სპორტსმენს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ სევასტოპოლში გამართულ უკრაინის პირველობაში ახალ წონაში იჭიდავა და დამაჯერებლადაც - ფინალამდე იოლად გაიარა გზა, იქ კი პოლტაველ ანდრეი ბურდუნს ისეთი გდება ჩაუტარა, მეტოქემ გონება დაკარგა.
ზანთარაიამ წონის მოსალოდნელ შეცვლასთან ერთად კომენტარი იმ ხმებზეც გააკეთა, თითქოს ოლიმპიადაზე მისი წაგება წონის მკვეთრმა დაკლებამ გამოიწვია.
"ოლიმპიადის
ჩემი ნორმალური წონაა 65-66 კილოგრამი. ოლიმპიადის დამთავრებისთანავე მწვრთნელებთან ერთად გადავწყვიტე, 60 კილოგრამში აღარ დავიკლო.
ამიტომ უკრაინის პირველობის წინ ეს არც მიცდია. უახლოეს გეგმებში 66 კილოგრამი ჩემთვის ოპტიმალურ ვარიანტად მიმაჩნია, თუმცა ვნახოთ, რა იქნება მომავალში" - განაცხადა ქართველმა და თან დასძინა, რომ ახალ წონაში მისთვის უცხო არავინაა, რადგან მათთან ერთად მუდმივად შეკრებებზეა და სპარინგ-პარტნიორებიც არიან.
ამის მიუხედავად, ის ფსიქოლოგიურად ძნელი ტურნირი იყო, რადგან ოლიმპიადის შემდეგ პირველად ჭიდაობდა და ბევრი რამე უნდა დაემტკიცებინა.
"ფსიქოლოგიურად ძნელი იყო. მე მჭირდებოდა არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ იმდენად თავდაჯერებულად, რომ საკუთარი ძალების რწმენა დამებრუნებინა.
მშვენივრად ვიცი, რომ ოლიმპიადაზე ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მინდოდა, მაგრამ ეს უსიამოვნება უკვე დავივიწყე და სუფთა ფურცლიდან ვაგრძელებ კარიერას" - ესეც მისი სიტყვებია.
შეგახსენებთ, რომ ზანთარაია წარმოშობით გალიდანაა, უკრაინაში კი აფხაზეთის ომის შემდეგ აღმოჩნდა, სადაც მისი ოჯახი იქ მცხოვრებმა დეიდამ შეიფარა.
გიორგი მაშინ 10 წლისა იყო და ვარჯიშიც იქვე დაიწყო. ყველაზე დიდ წარმატებას კი 2009 წელს მიაღწია, როცა როტერდამში გამართული მსოფლიოს პირველობა მოიგო და უკრაინას ისტორიული ოქრო მოუტანა. ის მომდევნო წელსაც გავიდა მსოფლიოს ფინალში, მაგრამ უზბეკ რიშოდ სობიროვთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.
ზანთარაია მსოფლიოზე უმედლოდ არც შარშან დარჩენილა - მესამეზე გავიდა. შარშანვე ევროპის ჩემპიონიც გახდა და ლონდონში წონის ერთ-ერთ ფავორიტად ჩავიდა. მისი განწყობის ასამაღლებლად მეუღლემაც საგანგებოდ იზრუნა და წასვლამდე ორი დღით ადრე პირველი შვილი - ბიჭი აჩუქა, თუმცა ზანთარაიას ვერაფერმა უშველა და პირველივე შეხვედრაში იტალიელ ევროპის ორგზის და მსოფლიოს მესამე პრიზიორ ელიო ვერდესთან წააგო.
ეს იყო ერთადერთი ჩაგდებული შეჯიბრება მთელი ოლიმპიური ციკლის განმავლობაში, თუმცა არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთლიანად უკრაინის ნაკრებისთვის, რაც გუნდის თავკაც ვიტალი დუბროვს პოსტის დაკარგვად დაუჯდა.
ზანთარაიამ 66 კილოგრამში ბრაზილიაშიც იჭიდავა მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე, თუმცა სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ამ რანგის შეჯიბრებაში 60 კილოგრამი ამოღებულია პროგრამიდან.
ჩვენებურს თავი არც იქ შეურცხვენია - რუს მიხეილ პულიაევს მოუგო. როგორც სპორტსმენის ინტერვიუდან ირკვევა, ის თურმე არც აპირებდა ბრაზილიაში ჭიდაობას და გუნდის გაძლიერების საჭიროებაში პირად მწვრთნელს, ზემოხსენებულ დუბროვს დაურწმუნებია.
ცხადია, უკრაინელმა ჟურნალისტებმა ნაკრების კაპიტანს სამწვრთნელო შტაბის დათხოვნის შესახებაც ჰკითხეს, რომლის შედეგადაც ვიტალი დუბროვი თავისმა ტყუპისცალმა ძმამ - სერგეი დუბროვმა შეცვალა.
