ქართული ძიუდო კვლავაც უთავოდ რჩება

AutoSharing Option
5 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა აღარ გაიმართება. ის აღმასკომის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ასევე გაურკვეველია, როდის აირჩევენ ფედერაციის ახალ პრეზიდენტს. აღმასკომმა ყრილობის გადავადების ოფიციალურ მიზეზად საორგანიზაციო საკითხების მოუგვარებლობა და პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატთა არარსებობა დაასახელა, თუმცა კულუარებში არ მალავენ, რომ რეალური საბაბი ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ფონია.

აღმასკომს არც ახალი არჩევნების თარიღი დაუდგენია, თუმცა დებულებით წლის ბოლომდე არ აგვიანდება. ოღონდ კულისებში გადაჭრით ამბობენ, რომ ვიდრე ქვეყანაში ვითარება არ ჩაწყნარდება, მანამ ფედერაციის არჩევნებისთვის არავის სცხელაო.

კაცმა რომ
თქვას, 1 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ფონზე ეს ყრილობა მართლაც აზრს კარგავდა, რადგან დიდი შანსია, იმისმა შედეგმა ქვეყანაში ყველაფერი შეცვალოს. მით უფრო - ძიუდოს ფედერაციაში, სადაც არაოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებში ერთმანეთს ხელისუფლებისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის, "ქართული ოცნების" კანდიდატები, ცეზარ ჩოჩელი და შოთა ხაბარელი დაუპირისპირდებოდნენ.

პრეზიდენტის პოსტზე განაცხადების მიღების ვადა 28 სექტემბერს იწურებოდა და არჩევნების გადადების მომენტში სურვილი ოფიციალურად არავის ჰქონდა დაფიქსირებული, თუმცა ჩოჩელი უკვე ატარებდა წინასაარჩევნო კამპანიას, ხვდებოდა მწვრთნელებს, ძიუდოს სამყაროს წარმომადგენლებს და დაპირებებსაც იძლეოდა - ეს თავად ამ შეხვედრების მონაწილეთაგან ვიცი.

ამასობაში სხვა რამეც გაირკვა - პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებას არა შოთა ხაბარელი, არამედ მისი შვილი - მამუკა ხაბარელი აპირებდა, რომელიც ადრეც მუშაობდა ფედერაციაში აღმასრულებელ დირექტორად, უფრო ადრე თბილისის ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც იყო და ორივეგან რიგიან წინამძღოლად წარმოაჩინა თავი. მამუკა ხაბარელის ვერსიით, არჩევნები სწორედ მისი კანდიდატურის გამოჩენის გამო გადაიდო, თორემ მანამდე ფედერაცია ჩვეულებრივად ემზადებოდა საამისოდ.

დაველოდოთ 1 ოქტომბერს. მანამდე კი ერთ თემას მივუბრუნდეთ, რომელიც ირიბად ჯერაც ეხება ქართულ ძიუდოს - ნაკრების ექს-თავკაცი პეტერ ზაიზენბახერის მომავალ კარიერას. ეს კაცი ჩვენი ნაკრებიდან კი წავიდა, მაგრამ არანაირი გარანტია არაა, რომ ავსტრიელის აჩრდილი საბოლოოდ ჩამოგვშორდა - ამის თქმის საფუძველს მხოლოდ რომელიმე ქვეყანაში მისი დანიშვნა მოგვცემს, რაც დღემდე ჭიანურდება. მანამდე კი მუდამ იარსებებს უკან დაბრუნების შიში.

მოარული ხმებით, მან უკვე მიაღწია წინასწარ შეთანხმებას აზერბაიჯანის ფედერაციასთან, რაც იქაურებს დღემდე არ დაუდასტურებიათ. პირიქით, თუ ორი დღის წინ ინტერნეტში გავრცელებულ ახალ ცნობას დავუჯერებთ, საკითხი გადაწყვეტილი არაა.

კერძოდ, აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აზად რახიმოვმა განაცხადა, რომ აგიარ ახუნდზადე პოსტს დატოვებს და ძიუდოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. მისი თქმით, კანდიდატებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება და პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებასაც მიაღწიეს, თუმცა კონტრაქტის გაფორმებამდე მათი გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. სამაგიეროდ, დააზუსტა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ავსტრიელ, ფრანგ და რუმინელ სპეციალისტებთან. ვიმედოვნებთ, ავსტრიელში ნამდვილად ზაიზენბახერი იგულისხმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული