პეტერ ზაიზენბახერი აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთხი წლით გახდა

AutoSharing Option
როგორც იქნა, დასრულდა გაჭიანურებული საგა პეტერ ზაიზენბახერის ირგვლივ - საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა აზერბაიჯანელებთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადისთვის იქაურთა გაწვრთნა ითავა.

ავსტრიელმა უკვე მოასწრო საფუძვლის ჩაყრა იზმაილოვოში მშენებარე ძიუდოს კომპლექსისთვის და იქაურ ჟურნალისტებთან კომენტარებიც გააკეთა.

ზაიზენბახერმა აქო იქაური სპორტსმენები, ბაზები, სპორტული ინფრასტრუქტურა, თუმცა ჩვენთვის ამაზე საინტერესო მისი გამოსვლის ის ნაწილია, სადაც უახლოეს სამომავლო გეგმებზე საუბრობს - ის თურმე აუცილებლად დაესწრება 30 ოქტომბერს ბაქოში გასამართ აზერბაიჯანის პირველობას და სამომავლო გუნდსაც პირველად იქ
დააკვირდება.

შეუძლებელია, აქ არ გავიხსენოთ, როგორ უკეთებდა იგნორირებას ზაიზენბახერი საქართველოს პირველობას და არ ესწრებოდა მას, ოღონდ ეს უფრო ჩვენი ბრალია და არა მისი, რადგან კატეგორიულად არც ვთხოვდით ამას. აი, აზერბაიჯანელებმა მოსთხოვეს და კიდეც ჩადის ბაქოში.

ავსტრიელს ულაპარაკოდ უნდა დავეთანხმოთ აზერბაიჯანში სპორტისადმი გამოჩენილი ყურადღების აღმატებულ შეფასებაში.

მისი სიტყვების სიმართლის მორიგი მაგალითიც: ბაქომ ევროპის 2015 წლის პირველობის მასპინძლობაზე შეიტანა განაცხადი.

ქვეყანაში სპორტის განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი, მედლების გვერდით, ისიცაა, რამდენად ხშირად მასპინძლობს უმთავრეს საერთაშორისო შეჯიბრებებს. საქართველო კი ამ მხრივ ნამდვილად ვერ დაიკვეხნის - ერთი ხელის თითებიც გვეყოფა ჩვენთან წლიდან წლამდე გასამართი საერთაშორისო ტურნირების ჩამოსათვლელად და მათი უმეტესობაც არა პირველხარისხოვანი, არამედ რიგითი ასპარეზობაა.

მხოლოდ 2-3-ჯერ ვუმასპინძლეთ ევროპის პირველობას, რომელიც გაისადაც ჩატარდება ჭიდაობაში. უფრო მაღალ რანგზე კი ლაპარაკიც არაა.

ამასობაში ბაქომ ჭიდაობაში ხომ ბოლომდე გაიდგა ფესვი; ახლა ფეხბურთს, ძალოსნობას, კრივს, ძიუდოს და წამყვან ოლიმპიურ სახეობებსაც მიადგა...

ისე, მოდი და ნუ შეგშურდება მეზობლების - ბაქო 2015 წელს ევროპის მასპინძლობას აპირებს, დაღესტანი - იმავე წელს სულაც მსოფლიოს პირველობას უმიზნებს ჭიდაობაში, ჩვენ კი ამდენზე მხოლოდ თუ ვიოცნებებთ.

დაბოლოს, ძიუდოს თემაზე ერთი საინტერესო ცნობაც რუსეთიდან - იქაურებმაც ტრიუმფატორ იტალიელ მწვრთნელ ეციო გამბას რიოს ოლიმპიადამდე ხომ გაუგრძელეს კონტრაქტი, ახლა ქალთა ნაკრების გაწვრთნაც მას მიანდეს.

ამით ქალებში ვლადიმირ პუტინის პირად მწვრთნელ ანატოლი რახლინის ერაც დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გშუდეთ გშურდეთ.......ცირეკას და გუჯეჯას ჩააბარეთ და მაგრად წავალთ წინ.ვაზაგაშვილი ასისტენტი ცირეკასი პუ თქვენს დამნიშვნელებს.მაგრამ იქნებ ახლამა მინისტრმა რამე გააკეთოს.ამბიცია მაგარი აქვთ იქნებ დისკვალიფიკაცია რაზე ქონდა ცირეკას გაერკვნენ..ვინ რას დაუჯერებს გუჯეჯას და ცირეკას ?ფულის მახეააააააა.
ameri
03:19 12-10-2012
0

სიახლეები პოპულარული