სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართული ყრილობა მშვიდ და მეტად უჩვეულო ატმოსფეროში ჩატარდა, რადგან უშუალოდ სხდომის მიმდინარეობისას ქევხიშვილს კონკურენტები შემოეცალნენ - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანმა თემურ ხუბულურმაც და მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემაც კანდიდატურები მოხსნეს.
თავისთავად ეს ფაქტიც ფრიად გასაკვირია, რადგან თავის დროზე ქევხიშვილი დაპირისპირებულ მხარეთა შეთანხმებული კანდიდატი იყო და საარჩევნო მარათონში სხვების ჩართვა ამ ჯენტლმენური გარიგების დარღვევად
ისე გამოდის, თურმე მედია ვყოფილვართ დამნაშავე იმ დაპირისპირებაში, რასაც ფედერაციაში უკვე ამდენი წელიწადია, ვხედავთ და რაც ყველას მობეზრდა; თურმე ჩვენს გამო ხდებოდა ეს ყველაფერი, თორემ თვითონ არაფერი ჰქონიათ საჩხუბარი!
ოღონდ ახლა მაინც დაწყნარდნენ, ახლა მაინც სცენ პატივი ერთმანეთსაც, ძიუდოს ქართულ სამყაროსაც, ზემოხსენებულ რაინდულ სულისკვეთებასაც და ჩვენ სულაც განზე გავდგებით. თუ სურთ, არც მათ მიღწევებს გავაშუქებთ, თორემ დღევანდელი რეალობა დასავლური სამყაროსთვის შეუფერებელ სახეს იღებს - როცა წარმატებებს აღწევენ, მაშინ ძალიანაც სჭირდებათ მედია, არიქა, გააშუქეთ, რა მაგრები ვართო. იმის იქით კი თურმე მათი მტრები ვყოფილვართ.
დახურვის შემდეგ სხდომა მშვიდად წარიმართა, ან კი საკამათო რაღა იყო, როცა კანდიდატურების მოხსნის შემდეგ ქევხიშვილი უალტერნატივოდ დარჩა და მთავარი საკითხიც გაირკვა. დელეგატებმაც ღია კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი მის კანდიდატურას.
ამით ორთვიანი სპექტაკლიც, სახელწოდებით "ძიუდოს არჩევნები" - დასრულდა. იმედია, საბოლოოდ და ქევხიშვილი მართლაც შეძლებს დაპირისპირებული სამყაროს მორიგებას.
უკონკურენტო ქევხიშვილის გეგმები
როგორც ყრილობის დასრულების შემდეგ გავიგეთ, ქევხიშვილმა აღმასკომის 15-კაციანი შემადგენლობაც დაასახელა, თუმცა ეს რიცხვი, შესაძლოა, 17-მდე გაიზარდოს. მისი გადაწყვეტილებით, აღმასკომში შევიდა ოლიმპიადისა და მსოფლიოს ყველა ჩემპიონი: თემურ ხუბულური, შოთა ხაბარელი, დავით ხახალეიშვილი, ამირან ტოტიკაშვილი, ზურაბ ზვიადაური და ირაკლი ცირეკიძე. რამდენიმე წევრი ძველი შემადგენლობიდანაც დარჩა, თუმცა არიან ახალი კადრებიც.
ქევხიშვილმა პირველ ვიცე-პრეზიდენტად მამუკა ყიზილაშვილი დაასახელა, ხოლო გენერალური მდივნისა და ორი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას მოგვიანებით წარუდგენს აღმასკომს.
აი, რა განგვიცხადა ყრილობის დასრულების შემდეგ ახალმა პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა:
- უპირველესად, გაერთიანება უნდა შევძლოთ. ამის ნიშნები დავინახე ყრილობაზეც და მანამდეც, რისთვისაც დიდ მადლობას ვეუბნები ყველას. საბედნიეროდ, ერთიანობისთვის ყველამ გადადგა ნაბიჯი.
