ძიუდოისტები სომხეთიდან მედლებით დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ამ დღეებში გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ჭაბუკ ძიუდოისტთა გუნდმა სომხეთის ქალაქ გიუმრიში პეტროს ნაზარიანის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა. გორელები მასში მეხუთედ მონაწილეობდნენ. ტურნირში რუსეთისა და სომხეთის თანატოლებთან ერთად, ჩვენი 18 ძიუდოისტი ჩაერთო მწვრთნელ ნიკო ბიბილაშვილის ხელმძღვანელობით. გორელებმა ორივე ასაკობრივ ჯგუფში (1997-98; 1999-2000 წწ.) კარგად იასპარეზეს, თუმცა პირველ დღეს განსაკუთრებით უმცროსებმა გამოიჩინეს თავი - გუნდური შედეგით ყველას აჯობეს. უფროს ასაკში კი მხოლოდ მასპინძლებს ჩამორჩნენ.

1999-2000 წწ-ში დაბადებულებს შორის პირველობა მოიპოვეს -გაგა ჭულუხაძემ (27), დაჩი სუხიტაშვილმა (38), ალეკო მამიაშვილმა (46),
რეზო თაბუკაშვილმა
(60) და ჯაბა ქარელიშვილმა (+60). მესამე ადგილები ერგოთ - არმაზ არჩუაძეს (34), დავით დვალიშვილს (38) და ვანო ხარიბეგაშვილს (50).

1997-98 წწ-ში დაბადებულებს შორის I ადგილზე გავიდნენ - ზურაბ კახნიაშვილი (42), ალეკო მამიაშვილი (46), რობინზონ ბეგლარიშვილი (50); II ადგილზე -თორნიკე არჩუაძე (50), რეზო თაბუკაშვილი (60), ელგუჯა ზერეკიძე (73), III პრიზიორები გახდნენ - გიორგი დოღანაძე (46), ვიქტორ ოდიშვილი (55), ვანო მახათაძე (60), ჯაბა ქარელიშვილი (მძიმე).

გორელთა გამოსვლის შეფასება ნიკო ბიბილაშვილს ვთხოვეთ. შეგახსენებთ, რომ ეს ახალგაზრდა სპეციალისტი ანზორ თენაძესთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის პირადი მწვრთნელია. ”დიდი ხანია, გიუმრის და სომხეთის სხვა ქალაქების ძიუდოს კლუბებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი ხშირად ჩამოდიან გორში ერთობლივ წვრთნებსა და ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ კი მათ შეჯიბრებებზე ვსტუმრობთ. ნაზარიანის ამ ტურნირზე უმცროსთა ჯგუფიდან ზოგიერთი უფროსთა შორისაც ვაჭიდავეთ. სასიხარულოა, რომ ალეკო მამიაშვილმა ორივეგან გაიმარჯვა. თაბუკაშვილმა და ქარელიშვილმა კი თავის ასაკში პირველი, უფროსებში კი II -III საპრიზო ადგილები დაიკავეს. პერსპექტიული თაობა გვეზრდება. განსაკუთრებით ეს 1999-2000 წლებში დაბადებულებზე ითქმის. ისინი შინ და საერთაშორისო არენაზეც უკვე ხშირად იხვეჭენ წარმატებებს” - გვითხრა ნიკო ბიბილაშვილმა.

უმცროსი ძიუდოისტები ამ დღეებში შიდა ქართლის რეგიონალურ პირველობაზე გამოვლენ, რის შემდეგაც დაკომპლექტდება რეგიონის გუნდი საქართველოს სარეიტინგო პირველობაზე მონაწილეობის მისაღებად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული