საქართველოს პირველობა: ახალმა სიომ ძიუდოსაც დაჰბერა

AutoSharing Option
18 დეკემბერს "არენაში" დაიწყო საქართველოს პირველობა ძიუდოში, რომლის პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში და ახალი თაობის ზეობით ჩაიარა.

დეკემბერი ის პერიოდია, როცა სეზონი არც იქითაა და არც - აქეთ: ძველი დამთავრდა, ახალი კი ახლა იწყება.

ცხადია, ეს ეტყობოდა სპორტსმენთა გამოსვლებსაც, თუმცა ჩემპიონატის დონეს დაბალსაც ვერ ვუწოდებთ - იყო საკმაოდ დაძაბული, ლამაზი და საინტერესო შეხვედრები, რასაც გამთბარი დარბაზიც დაემატა და "არენაში" კარგი საშეჯიბრო ატმოსფერო იდგა.

18 დეკემბერს ვაჟთა სამი ქვემჩატე წონის ფალავნები ჭიდაობდნენ - 60-ის, 66-ისა და 73-ის და ყველას აკლდა რამდენიმე
ლიდერი, თუმცა ახალგაზრდების წარმატებას მთლად მათ არყოფნასაც ვერ მივაწერთ, რადგან კარგად იასპარეზეს და მაღალი დონე აჩვენეს.

სამი წონიდან ორში ამ ახლებმა იმარჯვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (60) და ტრისტან ფეიქრიშვილმა (66), თუმცა ვეტერანი არც მათზე სულ ცოტათი უფროს ნუგზარ ტატალაშვილს (73) ეთქმის, ვინც 73-ში იმარჯვა.

ამათ გარდა, მედალოსანთა უმეტესობაც ასევე ახალგაზრდაა. ეს კი ის თაობაა, რომელიც ჯერ კიდევ 20-წლიანთა ნაკრებში გამოდის (მაგალითად, მარგველაშვილი ამ ასაკში წლეულს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა) ან ბოლო ორ წელიწადში ჭიდაობდა იქ.

არადა, ასაკოვანსა და გადაბერებულს ვერც ნაკრების ძველ შემადგენლობას ვუწოდებთ. ასე მაგალითად, წლეულს აგვისტოში ლონდონის ოლიმპიადაზე ნაჭიდავები შემადგენლობიდან ყველაზე უფროსები (ოფიციალური ვერსიით) 24-24 წლის ბეთქილ შუკვანი (60) და ლომერ ჟორჟოლიანი (100) იყვნენ, ყველაზე უმცროსი - მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველთა შორის ამ ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი, 19 წლის ლაშა შავდათუაშვილი (66).

ბედის ირონიით, ჩემპიონატში ამჯერად არც ერთი მათგანი არ ჭიდაობს. ამათგან ოლიმპიური ჩემპიონი საზარდულის ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის; შუკვანისა და ამბაკო ავალიანის (73) გამოუსვლელობის ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით; ჟორჟოლიანი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება და როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გვითხრა, მისი გამოუსვლელობა ძირითადად ამან განაპირობა.

თანამდებობას და სპორტსმენობას ვერ შეითავსებსო, თქვა ქევხიშვილმა და დაამატა, ახლა ჟორჟოლიანის გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევსო.

თვითონ ჟორჟოლიანმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და არც მას გადაუჭრია, რა გზას დაადგეს... თავისი საქმისა თვითონ იცის, მაგრამ 24 წლის ასაკში სპორტიდან წასვლა ნაადრევი გვგონია.

დაგვეთანხმებით, ასეთი ხალხის გამოსვლა ჩემპიონატის დონეს აამაღლებდა და უდავოდ საინტერესო იქნებოდა, მათთან პაექრობაში რას იზამდნენ მედალოსანთა შორის მოხვედრილი ახალგაზრდები, თუმცა კიდევ ვიმეორებთ - უმცროსი თაობის ამ წარმომადგენლებს ცუდად არ უასპარეზიათ.

შეიძლება ითქვას, ძიუდოში მოვლენები კანონზომიერად ვითარდება და თაობათა ცვლის რთული პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს - ახალი ოლიმპიური ციკლი იწყება და ახალი სახეების გამოჩენა გარდაუვალია იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ ლიდერთა ტახტზე ლამის მათივე თანატოლები ხვდებიან.

საბედნიეროდ, ბოლო წლებში ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში დიდი წარმატებით ჭიდაობს პირველხარისხოვან შეჯიბრებებში და მისი წევრების უფროსებში ასე უპრობლემო ადაპტაცია სავსებით კანონზომიერი გვგონია.

ტურნირის მეორე ინტრიგა ფავორიტთა სუსტი გამოსვლა გამოდგა. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ბრაზილიაში, მსოფლიოს გუნდურ პირველობაში ჩინებულად ნაჭიდავები შალვა ქარდავა იმერეთის გუნდის წარმომადგენელ გიორგი კაცაძესთან წააგებდა!

ასევე მოულოდნელი იყო ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონ პაატა მერებაშვილის მარცხი მარგველაშვილთან.

გარკვეულწილად, ძნელი წარმოსადგენი იყო ასევე 20-წლიანთა შორის მსოფლიოს პრიზიორ ზებედა რეხვიაშვილის წაგება არსენ მაჭარაშვილთან.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე ჩემპიონატის წინ ამბობდა, ვინც ახლა სამეულში ვერ შევა, ევროპის პირველობის ჩათვლით, ეროვნულ გუნდში ვერ მოხვდებაო.

მასთან 18 დეკემბერს არ გვისაუბრია, მაგრამ მხოლოდ 18 დეკემბერს ისეთ ფალავნებს მოეცარათ ხელი, ვეჭვობთ, პირვანდელ გადაწყვეტილებას შეცვლის და შანსს სხვებსაც მისცემს.

მედალოსანთა გარდა, 18 დეკემბერს ისეთი ახალგაზრდებიც საკმაოდ ვიხილეთ, მედლები რომ ვერ მოიპოვეს, მაგრამ კარგად იჭიდავეს. მაგალითად, ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორმა მიხეილ ჩოხელმა დაძაბული ბრძოლა გაუმართა ტატალაშვილს, რომელსაც მერე ამავე ასაკში ევროპის ვერცხლისმედალოსანმა ფრიდონ გიგანმაც დაძაბული ორთაბრძოლა გაუმართა (ტატალაშვილმა გაფრთხილებებით მოიგო).

ამავე წონაში გამონათებად იქცა გიორგი პაპუნაშვილი. გიორგი გასიტაშვილი კი, უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ვფიქრობთ, საქართველოს შარშანდელმა პრიზიორმა მარგველაშვილმა 18 დეკემბერს ყველაზე ძნელი გზა გაიარა ჩემპიონობამდე - ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი გიორგი მესაბლიშვილი, მერებაშვილი, ფინალში კი უფროსებში ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი ამირან პაპინაშვილი - სხვებთან ერთად ასეთი დონის ფალავნებსაც აჯობა.

ფინალში პაპინაშვილმა ორი იუკო კი მიითვალა, მაგრამ ცოტა ხანში მარგველაშვილმა ვაზარით გამოასწორა ვითარება.

შეხვედრის ბოლოს პაპინაშვილმა გდება გააკეთა, როცა კისრით დასცა ტატამზე, მაგრამ ის არც სუფთა გდება იყო და თან როგორც ვიდეოჩანაწერზე მსაჯებმა განსაჯეს, სწორად არ შევიდა ილეთზე.

ფაქტია, რომ ამ წონაში პაპინაშვილ-შუკვანის დუეტს მარგველაშვილ-ბროლაშვილიც დიდ კონკურენციას გაუწევს (ალბათ, მესაბლიშვილიც, თუ ჩართავენ ნაკრებში).

ტრისტან ფეიქრიშვილი ახალგაზრდებში ეროვნული რეიტინგის მეორე ნომერია. მას ფინალში კარგა ხანს წარმატებით ებრძოდა მინდია ლილუაშვილი, თუმცა დამთავრებამდე 1 წუთით ადრე ფეიქრიშვილმა კარგად მოიგდო ხელში და უზადო იპონი მიითვალა.

ტატალაშვილსაც გაუჭირდა მაჭარაშვილის ძლევა, თუმცა იუკოთი კი დაწინაურდა თავიდანვე. სირენამდე 6-იოდე წამით ადრე მანაც იპონი მიითვალა, თუმცა იმ ეპიზოდში მაჭარაშვილიც ვა-ბანკზე წავიდა.

19 დეკემბერს "არენაში" ვაჟთა მორიგი ოთხი წონის ფალავნები და ქალები იჭიდავებენ, რითაც არაერთხელ გადატანილი ჩემპიონატიც დასრულდება.

კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ. 1). ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი); 2). ამირან პაპინაშვილი (აჭარა); 3). გიორგი ბროლაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი).
66 კგ. 1). ტრისტან ფეიქრიშვილი (შიდა ქართლი); 2). მინდია ლილუაშვილი (იმერეთი); 3). ვანო თოთლაძე (შიდა ქართლი), თორნიკე თათარაშვილი (მცხეთა-მთიანეთი).
73 კგ. 1). ნუგზარ ტატალაშვილი (შიდა ქართლი); 2). არსენ მაჭარაშვილი (იმერეთი); 3). ზებედა რეხვიაშვილი (ქვემო ქართლი), გიორგი პაპუნაშვილი (შიდა ქართლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია, რამდენი ახალგაზრდა, ნიჭიერი მოჭიდავე გამოჩნდა! იმედია, არ დაძირავენ უსამართლობით და მათაც თAვში არ აუვარდებათ. ერთი საყვედური უნდა ითქვას - რა უბედურებაა 24-25 წლის ბიჭების თანამდებობაზე მოსმა, რა, ტატამზე საქმე გამოელიათ?
giorgi
11:40 19-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული