ირაკლი ცირეკიძე ძიუდოისტთა შემადგენლობის დასახელებას არ ჩქარობს

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძის სამწვრთნელო დებიუტი 27-28 ოქტომბერს ბრაზილიურ სალვადორ დე ბაიაში გასამართ მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე შედგება. იმ ტურნირისთვის ჩვენი ვაჟთა ნაკრები ანაკლიაში ემზადება, სადაც დასკვნით შეკრებას გადის. მწვრთნელთა ჩათვლით, ცირეკიძის განკარგულებაში 30 კაცია, რომლებიც სასტუმროში ცხოვრობენ და ადგილობრივი სკოლის დარბაზში ვარჯიშობენ. ცირეკიძე მოსამზადებელი პირობებით კმაყოფილია და როგორც სატელეფონო საუბარში გვითხრა, პრობლემები არ აქვთ.

მთავარი მწვრთნელი ჯერჯერობით ბრაზილიაში წასაყვანი შემადგენლობის დასახელებას არ ჩქარობს, თუმცა ძირითადი ბირთვი მისთვისაც ცნობილია და ლიდერთა გამოცნობა არც ქომაგისთვისაა დიდი გამოცანა. აქ მცირე ინტრიგას
მხოლოდ ის ქმნის, მისცემს თუ არა მწვრთნელი თავის გამოჩენის შანსს სათადარიგოებს.

სავარაუდოდ, მონაწილეთა შორის ვერ ვიხილავთ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს (66), რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ავსტრიაში თიაქარის ოპერაცია გაიკეთა და სრულყოფილად გამოჯანმრთელებას, მერე კი ფორმაში შესვლას ვერ ასწრებს.

ცირეკიძე შემადგენლობას კვირის ბოლოს დაასახელებს. გუნდი ანაკლიაში 22 ოქტომბრამდე დარჩება, 24-ში კი სტამბულიდან ბრაზილიაში გადაფრინდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს გუნდური პირველობა პირადისაგან რამდენადმე განხვავებული ფორმატით ტარდება - აქ 7-ის ნაცვლად 5 წონითი კატეგორიაა. კერძოდ, გაუქმებულია 60 კილოგრამი და ჭიდაობა პირდაპირ 66-იდან იწყება, 90-ს ზევით ორი წონა კი გაერთიანებულია. ამდენად, გუნდურში გვრჩება 66, 73, 81, 90 და +90 წონები.

მსოფლიოს წლევანდელ პირველობაში ვაჟთა ტურნირში, ჩვენს გარდა, მასპინძელთა გუნდი, იაპონია, კორეა, უზბეკეთი, მონღოლეთი, რუსეთი, უკრაინა, კუბა, საფრანგეთი, აშშ, ალჟირი, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და ვენესუელა გამოვლენ; ქალებში კი ბრაზილია, იაპონია, კორეა, ჩინეთი, აშშ, მონღოლეთი, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი, მექსიკა, უკრაინა, ალჟირი და არგენტინა იჭიდავებენ.

ცირეკიძის არ იყოს, შემადგენლობას ჯერ არც სხვა გუნდების ხელმძღვანელები ასახელებენ, თუმცა რუსთა გუნდი მაინც გავარკვიეთ. ოფიციალურად ჯერ არც მათ გამოუცხადებიათ არაფერი, მაგრამ ეს საქმე დაღესტნურმა საჭიდაო პორტალმა ითავა. იმათაც იმიტომ იჩქარეს, რომ ნაკრებში ორი დაღესტნელია მიწვეული - ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი (81) ყიზილიურტიდან და რუსეთის წლევანდელი ჩემპიონი, ახალგაზრდებიდან შარშან გადმოსული კამალ ხან-მაგომედოვი (66) დერბენტიდან.

ამათ გარდა, იტალიელმა მწვრთნელმა ეციო გამბამ რუსთა გუნდში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ალიმ გადანოვი (66), ბატდრაზ კაიტმაზოვი, მურად კოძოკოვი (ორივე - 73), მურატ ხაბაჩიროვი (81), კირილ ვოპროსოვი, კამილ მაგომედოვი (ორივე - 90), ევროპის ექვსგზის და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი ალექსანდრ მიხაილინი და რენატ საიდოვი (+90) შეიყვანა.

როგორც ვხედავთ, გამბამ აქცენტი უფრო სათადარიგოებზე გააკეთა. გაირკვა ისიც, რომ ბრაზილიელთა გუნდებს ლონდონის ოლიმპიადის მედალოსნები - ფელიპე კიტადაი (60) და მაირა აგუიარი (78) უკაპიტნებენ, თუმცა არაფერია ცნობილი, იჭიდავებს თუ არა მათი წლევანდელი ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი სარა მენეზესი (48).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული