კახეთში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიეს

AutoSharing Option
25 ოქტომბერს საგარეჯოში ძიუდოს კახეთის რეგიონული ფედერაციის საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომელმაც ახალი პრეზიდენტი აირჩია - ძიუდოს დიდი ქომაგი, ბიზნესმენი მიხეილ სვიმონიშვილი.

მის კანდიდატურაზე რეგიონის წარმომადგენლები ადრევე შეთანხმდნენ და არჩევნები აქამდეც უნდა გამართულიყო, მაგრამ ხელი თავად კანდიდატის ავადმყოფობამ შეუშალა. საბედნიეროდ, ეს პრობლემა მოგვარდა და არჩევნებიც შედგა.

ყრილობას რეგიონის ყველა რაიონის წარმომადგენელი ესწრებოდა და რაკი სხვა კანდიდატურა არც ყოფილა, სვიმონიშვილი ერთხმად აირჩიეს.

მისივე წარდგინებით დაამტკიცეს რეგიონული ფედერაციის აღმასკომიც, რომელშიც თავად პრეზიდენტთან, მამუკა კურდღელაშვილთან, მამუკა მათიაშვილთან და კახა წიკლაურთან ერთად ჯერ კიდევ მოქმედი
ძიუდოისტი და ნაკრების კანდიდატი ზვიად ხანჯალიაშვილიც აირჩიეს, რომელსაც გენერალური მდივნის პოსტიც ასევე ერთსულოვნად ანდეს.

აქვე გეტყვით, რომ თავად ფალავანმა უარყო ბოლო ხანებში გავრცელებული ხმები სპორტიდან მისი წასვლის შესახებ და განგვიცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ამას არ აპირებს და ვარჯიშს აგრძელებს.

ახალარჩეულმა პრეზიდენტმა თავის უპირველეს ამოცანად რეგიონში მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ბავშვთა სპორტის გამოცოცხლება დაასახელა.

ცხადია, სხდომის მონაწილეებმა გვერდი ვერ აუარეს რეგიონის ძიუდოს ბოლოდროინდელ ჩავარდნას, როცა მათი წარმომადგენლობა ეროვნულ ნაკრებში სულ უფრო მცირდება, ხოლო ოლიმპიადაზე არც ჰყავდათ მონაწილე. ითქვა, რომ კახეთმა ტრადიცია არ უნდა დაკარგოს.

ბუნებრივია, სხდომას არც პრობლემებზე მსჯელობის გარეშე ჩაუვლია, მთავარ თემად კი ხელფასების საკითხი იქცა, რომელიც თავად სვიმონიშვილმა წამოჭრა.

"გაკვირვებული დავრჩი, როცა ხელფასებით დავინტერესდი. 200 ლარზე მომუშავე კაცს რა უნდა მოვთხოვო? მას ოჯახი ჰყავს სარჩენი და საკუთარ ბაღ-ვენახსაც უნდა მიხედოს" - გაკვირვებულმა იკითხა მან, თუმცა გაირკვა, რომ 200 ლარი კიდევ ბევრია, ზოგან 140 ლარზე მომუშავე მწვრთნელებიც ჰყოლიათ.

ეს მართლაც საჭირბოროტო საკითხი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ნუცუბიძემ განმარტა.

მისი თქმით, ეს დიდწილად დამოკიდებულია ადგილობრივ ხელისუფლებაზე, ანუ მუნიციპალურ დაფინანსებაზე და რეგიონულმა ფედერაციებმა სწორედ ამ კუთხით უნდა იაქტიურონ.

ნუცუბიძემ მათ სხვა, მარკეტინგული გზაც უჩვენა, რაც რეგიონული ფედერაციების ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება უნდა იყოს - დანებად დაყოფის სისტემა, ანუ სპორტსმენთა კლასიფიკაცია.

ეს შემდეგ მექანიზმს გულისხმობს: ვისაც პროფესიულ დონეზე უნდა კარიერის გაგრძელება, ის გადასახადსაც იხდის, როგორც დასავლურ სამყაროშია.

რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადის, გადასახადიც მით უფრო იზრდება. აქედან კი პროცენტები რეგიონულ ფედერაციებსაც რჩებათ, რაც ისევ მომავალი თაობის აღზრდაზე დაიხარჯება, იმავე მწვრთნელების თუ სპორტსმენების ხელფასების, ანუ სოციალური დაცვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თუ სხვა კუთხით.

დასასრულს, ნუცუბიძემ მათ 28 ოქტომბერს ძიუდოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებში მონაწილეობაც სთხოვა.

ამ დღეს ყველა რაიონში განზრახულია სპორტული შეჯიბრებების ჩატარება, რის საფუძველზეც შეგროვდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც დამუშავდება და საერთაშორისო ფედერაციას გადაეგზავნება საიტზე ჩასატვირთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული