ლაშა შავდათუაშვილი საქართველოს პირველობას გამოტოვებს

AutoSharing Option
საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი (66) აგრძელებს ვარჯიშს და ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს, თუმცა დეკემბერში დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მოგეხსენებათ, მან ავსტრიაში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა, რამაც მის კარიერაში მცირეოდენი პაუზა გამოიწვია. ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ მას არსად უჭიდავია.

თავიდან კი უგეგმავდნენ გამოსვლას ოქტომბერში ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს გუნდურ პირველობაში. საამისოდ ოპერაციის გაკეთება ადრევე სურდათ - სექტემბერში, თუმცა სავიზო პრობლემების გამო ვენაში გამგზავრება გაუჯანჯლდა და ქირურგიული ჩარევა დაგეგმილზე გვიან გაუკეთდა.

ამიტომ ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო და არც ბრაზილიაში
გამოსულა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა სადღეისოდ ვარჯიში კი განაახლა, ლეიბზეც შედის და ფიზიკურადაც ემზადება, მაგრამ სრულად ჯერაც ვერ იტვირთება და მხოლოდ საგანგებო გრაფიკით ემზადება.

ქვეყნის პირველობისთვისაც ამიტომ ვერ ასწრებს ფორმაში შესვლას და გამოუსვლელობის მიზეზიც ესაა. ამის მიუხედავად, არაა გამორიცხული, დეკემბრის დასაწყისში ნაკრებს მაინც გაჰყვეს ტოკიოში, ძიგორო კანოს მემორიალზე, ოღონდ არა ტურნირში საჭიდაოდ, არამედ ერთობლივ შეკრებაში მონაწილეობისთვის.

თუმცა ეს გადაწყვეტილი ჯერ არაა - გააჩნია, იქნება თუ არა იმ დროს ფორმაში იმდენად შესული, რომ დატვირთვებს გაუძლოს და უმთავრესი: ტოკიოში ჯერ არც ჩვენი ნაკრების წასვლაა გადაწყვეტილი.

ამ ტურნირში მონაწილეობა ნაკრების თავკაც ირაკლი ცირეკიძეს კი სურს, მაგრამ ფედერაციას ფული არ აქვს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია 26 ნოემბერს დანიშნულ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე - ეს დღე ქართული ძიუდოსთვის ბევრს განსაზღვრავს.

მანამ ლაშა შავდათუაშვილი წყნარად მოემზადება და ჩვეულებრივად გააგრძელებს ვარჯიშს. ის დღესდღეობით მშობლიურ გორშია, სადაც პირადი მწვრთნელების - ნიკო ბიბილაშვილისა და ანზორ თენაძის მეთვალყურეობით მუშაობს.

სავარაუდოდ, ის ტატამს 3-4 თებერვალს თბილისში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე დაუბრუნდება. რაც მთავარია, სარეაბილიტაციო კურსი გეგმაზომიერად, შეფერხებების გარეშე მიდის. შავდათუაშვილმა ახლახან თბილისში საკონტროლო შემოწმებაც გაიარა, რომელსაც არავითარი ახალი პრობლემა არ გამოუვლენია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული