საქართველოდან წასული პეტერ ზაიზენბახერის მომავალი ირკვევა და არც ირკვევა

AutoSharing Option
არა და არ დაადგა საშველი პეტერ ზაიზენბახერის აზერბაიჯანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნას, თუმცა ახლა უკვე მეტი დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს დროის საკითხია.

მოგეხსენებათ, ლონდონის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩენის შემდეგ ჩვენმა მეზობლებმა კარისკენ მიუთითეს აგიარ ახუნდზადეს, რომელიც წლების განმავლობაში წვრთნიდა აზერბაიჯანელებს და იქაურებს დამოუკიდებლად არსებობის ისტორიაში, რაც კი წარმატება მოუპოვებიათ, სულ მისი ხელმძღვანელობით.

თუმცა მწვრთნელის ხვედრი ხომ ასეთია და ახუნდზადესაც პირველივე ჩავარდნის შემდეგ კარისკენ მიუთითეს.

თუმცა ჩავარდნასაც გააჩნია - ოლიმპიადაზე წარუმატებლობა იქაურებისთვის მწარე ალიყური აღმოჩნდა.

"ნაკრებმა ოლიმპიადაზე ნდობა ვერ გაამართლა.
ჩვენ ვერ დავინახეთ აზერბაიჯანელი ძიუდოისტების ძალა, როცა ბიჭები უმაღლესი დონის პირობებში ემზადებოდნენ.

ამიტომ ქომაგებისაც მესმის, როცა ცვლილებებს ითხოვენ" - განაცხადა აზერბაიჯანული ფედერაციის პრეზიდენტმა ფიზული ალეკპეროვმა.

მოგეხსენებათ, ახუნდზადეს სავარაუდო შემცვლელად ბაქოში ჩვენგან წასულ ავსტრიელს მოიაზრებდნენ.

რამდენადაც ვიცით, ზაიზენბახერმა ბაქოელებთან წინასწარი კონტრაქტიც შეათანხმა, თუმცა ბაქო მისი კანდიდატურის დასახელებას არ ჩქარობდა.

ისინი გადაჭრით მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ახალი მწვრთნელის მიწვევა სურდათ, კანდიდატთა სიაში კი ავსტრიელი, რუმინელი და ჰოლანდიელი სპეციალისტები იყვნენ.

ახლა ეს სია უფრო გაიცხრილა და ინფორმაციაც მეტად დაკონკრეტდა - აზერბაიჯანელები უკვე ღიად წერენ, რომ ავსტრიელის გარდა, ყველა კანდიდატურა გამოირიცხა.

ზაიზენბახერის მომავალ შესაძლო სამსახურზე უკვე ძიუდოს არააზერბაიჯანულ პოპულარულ ინტერნეტსაიტებზეც წერენ.

შეგახსენებთ, რომ ზაიზენბახერის სადმე სხვაგან დანიშვნა იმიტომ გვეჩქარება, რომ ჯერ კიდევ არ გამოვრიცხავთ საქართველოში მისი დაბრუნების საშიშროებას, რადგან ფედერაციის სათავეში კვლავაც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები აპირებდნენ მოსვლას, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს ნაბიჯიც გამოირიცხა და - უკვე მოხდილი სახადის, ანუ ზაიზენბახერის დაბრუნებაც.

ვიდრე ავსტრიულ-აზერბაიჯანული თანაშრომლობის საკითხი ჯერ ისევ ირკვევა, ამასობაში რუსულ-იტალიური ერთობა კიდევ ოთხი წლით გამყარდა - რუსებმა იტალიელ ოლიმპიურ ჩემპიონ ეციო გამბას 2016 წლამდე, ანუ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადამდე გაუგრძელეს კონტრაქტი.

კაცმა რომ თქვას, ეს დროის საკითხი იყო, გამბამ ისეთი შედეგი დაუდო რუსებს - 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო! შედეგად, მას დიდი ავტორიტეტი აქვს სპორტსმენებშიც. მაგალითად, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტაგირ ხაიბულაევმა (100) განაცხადა: "გამბამ ძალიან ბევრი გააკეთა რუსული ძიუდოსთვის.

ჩვენს ლონდონურ წარმატებაში მან მთავარი როლი შეასრულა. ასეთი შედეგი არ განმეორდება". ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ ლამის იგივე განაცხადეს ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანსურ ისაევმა (73) და ლონდონური თამაშების ვერცხლისმედალოსანმა, ევროპის ექვსგზის და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ალექსანდრ მიხაილინმაც (+100).

სხვათა შორის, 33 წლის მიხაილინმა თავის კარიერასთან დაკავშირებითაც საინტერესო განცხადება გააკეთა, თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, რიო დე ჟანეიროს თამაშებშიც გამოვალო. ტიტულების მიუხედავად, მან ლონდონში პირველად იასპარეზა ოლიმპიადაზე - აქამდე თამაშების კართან ყოველთვის ოსი ტამერლან ტმენოვის აჩრდილი აესვეტებოდა ხოლმე.

რაღაც უცნაური ბედისწერით, ევროპა-მსოფლიოს თუ დანარჩენ ტურნირთა შესარჩევ შეხვედრებში მიხაილინი მას ყოველთვის უგებდა, მაგრამ ოლიმპიადისთვის საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში ტმენოვი და მისი მწვრთნელი ალიკ ბეკუზაროვი რაღაც მანქანებით ახერხებდნენ წარმატების მოპოვებას.

ასე რჩებოდა მიხაილინი ოლიმპიადის მიღმა. ოცნება კი ტმენოვის სპორტიდან წასვლის შემდეგ აისრულა.

გასაგებია, რაოდენ დიდი იყო სურვილი, კარიერა ოლიმპიური ჩემპიონის რანგში დაესრულებინა. ლონდონში ფინალშიც გავიდა, მაგრამ ფრანგ ტედი რინერისთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. თუმცა მიხაილინი ოქროზე ფიქრს მაინც არ ეშვება და ახლა ბრაზილიას უმიზნებს, სადაც უკვე 37 წლისა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული