ჯერ არ შეუთავაზებიათ.
ბიშოფიც წავიდა
ამ დღეებში კიდევ ერთმა ცნობილმა ძიუდოისტმა, გერმანელმა ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელმა, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანმა და ევროპის ჩემპიონმა ოლივერ ბიშოფმა (81) განაცხადა სპორტული კარიერის დამთავრების შესახებ. ის ფართო აუდიტორიის წინაშე 2004 წელს წარსდგა, როცა წინა წლის მსოფლიოს ჩემპიონი, სპორტში მეტეორივით გაელვებული ფლორიან ვანერი შეცვალა (2003 წელს ოსაკაში მსოფლიოზე გამარჯვების შემდეგ მან, პრაქტიკულად, დაასრულა კარიერა) და ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა ვერცხლი მოიპოვა.
მაშინ მან ფინალი გაბერძნებულ ქართველ ილიას ილიადისთან წააგო, თუმცა საწადელს მომავალ წელსვე მიაღწია - 2005-ში ისევ გავიდა ფინალში, ოღონდ ამჯერად გადამწყვეტ შეხვედრაში ბევრად მობილიზებული გავიდა. მით უფრო, არც მეტოქე ჰყავდა ბევრად ძლიერი - ვანერის არ იყოს, ერთ ტურნირად გაელვებული სლოვაკი ბორის ნოვოტნი, რომელსაც იოლად სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
თუმცა ბიშოფის მთავარი მიღწევები ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებას - ოლიმპიადას უკავშირდება. 2004 წელს ის ათენის თამაშებზე ვერ მოხვდა, 2008-ში კი პეკინში ბრწყინვალედ იჭიდავა - აზერბაიჯანელი მემან აზიზოვისა და ამერიკელი ტრევის სტევენსის დამარცხების შემდეგ მეოთხედფინალში ბრაზილიელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტიაგო კამილო ორი ვაზარით წმინდად დაჯაბნა, ნახევარფინალში უკრაინელი მომავალი ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი რომან გონტიუკიც იოლად გაიარა, ფინალში კი სამხრეთკორეელ კი ჯაე ბუმს აჯობა. ბიშოფმა ზედიზედ იჭიდავა ოლიმპიადის ორი ფინალი და საინტერესოა, რომ მისი გზა ორივეჯერ კორეელთან გადაიკვეთა - პირველ შემთხვევაში გამარჯვება თუ გერმანელს დარჩა, ლონდონში კორეელმა რევანში აიღო.
სხვათა შორის, ლონდონში ბიშოფი სტევენსსაც შეხვდა - ნახევარფინალში. კორეელთან კი, როგორც მერე გაირკვა, კარიერის უკანასკნელი ორთაბრძოლა გამართა - ამის შემდეგ ის ტურნირებში არც გამოსულა, რამდენიმე დღის წინ კი კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"