ზვიად გოგოჭური შვედეთს გაუშინაურდა

AutoSharing Option
არა გვგონია, შვედეთის ქალაქი ბორაცი საქართველოში ბევრმა იცოდეს, ხოლო თუ ვინმეს სმენია, ალბათ, უფრო იქაური საფეხბურთო კლუბის გამო.

არადა, ამ ქალაქში ყოველწლიურად ტარდება ძიუდოისტთა საკმაოდ პოპულარული ტურნირი - ევროპის თასი.

ამ რანგის შეჯიბრებები იმათთვისაა განკუთვნილი, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში ვერ ხვდებიან და, შესაბამისად, ვერც მსოფლიოს თასებსა თუ უფრო პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებებში გამოდიან.

სათადარიგოებისთვის ეს საერთაშორისო გამოცდილების, სატურნირო პრაქტიკის მიღების ჩინებული შანსია, ნაკრებთა მწვრთნელები სწორედ მსგავს შეჯიბრებებს იყენებენ რეზერვის გამოსაცდელად.

ამიტომ იქნებ ამგვარ ტურნირებში უპირველესი ვარსკვლავები არ გამოდიან, მაგრამ მონაწილე
საკმაოდ ბევრი იკრიბება ხოლმე.

ამ უქმეებზე ჩატარებულ ასპარეზობაშიც ასე იყო - 24 ქვეყნის 255 ძიუდოისტი მონაწილეობდა, საქართველო კი ერთადერთი მონაწილით - ზვიად გოგოჭურით (90) იყო წარმოდგენილი. ის ქართველთაგან ძირითადად უფულობის გამო უარყოფილი ამ შეჯიბრების, ვგონებთ, ყველაზე სტაჟიანი მონაწილეა - წინა წლებშიც ხშირად გამოსულა იქ. როგორც ადრე, ამჯერადაც თავისი ხარჯით იასპარეზა.

გოგოჭური ტურნირში პირველივე წრიდან ჩაება, სადაც ფრანგ ნევენ მონდესირ ფერეის ვაზარით მოუგო.

მომდევნო წრეში გერმანელი რობინ რაიბედანზი დააიპონა, მეოთხედფინალში კი მის თანაგუნდელსა და მომავალ ფინალისტ მარკ ოდენტალთან ვაზარით წააგო.

ამის შემდეგ გოგოჭური დამამშვიდებელში გადავიდა, სადაც ერთი მოგებით ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლებასაც მოიპოვებდა, მაგრამ ხელი მოეცარა. თუმცა მეტოქეც ანგარიშგასაწევი ჰყავდა - საფრანგეთის ნაკრების წევრი ვინსენტ მასიმინო.

სამწუხაროდ, ძლიერმა მეტოქემ პირწმინდად დაგვიჩაგრა ფალავანი - სამივე ხარისხის ქულა აართვა და წმინდად დაამარცხა. საბოლოოდ ფრანგი მესამეზე გავიდა, გოგოჭური კი მეცხრე ადგილზე დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული