ავსტრიელმა უკვე მოასწრო საფუძვლის ჩაყრა იზმაილოვოში მშენებარე ძიუდოს კომპლექსისთვის და იქაურ ჟურნალისტებთან კომენტარებიც გააკეთა.
ზაიზენბახერმა აქო იქაური სპორტსმენები, ბაზები, სპორტული ინფრასტრუქტურა, თუმცა ჩვენთვის ამაზე საინტერესო მისი გამოსვლის ის ნაწილია, სადაც უახლოეს სამომავლო გეგმებზე საუბრობს - ის თურმე აუცილებლად დაესწრება 30 ოქტომბერს ბაქოში გასამართ აზერბაიჯანის პირველობას და სამომავლო გუნდსაც პირველად იქ
შეუძლებელია, აქ არ გავიხსენოთ, როგორ უკეთებდა იგნორირებას ზაიზენბახერი საქართველოს პირველობას და არ ესწრებოდა მას, ოღონდ ეს უფრო ჩვენი ბრალია და არა მისი, რადგან კატეგორიულად არც ვთხოვდით ამას. აი, აზერბაიჯანელებმა მოსთხოვეს და კიდეც ჩადის ბაქოში.
ავსტრიელს ულაპარაკოდ უნდა დავეთანხმოთ აზერბაიჯანში სპორტისადმი გამოჩენილი ყურადღების აღმატებულ შეფასებაში.
მისი სიტყვების სიმართლის მორიგი მაგალითიც: ბაქომ ევროპის 2015 წლის პირველობის მასპინძლობაზე შეიტანა განაცხადი.
ქვეყანაში სპორტის განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი, მედლების გვერდით, ისიცაა, რამდენად ხშირად მასპინძლობს უმთავრეს საერთაშორისო შეჯიბრებებს. საქართველო კი ამ მხრივ ნამდვილად ვერ დაიკვეხნის - ერთი ხელის თითებიც გვეყოფა ჩვენთან წლიდან წლამდე გასამართი საერთაშორისო ტურნირების ჩამოსათვლელად და მათი უმეტესობაც არა პირველხარისხოვანი, არამედ რიგითი ასპარეზობაა.
მხოლოდ 2-3-ჯერ ვუმასპინძლეთ ევროპის პირველობას, რომელიც გაისადაც ჩატარდება ჭიდაობაში. უფრო მაღალ რანგზე კი ლაპარაკიც არაა.
ამასობაში ბაქომ ჭიდაობაში ხომ ბოლომდე გაიდგა ფესვი; ახლა ფეხბურთს, ძალოსნობას, კრივს, ძიუდოს და წამყვან ოლიმპიურ სახეობებსაც მიადგა...
ისე, მოდი და ნუ შეგშურდება მეზობლების - ბაქო 2015 წელს ევროპის მასპინძლობას აპირებს, დაღესტანი - იმავე წელს სულაც მსოფლიოს პირველობას უმიზნებს ჭიდაობაში, ჩვენ კი ამდენზე მხოლოდ თუ ვიოცნებებთ.
დაბოლოს, ძიუდოს თემაზე ერთი საინტერესო ცნობაც რუსეთიდან - იქაურებმაც ტრიუმფატორ იტალიელ მწვრთნელ ეციო გამბას რიოს ოლიმპიადამდე ხომ გაუგრძელეს კონტრაქტი, ახლა ქალთა ნაკრების გაწვრთნაც მას მიანდეს.
ამით ქალებში ვლადიმირ პუტინის პირად მწვრთნელ ანატოლი რახლინის ერაც დასრულდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"