ეს სწორედ ის ასაკია, რომელსაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უწევს გამოსვლა და მათთვის საგანგებო ტურნირებიც ამ ღონისძიებისთვის უკეთ მოსამზადებლად შემოიღეს.
ახლანდელი ასპარეზობაც იმ ბირთვის გამოკვეთას ისახავს მიზნად, რომელსაც მწვრთნელები სამომავლოდ დაეყრდნობიან. მართალია, ეს ჯგუფი უკვე არსებობს და ამ ასაკში საქართველოს პირველობებიც ტარდება, მაგრამ ახალ-ახალი კადრების შევსება, კონტინგენტის განახლება მუდმივად საჭირო პროცესია.
ახლანდელი ტურნირიც ამ მიზანს ემსახურებოდა და დანიშნულება მეტ-ნაკლებად გაამართლა. ძნელია, ყოველ შეჯიბრებაზე ახალი
შეჯიბრებაში ქვეყნის ყველა რეგიონი მონაწილეობდა, სადაც კი ძიუდოა განვითარებული. მოზარდებმა მოტივაცია ბოლომდე გამოიყენეს და ბლომად მონაწილეც შეგროვდა - 210-მდე ნორჩი ფალავანი ჭიდაობდა.
ეს ციფრი ცოტა მეტიც იქნებოდა, რომ არა ფედერაციის ახლებური მიდგომა და პრინციპულობა - ვინც წონა ვერ ჩააბარა, მათ არც ახალ წონაში გამოსვლის ნება მისცეს და არც იმ წონებში აჭიდავეს ვინმე მათ ნაცვლად.
ადრე სხვაგან გადანაცვლებაც ჩვეულებრივი ამბავი იყო და მონაწილის შეცვლაც, იმის მიუხედავად, რომ ფედერაცია მუდამ ეწინააღმდეგებოდა ამას, როგორც დისციპლინის დარღვევას, მაგრამ ანგარიშს უწევდნენ გუნდების თხოვნას, თუმცა მუდამ აფრთხილებდნენ, რომ ეს იქნებოდა ბოლო შემთხვევა.
როგორც იქნა, ეს "ბოლო" ამ ტურნირზე დადგა, თუმცა წინააღმდეგობა ახლაც დიდი იყო. განსაკუთრებით - რეგიონების გუნდებისგან, რომლებმაც ყოველი გამოკლებული სპორტსმენის თბილისში ჩამოსაყვანად გარკვეული ხარჯი მართლაც გასწიეს, მაგრამ დისციპლინა რომ აუცილებელია და მოზარდი დასაწყისიდანვე უნდა მიაჩვიო წესრიგის დაცვას, ეს მათაც უნდა ესმოდეთ (იქნებ ამ მარტივი ჭეშმარიტების დარღვევაა, ეროვნულ გუნდებშიც ასე ხშირად რომ ვეჯახებით ზედმეტი წონის პრობლემას).
ახლანდელ დავაში ფედერაციას ჭაბუკთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც გვერდით დაუდგა, განსაკუთრებით - ნაკრებთა კოორდინატორმა ირაკლი უზნაძემ იაქტიურა და ფედერაციამ საბოლოოდ თავისი პოზიცია დაიცვა - ვისაც ზედმეტი წონა აღმოაჩნდა, უპირობოდ მოხსნეს შეჯიბრებიდან.
ფედერაციის კიდევ ერთი სიახლე წონით კატეგორიებს უკავშირდებოდა. ამ ასაკის ნაკრები შარშან შეიქმნა და ტურნირებსაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ ეს ბავშვები იზრდებიან, წონა ემატებათ და შარშანს მერე მათ დიდ ნაწილს ზედა წონაში უწევდა გამოსვლა.
ამიტომ დღის წესრიგში წონითი კატეგორიების შეცვლის საკითხი დადგა, რაც შემდეგნაირად განხორციელდა - გაუქმდა 30 კილოგრამის კატეგორია, სანაცვლოდ კი 60 შემოიღეს. შეიცვალა მძიმე წონაც, რომელიც +55-ის ნაცვლად +60 გახდა, თუმცა აქ ძველი სარეიტინგო ქულები გადაჰყვათ. 60-ში კი ათვლა ამ შეჯიბრებიდან დაიწყო.
კვარცხლბეკი
34 კგ. 1. სანდრო ძამაშვილი (ქვემო ქართლი); 2. ოთარ ტალახაშვილი (კახეთი); 3. გიორგი თინაშვილი (თბილისი), ვალერი ნოზაძე (სამცხე-ჯავახეთი).
38 კგ. 1. ნიკა კობაიძე (თბილისი); 2. გიორგი თუთაშვილი (იმერეთი); 3. საბა კაპანაძე (სამხრეთ ოსეთი), ნოდარ გელაშვილი (შიდა ქართლი).
42 კგ. 1. ლაშა ბექაური (კახეთი); 2. ლევან ფსუტური (შიდა ქართლი); 3. ამირან დარბაისელი (თბილისი), ვლადიმერ ახალკაცი (სამცხე-ჯავახეთი).
46 კგ. 1. ალეკო მამიაშვილი (შიდა ქართლი); 2. ლუკა ხერგიანი (ქვემო ქართლი); 3. ნიკა ზვიადაური, მიხეილ ბახბახიშვილი (ორივე - კახეთი).
50 კგ. 1. გოგა გოგაშვილი (თბილისი); 2. სოსო ებილაშვილი (ქვემო ქართლი); 3. ნოდარ ბერიაშვილი (სამხრეთ ოსეთი), საბა მეშველიანი (რაჭა-ლეჩხუმი).
55 კგ. 1. ნუგზარ ტაბლიაშვილი (ქვემო ქართლი); 2. ტარიელ ბუქულაშვილი (შიდა ქართლი); 3. ალეკო სულაკაძე (იმერეთი), ლაშა მათიაშვილი (კახეთი).
60 კგ. 1. შათირ შერაზადიშვილი; 2. რეზო თაბუკაშვილი (ორივე - შიდა ქართლი); 3. ნიკა ბურდული (კახეთი), ჰამლეტ მარგველაშვილი (თბილისი).
+60 კგ. 1. ამირან წიქორიძე (იმერეთი); 2. ჯაბა ქარელიშვილი; 3. ოთარ გოგიძე (ორივე - შიდა ქართლი), პაატა მარტიაშვილი (კახეთი).