ირაკლი ცირეკიძემ მსოფლიოს გუნდური პირველობისთვის შემადგენლობა გააცხადა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ დაასახელა ის შემადგენლობა, რომლითაც 27-28 ოქტომბერს ბრაზილიურ სალვადორ დე ბაიაში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში გამოვა.

მოგეხსენებათ, ეს ტურნირი ხუთ წონით კატეგორიაში ტარდება, ცირეკიძეს კი იქ ექვსი ფალავანი მიჰყავს - რაკი შეჯიბრების დებულება მონაწილის შეცვლის უფლებას აძლევს, სათადარიგო ვარიანტსაც იყენებს.

ესენია შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90) და ლევან მატიაშვილი (+90).

როგორც ვხედავთ, ცირეკიძე ძირითადად ძველ კადრებს დაეყრდნო და ექსპერიმენტებს ნაკლებად მიმართა.

ლიდერი მხოლოდ
ორ წონაშია შეცვლილი და იმათგანაც ერთში - 66-ში ეს უფრო იძულებითია, ვინაიდან ამ წონის ფავორიტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ახლახან ოპერაცია გაიკეთა და ჯერ კიდევ ვერ ვარჯიშობს.

ამის მიუხედავად, ძირითად შემადგენლობაში წელის ქრონიკული ტკივილით გატანჯული ქარდავას გამოჩენა მაინც საყურადღებოა.

ცირეკიძის თქმით, მან ტრავმა მოირჩინა და მთელი დატვირთვით ვარჯიშობს. მძიმე წონაში ოლიმპიადამოვლილი ლიდერები, ჩანს, ისევ ისვენებენ და მწვრთნელმაც შანსი ახალგაზრდა მატიაშვილს მისცა.

მით უფრო, ეს ბიჭი სექტემბერში 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა და ნამდვილად კარგი მოჭიდავეა, პერსპექტიული. ამ წონაში ნოდარ მეტრეველის წაყვანაც იგეგმებოდა, მაგრამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

შესაძლოა, ცირეკიძემ ვრცელ ექსპერიმენტებს იმიტომაც არ მიმართა, რომ ეს მისთვის პირველი ტურნირია მწვრთნელის რანგში და ცხადია, წარმატებით გამოსვლა ორმაგად სურს.

ჩვენი უტიტულოვანესი ძიუდოისტისთვის ბრაზილიაც ფეხბედნიერია - 2007 წელს სწორედ იქ მოიპოვა თავისი პირველი დიდი ტიტული, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რასაც მომდევნო წელს ოლიმპიადაზე გამარჯვებაც თან მიაყოლა. ვინძლო, სამწვრთნელო ასპარეზზე პირველ გამარჯვებასაც ბრაზილიაში მიაღწიოს.

ჩვენი ნაკრები ამჟამად ანაკლიაშია შეკრებაზე, რომელსაც 21 ოქტომბერს საღამოს დაამთავრებს და თბილისში დაბრუნდება, 24 ოქტომბერს კი სამხრეთ ამერიკისკენ აიღებს გეზს.

თავდაპირველად იქ წასვლა სტამბოლის გავლით იგეგმებოდა, მაგრამ მოგვიანებით გეგმები შეიცვალა.

გამგზავრების თარიღი კვლავაც უცვლელია - ისევ 24-ში გაემგზავრებიან, მაგრამ ამჯერად ყატარის ავიახაზების რეისით ანუ თბილისიდან ჯერ დოჰაში გადაფრინდებიან, იქიდან - სან პაულუში, საიდანაც სალვადორ დე ბაიაში ჩავლენ.

ცირეკიძეს შავდათუაშვილსა და ნაკრების სამომავლო გეგმებზეც დავეკითხეთ. მისი თქმით, ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებს მსუბუქად ვარჯიშს და ნელ-ნელა გაზრდის დატვირთვებს.

ნაკრებს რაც შეეხება, ბევრ რამეს განსაზღვრავს ნოემბერში დანიშნული საქართველოს ჩემპიონატი, თუმცა ჯერ საჭირო თანხები არაა და ამიტომ ვერც ზუსტ თარიღს ასახელებენ. ეს საკითხი სპორტის ახალ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაი ვაი ვაი.ტურნირებზეც ოჯახებით არ წავიდნენ.დავინახავთ რასაც გააკეტებენ ,ჯერ კიდე რასაც ვარზელაშვილი ეუბნება მაგას აკეტებს ცირაც ვის დაუზახა რომელ ბიჭებს? უკვე დაწყო მოტყვილებები.ასისტენტი ვაზაგაშვილი არ გეცინებათ და ცირეკიძე მტავარი მწვრთნელი
ameri
13:29 20-10-2012
0
ირაკლი ბიდზიკო შეგიძლია ნახო ოლიმპიადა მოვლილი მძიმე წონოსანი არ ისვენებს და ვარჯიშობს და ხალხი შეცდიმაში ნუ შეგყავსსს....
Adidasss
12:25 20-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული