მსოფლიოს გუნდური პირველობა - სამი ქართული განზომილება ბრაზილიაში

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 29 ოქტომბერს, გამთენიისას, ბრაზილიურ სალვადორში დასრულდა მსოფლიოს გუნდური პირველობა ძიუდოში, რომელშიც ქალთა შეჯიბრება იაპონელთა, ვაჟთა კი რუსთა ზეობით წარიმართა, ჩვენი ვაჟთა ნაკრები კი მესამეზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ რუსებისთვის ეს პირველი ჩემპიონობა იყო, ჩვენებმა კი ორჯერ მოიგეს - 2006 წელს პარიზულ ფინალში სწორედ რუსებს აჯობეს, მეორე წარმატებას კი ტოკიოში მიაღწიეს, როცა ფინალში უზბეკებს 4:2 სძლიეს.

გუნდმა ორივე წარმატებას შოთა ხაბარელის ხელში მიაღწია, რომელიც ზუსტად მეორე გამარჯვების შემდეგ გაუშვეს თანამდებობიდან.

საერთოდ, ამ ტურნირის ისტორია 1994 წლიდან იწყება. წლეულს მეცხრედ გაიმართა, ჩემპიონობა
კი აქამდე სულ სამად-სამ გუნდს ეზეიმა - იაპონია 4-ჯერ ფლობდა უძლიერესის წოდებას, ჩვენ და საფრანგეთი კი - 2-2-ჯერ, თუმცა ფრანგებმა ორივეჯერ შინაურ კედლებში მოიგეს.

რუსებმა მთელი ტურნირი ძალიან ძლიერად ჩაატარეს. ვერ გეტყვით, რა სისხლი გადაუსხა ამ გუნდს იტალიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეციო გამბამ, მაგრამ ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ გუნდი კვლავაც აგრძელებს წარმატებას.

აკი წერენ კიდეც რუსები, ეს ოქრო ოლიმპიური მიღწევის გაგრძელებააო. არადა, ნაოლიმპიადევი ხალხიდან ამჯერად მხოლოდ მსოფლიო სამგზის მძიმეწონოსანი ჩემპიონი, ლონდონური ფინალის მონაწილე ალექსანდრ მიხაილინი ჭიდაობდა, თორემ დანარჩენ წონებში სულ სხვები აჭიდავეს.

იმათგანაც ტიტულოვანი მხოლოდ ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი (81) იყო, თუმცა ამ გუნდითაც კი დიდ წარმატებას მიაღწიეს. რუსებმა ყველა შეხვედრაში ძლიერად იჭიდავეს და უმეტესად დამაჯერებლად მოიგეს.

წარმატების საიდუმლო გამბას სავარჯიშო სისტემაში და ახლებურ მიდგომებში უნდა ვეძებოთ - ის თავის გამოჩენის შანსს ყველას აძლევს, ჩვენი სათადარიგოები კი შეჯიბრებებით ასე განებივრებულნი ვერ არიან.

ამიტომ გვიჭირს ლიდერთა სრულფასოვანი შეცვლა, როცა ამის საჭიროებაა. თუმცა იმას არ ვამბობთ, თითქოს ამჯერად მეორე ნომრებმა ვერ გაამართლეს. პირიქით - კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გუშინდელ ნათქვამს, რომ ბევრმა მათგანმა ადრინდელზე უკეთ იასპარეზა და სიურპრიზი შემოგვთავაზა.

წლეულს ჩვენმა ნაკრებმა ჩელიაბინსკში გამართული ევროპის პირველობა მოიგო - ფინალში იქაც რუსებს აჯობეს, თუმცა სეზონში დუბლი ვეღარ გაახერხეს.

ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 5-დან ორ წონაში უპირველესი ლიდერების გარეშე ვჭიდაობდით - 66 კილოგრამში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ჯერაც თიაქარის ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, მძიმე წონაში კი ლიდერთა შეკრება ობიექტურ-სუბიექტური მიზეზების გამო ვერა და ვერ მოხერხდა.

საბოლოოდ ჩვენები იაპონიასთან დამარცხდნენ და 2:2-ზე გადამწყვეტი სწორედ მძიმეწონოსანთა შერკინება გამოდგა. არ გვინდა, ვინმემ ისე გაგვიგოს, რომ თითქოს ამ შეხვედრაში მარცხისთვის ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ლევან მატიაშვილს ვაკრიტიკებთ, მით უფრო, მეტოქედ მსოფლიოს ჩემპიონი დაიკი კამიკავა ჰყავდა, მაგრამ ვფიქრობთ, ადამ ოქრუაშვილსაც და ზვიად ხანჯალიაშვილსაც მასთან მეტი შანსი ექნებოდათ - მოგებისა თუ არა, ფრედ დასრულებისა მაინც; მერე კი შეხვედრის ბედს დამატებითი მაჩვენებლები გადაწყვეტდა.

სავარაუდოდ, იქ ჩვენებს უპირატესობა ექნებოდათ ნუგზარ ტატალაშვილისა (73) და ვალერი ლიპარტელიანის (90) ორი წმინდა მოგების გამო.

ამ ტურნირის დაწყებამდეც ვწერდით, რომ ეს შეჯიბრება სადებიუტო იქნებოდა ორი ქართველი მწვრთნელისთვის - ჩვენს ვაჟებს პირველად გაუძღვებოდა ირაკლი ცირეკიძე, რუს ქალებს კი ასევე პირველად დამოძღვრავდა თეა დონღუზაშვილი; ოღონდ ცირეკიძე თუ ერთპიროვნული მმართველია, დონღუზაშვილი გამბას ხელმძღვანელობით მუშაობს.

ბრაზილიაში ცირეკიძის ხვედრი ბრინჯაოს მედალი აღმოჩნდა, დონღუზაშვილს კი იქამდე ერთი მოგება დააკლდა - რუსი ქალები დამამშვიდებლის ფინალში კუბელებთან დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.

ამდენად, ცირეკიძისთვის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მისი შეგირდის - ავთანდილ ჭრიკიშვილისთვის (81), რომლის გდებაც (პირველ წრეში) საუკეთესოდ აღიარეს.

დასასრულს, გუშინდელ წერილში გაპარულ ერთ უზუსტობაზე, რაც ნაწილობრივ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზითაც მოხდა, რადგან ოფიციალურ საიტზე კონკრეტულ შეხვედრებში მონაწილეთა ვინაობა არ იწერებოდა - ჩვენი გუნდიდან 73 კილოგრამში ტატალაშვილმაც და ზებედა რეხვიაშვილმაც 2-2 შეხვედრა ჩაატარეს და არა 3:1, როგორც გვეწერა. აქედან ორივემ თითო მოიგო და თითო წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავთანდილ ჭრიკიშვილმა მეტოქე ტატამზე კისრით დაარჭო! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორ თუ ერთპიროვნული,ჩვენს ქალებსაც ცირეკიძე წვრთვნის?
luno
20:30 30-10-2012
0
სხვამაც მოიგოს ეგრე შემთხვევით და ქართულ სპოტსაც ეშველება.მეტი კი არაფერი გვინდა
nika
01:33 16-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული