ჩვენებურს სრულყოფილი წარმატება და 5 000 დოლარის დაუფლება უხერხულმა მეტოქემ, რუსთა ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა ბესლან მუდრანოვმა არ დაანება.
არადა, პაპინაშვილი ფინალამდე ლამის მაქსიმალური შედეგით მივიდა - სამიდან ორ შეხვედრაში იპონით იმარჯვა, ერთში - ვაზარით.
მისი პირველი მსხვერპლი ლიბანელი ზიადე დამიენი გახდა, ვისაც სულ რაღაც 40 წამში მოუთავა ხელი.
მომდევნო მეტოქე - ამერიკელი ნიკოლას კოსორი ლიბანელზე გვარიანად ძლიერია და ჩვენებურსაც უფრო დიდხანს გაუძალიანდა, 3 წუთზე მეტხანს, თუმცა იპონზე
ამ მოგებით პაპინაშვილი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მის წინააღმდეგ ბრძოლის უფლება მონღოლმა ამარტუვშინ დაშდაავამ მოიპოვა.
არადა, ბადის იმ ნახევრიდან, საიდანაც ნახევარფინალის გზა გაიკაფა, თითქოს უფრო ძლიერი მისი თანაგუნდელი განბაატარ განბატი ჩანდა, მაგრამ დაშდაავამ წმინდად მოუგო თანამემამულეს.
პაპინაშვილი მონღოლებთან საკმაოდ წარმატებით ჭიდაობს, თუმცა დაშდაავას პირველად შეხვდა. ამის მიუხედავად, ტრადიცია არ დაარღვია და მასთანაც გაიმარჯვა, ოღონდ ეს შედარებით გაუჭირდა. ამჯერად მორიგ იპონსა და ვადამდელ გამარჯვებას ვერ შეწვდა, მხოლოდ ვაზარს დასჯერდა.
მუდრანოვისა და პაპინაშვილის გზები უკვე მესამედ გადაიკვეთა. სამწუხაროდ, რუსმა მესამე მოგება მიითვალა.
უცნაურია, მაგრამ სამივე ორთაბრძოლა წლევანდელ სეზონზე მოდის - პირველად იანვარში ალმატიში იჭიდავეს მასტერსზე, მეორე შეხვედრა კი ევროპის წლევანდელი პირველობის ნახევარფინალში გაიმართა.
სამწუხაროა, რომ პაპინაშვილი მასთან ამჯერადაც დამარცხდა - 30 წამში იპონზე დაეცა.
ამდენად, ჩვენებური ვერცხლის მედალს დასჯერდა, რამაც 3 000 დოლარი მოუტანა. მესამე ადგილზე დაშდაავა და ბრაზილიელი დიეგო სანტოსი გავიდნენ, რომელმაც ტურნირიდან ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის ავსტრიელი მედალოსანი ლუდვიგ პაიშერი გამოთიშა.
11 ოქტომბერს, შეჯიბრების სადებიუტო დღეს, ამ რანგის ტურნირზე დებიუტი ჰქონდა ჩვენს მეორე მონაწილეს - იაკობ გაზდელიანს (66), რომელსაც წილისყრამ არ გაუმართლა და პირველივე მეტოქედ იაპონელი მასაში კოდერა არგუნა.
ცხადია, აქ ფავორიტად აზიელი მიიჩნეოდა, იმის მიუხედავად, რომ ჯერ არაა ტიტულოვანი. თან ჩვენებურმა წონა არ დაიკლო, თორემ 60-ის მოჭიდავეა.
იაპონელმა მართლაც გაამართლა ლიდერის სტატუსი - იოლად, იპონით იმარჯვა და მერე ნახევარფინალშიც გავიდა, თუმცა იქ უზბეკ რიშოდ სობიროვთან დამარცხდა და მესამეზე დარჩა.
ეს მოგება საბოლოოდ არც სობიროვს შერჩა და ფინალში დამარცხდა. ამ წონაში საინტერესოდ განვითარდა მოვლენები.
შეჯიბრება არც ისე ძლიერია, წამყვან ფალავანთა უმეტესობა არ გამოდის, განსაკუთრებით - ლონდონის ოლიმპიადის ტრიუმფატორები თუ რიგითი მედალოსნები, მაგრამ სობიროვი გამონაკლისია - მსოფლიოს ზედიზედ ორგზის ჩემპიონი ლონდონში მესამეზე გავიდა, ოღონდ ისიც 60-ში გამოდის.
