ახალგაზრდა ძიუდოისტთა შემადგენლობაც გაირკვა

AutoSharing Option
ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცმა გიორგი გუგავამ დაასახელა 21-24 ოქტომბერს მაროკოულ აგადირში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა: ოთარ კაიდარაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (55), გიორგი ბროლაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ლომიძე (66), ზებედა რეხვიაშვილი, ლაშა ზურაბიანი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), გიორგი ნოზაძე, არჩილ შინჯიკაშვილი (90), გიორგი ბუღაძე (100), უშანგი კოკაური, ლევან მათიაშვილი (+100).

როგორც ვხედავთ, შემადგენლობის შერჩევისას გუგავამ მართლაც არ უღალატა დასახულ გეგმას და აქცენტი შედეგზე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ის მაროკოში სრული გუნდით წასვლას არ აპირებდა - მხოლოდ იმათი წაყვანა სურდა, ვისაც
მედლისთვის ბრძოლის რეალურ კანდიდატებად მიიჩნევდა და ამიტომ ორკაციანი კვოტით ყველა წონაში არც ისარგებლა. ამასთან, მან სექტემბერში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნაჭიდავები შემადგენლობაც გადაახალისა და ახალბედებისა თუ უტიტულოების გვერდით, ჭაბუკთა შორის ევროპის 2008 წლის ვიცე-ჩემპიონ შმაგი ლაგაზაურსაც (60) კი შეელია - ევროპაზე მისმა ჭიდაობამ არ დააკმაყოფილა.

სამაგიეროდ, ორკაციანი კვოტის დამსახურებითმ, გუნდში დააბრუნა ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი შინჯიკაშვილი, რომელმაც წლეულს ნოზაძესთან კონკურენციაში დაკარგა ლიდერობა და ევროპაზე ვერ მოხვდა. გუნდში არიან ევროპის წლევანდელი ჩემპიონები - კაიდარაშვილი, ჭრიკიშვილი და ვიცე-ჩემპიონი ნოზაძეც.

ეს ტურნირი მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეჯიბრება იქნება გუგავასთვის, რომელიც აქამდე კი მუშაობდა ამ ნაკრებთან, მაგრამ მეორე მწვრთნელად, გუნდი კი სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გადააბარეს. ახალგაზრდული ნაკრები ამჟამად დუშეთშია და ოლიმპიურ ბაზაზე გადის დასკვნით შეკრებას.

მას 17-ში დაამთავრებენ, 19-ში კი მაროკოში გაფრინდებიან. დღესვე იმ ბაზაზე გოგოებიც დაიწყებენ შეკრებას. მათი მწვრთნელის - გია თენაძის გადაწყვეტილებით, მაროკოში მხოლოდ ორი სპორტსმენი გვეყოლება - ნონა მერაბიშვილი (52) და შორენა შარაძე (63).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული