ლიპარტელიანი ნაკრებში მოსვლის პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მთავარი დისციპლინა იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ გუნდთან სულ რამდენიმე დღე იმუშავა, თავისი პრინციპის დაცვა და "ბრჭყალების გამოჩენა" მაინც მოასწრო - ვარჯიშებზე დაგვიანებისთვის შემადგენლობიდან ორი ძველი ლიდერი ამოაგდო - მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გუჯეჯიანი (+100) და ლომერ ჟორჟოლიანი (100). რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პირადი პრობლემების გამო მათ საამისოდ ობიექტური მიზეზები ჰქონდათ, მაგრამ მწვრთნელის პრინციპულობა მისასალმებელია - ტურნირზე უნდა წავიდეს ის, ვინც კონკრეტულ მომენტშია მზად საჭიდაოდ. არც არავის უნდა ჰქონდეს ნაკრებში ადგილი დაჯავშნული და არც მოუმზადებელი ხალხი უნდა მიჰყავდეთ საჭიდაოდ თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ისინი აქ სხვებს მაინც სჯობნიან; ან უცხოეთში ეგებ გაუმართლოთ და მედალს შესწვდნენ. როგორც წესი, გამართლება უმეტესად ძლიერთა ხვედრია, უვარჯიშებელი ფალავანი კი საბოლოოდ ტურისტად რჩება. თანაც, როცა მწვრთნელი ლიდერებს ასე დაუნანებლად ელევა, ეს ახალგაზრდებისთვისაც კარგი მაგალითია, აი, დაუმსახურებელი პრივილეგია კი მათაც ცუდ მაგალითს აძლევს.
ბუნებრივია, მკითხველს მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძის (100) ბედიც დააინტერესებს, რატომ არ წავიდა ის როტერდამში. შეჯიბრებიდან გათავისუფლება თვითონ სპორტსმენს უთხოვია, ფორმაში არ ვარო. არცაა გასაკვირი იმ სტრესის შემდეგ, რაც მან ტოკიოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაიტანა, როცა, მიზეზთა გამო, შეხვედრაზე დროულად ვერ გამოცხადდა და წაგება ჩაეთვალა. თუმცა ეს ტურნირი მხოლოდ სასტარტო დანიშნულებისაა საგაისო სეზონის წინ - მსოფლიოს პირველობის შემდეგ ნაწილობრივ ფედერაციის ხელმძღვანელობაში მომხდარი საკადრო გადაადგილებების, ნაწილობრივ კი ფინანსური პრობლემების გამო ბიჭებს არსად უჭიდავიათ და საქართველოს ჩემპიონატამდე დიდი შუალედი გამოუდიოდათ. სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ემსახურება როტერდამული შეჯიბრება, რომელიც პრესტიჟულია, ძლიერი ტურნირიც იქნება, სალიცენზიო რეიტინგშიც უფრო მეტ ქულას იძლევა და თან არც ისე შორსაა. ახლო-მახლო შეჯიბრებებიდან წლეულს ბაქოს მსოფლიოს თასი ქალებში ჩატარდა (გაისად იქ მასტერსი გაიმართება!), მინსკისა კი იყო ვაჟებში, მაგრამ ის პოპულარობით როტერდამისას ვერც შეედრება. თან, იქ გადაფრენა ჰოლანდიაზე ბევრად იაფი არ ჯდებოდა... ვიმეორებთ - საგაისო სეზონისთვის უმთავრესი ტურნირი საქართველოს ჩემპიონატი იქნება, სადაც, ლიპარტელიანის მოთხოვნით, ყველამ თავის წონაში უნდა იჭიდაოს. ვნახოთ - მწვრთნელი ამ მოთხოვნის გატანაშიც თუ პრინციპული იქნება, ძალიან კარგი.
როტერდამში მსოფლიოს 44 ნაკრებია ჩასული. აქედან ვაჟთა შორის 39 გუნდი გამოდის ჯამში 190 მონაწილით. თუმცა არ არიან კორეა, კუბა, მონღოლეთი, ბრაზილია, იაპონია კი ძალზე გადახალისებული გუნდით ჩავიდა - მსოფლიოს არც ერთი ჩემპიონი არ ჩაუყვანია. ასევე გადახალისებული გუნდითაა საფრანგეთიც. საერთოდ, ტურნირში მსოფლიოს არც ერთი მოქმედი ჩემპიონი არ ჭიდაობს, თუმცა ტიტულოვანნი მაინც ბლომად არიან.
დღეს ვაჟთაგან 60 და 66 კგ წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ, შაბათს - 73-81-ის, კვირას კი ტურნირს 90, 100 და +100-ის მოჭიდავეები დაასრულებენ. როტერდამის შემდეგ - 30-31 ოქტომბერს ჩვენები ანთალიაში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზეც იჭიდავებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"