ამჯერად აბუ დაბიში 66-ის მართვის სადავეები არა ამ წონის ძველმა ლიდერებმა, არამედ სწორედ 60-დან ამონაცვლებულმა ფალავნებმა იგდეს.
თანაც - წარმატებულმა ფალავნებმა: სობიროვის ტიტულები უკვე გითხარით და მეორე ფინალისტი აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ნიჯატ შიხალიზადა გახდა.
აზერბაიჯანელს ფინალამდე სულ ორი შეხვედრა ელოდა არც ისე ძლიერ მეტოქეებთან - ამერიკელ ბრადფორდ ბოლენთან და უცნობ იაპონელ შოგო მაენოსთან.
მან ორივესთან წმინდად იმარჯვა, თუმცა ყველაზე ძლიერად მაინც ფინალში იჭიდავა სობიროვთან - ჯერ ვაზარი აართვა, მერე კი პირდაპირ ბეჭებზე დასცა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ შიხალიზადამ მოასწრო და 20 წლის ასაკში ორჯერ მიიღო დისკვალიფიკაცია დოპინგის მიღების გამო. მეორედ მან ოთხწლიანი სასჯელი მოიხადა, თუმცა მაინც შეძლო სპორტში წარმატებით დაბრუნება.
აბუ დაბის "დიდი პრიზი" მისთვის უკვე მეხუთე ტურნირი იყო ახალ წონაში - 66-ში, სობიროვი კი პირველად გამოვიდა იქ.
ჯერჯერობით არ შეიძლება იმის თქმა, აპირებენ თუ არა ისინი 66-ში საბოლოოდ გადასვლას.
ქალთა ტურნირთან დაკავშირებით ჩვენთვის უსიამოვნო ერთ ტენდენციას მივაქცევთ ყურადღებას - 52 კილოგრამში კოსოვოელმა მაილინდა კელმენდმა გაიმარჯვა, ხოლო 57-ში მისი თანაგუნდელი ნორა გლაკოვა მესამეზე გავიდა.
ისინი აქამდე საერთაშორისო ტურნირებში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელითა და დროშით გამოდიოდნენ, ახლა კი კოსოვოს სახელით, დროშითა და ჰიმნით წარსდგნენ. რატომაა ეს ფაქტი ჩვენთვის უსიამოვნო, ვფიქრობთ, ახსნა არ სჭირდება.
12 ოქტომბერს აბუ დაბიში მორიგი ორი წონის - 73-ის და 81-ის ფალავნები იჭიდავებენ, თუმცა ჩვენ წარმომადგენელი მხოლოდ 81-ში გვეყოლება - შოთა ჯავახაძე. ისიც ამ რანგის შეჯიბრებათა დებიუტანტია და პირველ შეხვედრას ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან გამართავს.
ჩვენებურის არ იყოს, დიდი გამოცდილებით ვერც ბრაზილიელი დაიკვეხნის და თუ ჯავახაძე ამ ბარიერს დაძლევს, ნახევარფინალის საგზურისთვის შვედ რობინ პაცეკსა და ლიბიელ ფრანკოის საადეს შორის მოგებულთან იჭიდავებს.
კვარცხლბეკი. ვაჟები.
60 კგ. 1. ბესლან მუდრანოვი (რუსეთი); 2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო); 3. ამარტუვშინ დაშდაავა (მონღოლეთი), დიეგო სანტოსი (ბრაზილია).
66 კგ. 1. ნიჯატ შიხალიზადა (აზერბაიჯანი); 2. რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი); 3. მასაში კოდერა, შოგო მაენო (ორივე - იაპონია).
ქალები
48 კგ. 1. გაბრიელა ციბანა (ბრაზილია); 2. ამელია როსენუ (ბელგია); 3. ოტგონტსეტსეგ გალბადრაკი (მონღოლეთი), ტასიანა ლიმა (ბრაზილია).
52 კგ. 1. მაილინდა კელმენდი (კოსოვო); 2. ერიკა მირანდა; 3. ელაუდის ვალემტიმი (ორივე - ბრაზილია), იისე ჰაილენი (ბელგია).
57 კგ. 1. ჰელენა რესევა (საფრანგეთი); 2. ტინა ზელტნერი (ავსტრია); 3. ნორა გლაკოვა (კოსოვო), კეტლინ კუატროსი (ბრაზილია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"