ზანთარაია უკმაყოფილოა ამ ცვლილებით, რაშიც შესაძლოა, დიდი როლი იმანაც ითამაშა, რომ ვიტალი დუბროვი მისი პირადი მწვრთნელია.
"ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ სივკოვიჩმა ბევრი გააკეთა ძიუდოსთვის, მაგრამ მის გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
ისინი წყვეტენ არა ძიუდოს, არამედ პირად პრობლემებს. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ასე თუ გაგრძელდება, უკრაინული ძიუდოს დონე დაეცემა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უმაღლესი დონის შედეგები ვაჩვენეთ. გამონაკლისი მხოლოდ ოლიმპიადა იყო.
მთავარი გამარჯვება 2011 წელს მოვიპოვეთ სტამბულში, ევროპის გუნდურ პირველობაზე, სადაც საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს მოვუგეთ. ამ ქვეყნებში კი ძიუდო ძალზე პოპულარულია, ლამის ფეხბურთს უტოლდება.
ამ გამარჯვებისთვის მადლობაც არ მიგვიღია ფედერაციისგან, არათუ მატერიალური პრემია. ჩემი აზრით, მწვრთნელთა ცვლილება ჩვენს ძიუდოს კარგს არაფერს მოუტანს.
ჩვენ მეგობრული გუნდი გვყავს, რასაც ნებისმიერი სპორტსმენი დაადასტურებს, ვინც ნაკრებში იმ მწვრთნელთა ხელში ჩამოყალიბდა.
ძიუდოისტებმა იციან, რომ აქ ყველაფერი სუფთად ხდება - ვინც შედეგს აჩვენებს, საერთაშორისო ტურნირზეც მიდის; ვინც არა - სახლში ზის.
ყველაფერი წყდება არა კაბინეტებში და მაგიდასთან, არამედ - ტატამზე" - საკმაოდ მკაცრი იყო შეფასებებში ზანთარაია.
მან სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ პირად მწვრთნელთან შეთანხმებით, მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი ტურნირიდან დაიწყოს ახალი სეზონისთვის მზადება - 2-3 თებერვალს თბილისში გასამართი კონტინენტური თასიდან თუ ზუსტად ერთი კვირის თავზე ჩასატარებელი პარიზული "დიდი მუზარადიდან".
ცხადია, გვესიამოვნება, თბილისში თუ ჩამოვა, მაგრამ პარიზის გათვალისწინებით, ამის შანსი ძალზე მცირეა - ის ბევრად სოლიდური შეჯიბრებაა, სადაც მუდამ ელიტა იკრიბება ხოლმე და წამყვან ფალავანთა უმეტესობა, როგორც წესი, იქ არჩევს გამოსვლას.
გაერევა ქართველი "მამლებში"?
პარიზი ვახსენეთ და დასასრულს კიდევ ერთ მამლუქზეც ვთქვათ, რომელიც "მამლების" კარზე აკაკუნებს - ესაა სამბოში მსოფლიოს ჩემპიონ ვეფხია ავალიანის ვაჟი - ტრისტან ავალიანი (73).
თუმცა ზანთარაიას მსგავსად, მამლუქი მასაც პირობითად ეთქმის, იმდენად პატარა წაიყვანეს საქართველოდან.
ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის შემდეგ ვეფხია ავალიანი საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, სადაც მწვრთნელადაც მუშაობდა.
შვილიც იქ მიიყვანა სავარჯიშოდ ქალაქ ნიორტში და უკვე პირველ შედეგებსაც იმკიან - შარშან ტრისტანი ახალგაზრდებში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ნაკრებშიც იასპარეზა, წლეულს კი საფრანგეთის ჩემპიონატში გამოვიდა, თუმცა ჯერ მაინც "ყვინჩილაა" და "მამლებთან" ვერას გახდა - პირველივე წრეში ნილს დერეტთან წააგო.
ამის მიუხედავად, მაინც დიდია შანსი, ქართველი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ვიხილოთ.
დაბოლოს, ერთი საინტერესო ინფორმაციაც მონპელიეში გამართულ ფრანგთა პირველობასთან დაკავშირებით - მასში ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული, ქალთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ლუსი დეკოსიც (70) მონაწილეობდა. ამ დროს კი პარიზის ახლოს, ქალაქ ტიეში მისი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.
ოლიმპიური ოქრო მოპარვას გადაურჩა, რადგან ის სპორტსმენს თან ჰქონდა; მსოფლიოს სამივე ოქრო კი აივნიდან გადასულმა ქურდებმა ხელს გააყოლეს ლეპტოპსა და სამაჯურთან ერთად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"