ცხადია, მთავარი აქცენტი ნაკრებზე გადავა, რადგან ის ყველაფრის საზომია. ყურადღება გამახვილდება იმაზეც, რომ ძიუდოს ფედერაცია, როგორც ერთიანი ორგანიზმი, იყოს ძლიერი ორგანიზაცია და ქმედითუნარიანი.
ფედერაცია უნდა გაძლიერდეს ფინანსურად, მატერიალურად, ცვლილებები იქნება საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხითაც. შესაძლოა, ახალი კადრებიც მოვიზიდოთ, რათა ფედერაცია მყარ ორგანიზაციად იქცეს, რომელიც თავის თავს მიხედავს.
ჩემი სურვილია, გენერალურ მდივნად იმუშაოს არა მაინცდამაინც ძიუდოისტმა, არამედ პიროვნებამ, ვინც იქნება კარგი მენეჯერი, ეცოდინება უცხო ენა და ასე შემდეგ. ის კურატორობას გაუწევს იმ ორ ვიცე-პრეზიდენტს, ნაკრებების და ფედერაციის სტრუქტურულ-ორგანიზაციული სრულყოფის ხელმძღვანელებს.
გენერალური მდივანი ამ სფეროებს გააერთიანებს და არაა გამორიცხული, ამ თანამდებობაზე კონკურსიც გამოვაცხადოთ. დიდი სურვილი მქონდა, მეთანამშრომლა ახლანდელ გენერალურ მდივან ვლადიმერ ნუცუბიძესთან, მაგრამ მან თავად არ ისურვა ეს სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა ის ჩვენთან მაინც დარჩება, როგორც უმაღლესი კატეგორიის მსაჯი.
მნიშვნელოვანი იქნება ყიზილაშვილის ფუნქციაც - ის ფედერაციის არასანაკრებო მხარეს, ამ კუთხით მის განვითარებას მიხედავს. თუმცა ეს ჯერ იდეის დონეზეა და ვნახოთ, თუ დაამტკიცებს აღმასკომი.
- ამბობენ, რომ ყვარლის გამგებლადაც ინიშნებით. მოახერხებთ ორივე პოსტის შეთავსებას?
- ეს ჯერ მხოლოდ საუბრის დონეზეა, თუმცა საკითხი ჩემი გადასაწყვეტია. ჯერ უნდა ჩავიდე ადგილზე, გავიარო კონსულტაციები და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ შეთავსებაც შესაძლებელია. მით უფრო, როცა ფედერაციაში გუნდი ჩამოყალიბდება და სისტემა აეწყობა.
ჩემთვის ძიუდო მთავარია და თუ შეთავსება შეუძლებელი გახდება, ფედერაციის პრეზიდენტად დავრჩები.
- ცირეკიძესთან დაკავშირებით რას იტყვით?
- მოგეხსენებათ, ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია, მაგრამ ამას თავი დავანებოთ და მიმაჩნია, რომ შეუძლია ნებისმიერი ფუნქციის კარგად შესრულება. ძიუდოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რაღაც გადაადგილებები მართლაც მოხდეს.
კონსულტაციებს მასთანაც გავივლი და ცხადია, აღმასკომთანაც. მივიღებთ საერთო საქმისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას.
ვფიქრობთ, ნაკრებში სისტემაა შესაცვლელი და ფუნქციები უნდა გაიმიჯნოს - რამდენმა მწვრთნელმა უნდა იმუშაოს ნაკრებთან, ვის რა ფუნქცია ექნება და ასე შემდეგ... ოღონდ ვიდრე ეს საკითხები დალაგდება, მანამ ცირეკიძე გააგრძელებს ნაკრებთან მუშაობას და საქართველოს ჩემპიონატზეც ის იქნება თუნდაც იმიტომ, რომ ჩემპიონატმა კარგად ჩაიაროს.
დახურული ყრილობა და უცნაური სცენარი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ხუბულური: ძიუდოს სამყარო მე მიჭერდა მხარს
ირაკლი ცირეკიძე: ჩემი დატოვება-მოხსნის საკითხი მთლიანად დავით ქევხიშვილის ხელშია