წავა ლაშა შავდათუაშვილი ტიუმენში?

AutoSharing Option
15 დეკემბერს ტიუმენი ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირს - "გამოწვევის თასი" უმასპინძლებს, რომელშიც ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიცაა (66) მიწვეული.

თუმცა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებური იქ ვერ იჭიდავებს, რადგან თიაქარის ოპერაციის შემდეგ ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და სრულად ვერ იტვირთება.

მან ვარჯიში კი განაახლა, მაგრამ მხოლოდ მსუბუქად ემზადება - ცურვა, სიმძიმეების აწევა, ტრენაჟორები (ესეც - გარკვეული ფორმით), ფიზიკურად ვერ იჯაფება და ვერც ლეიბზე შედის.

ამას მხოლოდ 18 დეკემბრის შემდეგ შეძლებს, როცა ოპერაციიდან 3 თვე უსრულდება. ესეც - იმ შემთხვევაში, თუ
სარეაბილიტაციო პერიოდი გეგმაზომიერად წარიმართება და ახალი გართულებები არ იჩენს თავს.

ჯერჯერობით ამის საშიშროება არ ჩანს და ღმერთმა ნუ ჰქნას გართულებები. ამავე მიზეზით ოლიმპიური ჩემპიონი 8-9 დეკემბერს დანიშნულ საქართველოს ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

ჯერჯერობით არც იმის თქმა შეიძლება, იასპარეზებს თუ ვერა 2-3 თებერვალს თბილისში გასამართ კონტინენტის თასზე (ამიერიდან ამ შეჯიბრებებს ასე ეწოდებათ და არა მსოფლიოს თასი, როგორც აქამდე იყო).

როგორც თავად სპორტსმენმა გვითხრა, ეს დამოკიდებული იქნება მის იმჟამინდელ ფორმაზე, მისცემს თუ არა ორგანიზმი გამოსვლის საშუალებას.

არაა გამორიცხული, უკეთ მოსამზადებლად თბილისის ტურნირი გამოტოვოს და 9-10 თებერვალს პარიზის "დიდ მუზარადზე" იჭიდაოს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, შესაძლოა, შავდათუაშვილი ტიუმენში მაყურებლად მაინც ჩავიდეს - ეს იმ შემთხვევაში, ორგანიზატორები თუ დაჟინებით მოითხოვენ ამას, როგორც ტურნირის პრესტიჟის ამაღლების საშუალებას.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების იდეა ძიუდოს ევროპულ კავშირს ეკუთვნის და მხოლოდ 66-ში ტარდება, სადაც მიწვეულია სულ რვა სპორტსმენი:

შავდათუაშვილთან ლონდონურ ფინალში დამარცხებული უნგრელი მიკლოშ უნგვარი, ესპანელი მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი სუგოი ურიარტე, მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარი, "მასტერსის" სლოვენიელი გამარჯვებული როკ დრაკშიჩი, აზიის ყაახი ჩემპიონი სერგეი ლიმი, აზერბაიჯანელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ტარლან კერიმოვი და მასპინძელთა მსოფლიოს მესამე პრიზიორი მუსა მოგუშკოვი. ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ევროა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული