პეტერ ზაიზენბახერი თავისას არც ბაქოში იშლის

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ავსტრიელმა მსოფლიოსა და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონმა პეტერ ზაიზენბახერმა ახალ ქვეყანაში მისვლისთანავე გამოაჩინა ბრჭყალები.

მოგეხსენებათ, ის აზერბაიჯანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მოვალეობის ოფიციალურად შესრულებას 30 ოქტომბრიდან შეუდგა და მაშინვე გუნდიდან ერთ-ერთი ტიტულოვანი სპორტსმენი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ერთგზის ბრინჯაოსმედალოსანი ელხან მამადოვი (90) მოკვეთა. ავსტრიელმა მიზეზად გუნდის გაახალგაზრდავება დაასახელა.

მართალია, მამადოვი 30 წლისაა და 2016 წელს გასამართ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადამდე ასაკი მართლაც დაასრულებინებს კარიერას, მაგრამ 30 წელიწადი რომ საგანგაშო არაა, ეს ლონდონის ოლიმპიადის ფინალში
ლაშა შავდათუაშვილის (66) უნგრელმა მეტოქე მიკლოშ უნგვარიმაც დაადასტურა - ის 32 წლისა გავიდა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრების ფინალში.

თანაც, მამადოვი რაღაც სიბერის ჟამს განიცდის აღმავლობას - ევროპული მედლები 2009 (გახსოვთ - ეს ტურნირი თბილისში ჩატარდა) და 2010 წლებში მოიპოვა, მსოფლიოს ბრინჯაოს კი იმავე 2010 წელს დაეუფლა.

ამას ისიც ემატება, რომ მამადოვმა 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის პირველობაც უპრობლემოდ მოიგო. თანაც, ახლა 100 კილოგრამში გამოვიდა. მართალია, ამჯერად არ ჭიდაობდა ამ წონის ლიდერი, ევროპის პრიზიორი ელმარ გასიმოვი, თუმცა მამადოვს ახალ წონაში უმისოდაც რომ გაემარჯვა, მაინც არაა ეს იოლი საქმე.

ზაიზენბახერის ეს გადაწყვეტილება უცნაური იმითაც ჩანს, რომ აზერბაიჯანელებს 90-ში მამადოვის შესაცვლელად სხვა რეალური კანდიდატი არც ჰყავთ.

მართალია, ოლიმპიადამდე მთელი ოთხი წელიწადია და იქნებ ამბიციური ავსტრიელი იმედოვნებს, რომ მანამ ვინმეს გამოზრდის, თუმცა სადღეისოდ ბაქოელებს ასეთი არავინ უჩანთ.

მართალია, 2010 წელს მაროკოულ აგადირში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე შაჰინ გარამანოვმა ბრინჯაო მოიპოვა, მაგრამ გაგიგონიათ ეს ბიჭი ვინმეს? იმის შემდეგ მას არაფერი მოუგია.

საერთოდ, ბაქოში შარშან გამართული მსოფლიოს თასის შემდეგ მას, ვგონებთ, არც უჭიდავია, თუმცა რეალური კანდიდატიც რომ ჰყავდეთ მამადოვის შესაცვლელად, ასეთი მკვეთრი მოძრაობა, რაც ხელის კვრას ჰგავს, მაინც გაუმართლებლად მიგვაჩნია.

გარდა იმისა, რომ ეს უპატივცემულობაა ლიდერისა და დამსახურებული კაცისადმი, იმ ახალს კონკურენტი სჭირდება. ამ საქმეში კი მამადოვის ასაკის ხალხს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია.

აქვე ძალაუნებურად ჩნდება კითხვა - ზაიზენბახერი საქართველოშიც ავლენდა, ცოტა არ იყოს და აგდებულ დამოკიდებულებას ტიტულოვანი სპორტსმენებისადმი; მის ქცევაში თითქოს იგრძნობოდა "მე შენზე მეტი ვარ" დამოკიდებულება და ხომ არაა ეს ყველაფერი იმავეს გამოვლინება? ცნობისათვის - აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა უკვე დაიწყეს პარალელების გავლება საქართველოში მის სამუშაო მეთოდებთან.

ზაიზენბახერის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მამადოვის ინტერვიუ იქაურ პრესაში, სადაც იმედოვნებდა, რომ ახალი მწვრთნელი მის სამსახურს ისევ მოისურვებდა და თვითონ საამისოდ მზადყოფნას გამოთქვამდა, თუმცა ამ დღეებში ავსტრიელს გუნდი ვენაში მიჰყავს კომპლექსურ სამედიცინო შემოწმებაზე, გაფართოებულ სიაში კი მამადოვის გვარი არაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული