მარიან ჰეპკამ მსაჯობა დაგვიწუნა, სამაგიეროდ, ჩემპიონატი აღმატებულ ხარისხში შეგვიფასა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ერთ-ერთი პირველი ნოვატორი იყო, რომელმაც შიდა ჩემპიონატში უცხოელი მსაჯების მოწვევის პრაქტიკა დანერგა.

დასამალი არაა, რომ ქართული სპორტი ამ მხრივაც ძალიან ჩამორჩა - მაღალკვალიფიციური მსაჯი თითო-ოროლა გვყავს, რასაც ოლიმპიური სტატისტიკაც ადასტურებს.

იქნებ პლანეტის ამ უპირველეს სპორტულ ღონისძიებაზე არბიტრთა დიდი წარმომადგენლობა არასოდეს გვყოლია, მაგრამ წინა წლებთან შედარებით რეგრესს განვიცდით და ლონდონში ერთადერთი მსაჯის იმედად დავრჩით.

ამ ვითარებაში ქვეყნის ჩემპიონატში უცხოელთა მოწვევა გამართლებული გვგონია თუნდაც იმიტომ, რომ ადგილობრივი მწვრთნელ-ქომაგი მოწვეულს იმდენს ვერ უბედავს, რასაც - თუნდაც იმ თითო-ოროლა ადგილობრივ მაღალკვალიფიციურ
არბიტრს.

ბუნებრივია, ეს ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ მსაჯთა ტვირთს მნიშვნელოვნად კი ამსუბუქებს.

დასამალი არც ისაა, რომ ბევრს არ მოეწონა მსგავსი ტრადიცია და ამბობდა, განა რა გაუჭირდა ქართულ ძიუდოს ისეთი, ადგილობრივ მსაჯებს რომ არ ვენდობითო.

თუმცა ფაქტია - უცხოელთა მოწვევის შემდეგ აღარ მომხდარა ის გაწევ-გამოწევა და მსაჯზე ძალადობა, რაც მანამდე სისტემატურად ხდებოდა თუნდაც იმ ჩვენი საერთაშორისო კატეგორიის და მართლაც მაღალი კვალიფიკაციის არბიტრთა მუშაობის პირობებში.

ძიუდოში ამ რთულ მისიას იმთავითვე სლოვაკი მარიან ჰეპკა ასრულებდა, რომელიც ევროპული ფედერაციის მსაჯთა კომისიის წევრია და მისი კანდიდატურაც ამ გაერთიანებასთან შეთანხმებით შეარჩიეს. ჰეპკა ქვეყნის წლევანდელ პირველობასაც სჯიდა და ქვემორე ინტერვიუში საგულისხმო ფრაზებიც გვითხრა.

ქართველი მსაჯების მისამართით გაკეთებული მისი განცხადებები ფრიად სამწუხაროა და ნათლად მიგვანიშნებს, არბიტრთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ფედერაციას რამდენად დიდი მუშაობა მართებს.

ისიც აღსანიშნავია, რომ სლოვაკმა თავად ტურნირი სპორტული თვალსაზრისით მაღალ დონეზე შეაფასა, მაგრამ ორგანიზაციულ მხარეს და არბიტრებს დაბალი შეფასება მისცა. ამასთან, მან, ვფიქრობთ, ზუსტად დაგვისახა მსაჯობის დონის ამაღლების გზებიც...

ჰეპკასთან საუბრისას დროში შეზღუდულები ვიყავით - შეხვედრებს შორის შესვენებისას დაველაპარაკეთ, თორემ ვეჭვობთ, თავის კოლეგებზე გაცილებით ბევრ ნაკლოვანებას აღნიშნავდა.

- ჩემპიონატის საერთო დონეს როგორ შეაფასებთ?
- ალალად გეტყვით, რომ ძალიან მაღალი დონეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატია.

ასეთი ძლიერი ტურნირი სხვაგან იშვიათად მინახავს. თქვენ მაღალი კლასის საკმაოდ ბევრი ფალავანი გყავთ და არც მიკვირს, ძლიერი შეჯიბრება რომ ტარდება, მაგრამ მსაჯობა და ორგანიზაციული მხარე სპორტულის შესაბამისი არაა.

- სამსაჯოდ რთული შეჯიბრებაა? ვგულისხმობ კამათს, პროტესტს - სხვა ანალოგიურ შეჯიბრებებთან შედარებით ჩვენთან უფრო ხშირი ხომ არაა ეს ყველაფერი?
- თქვენ თვითონაც ნახეთ, რომ ადგილობრივ მსაჯებს ძალიან ბევრ მომენტში სჭირდებოდათ დახმარება. ეს ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ მათ უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება.

ფედერაციამ რაღაც გზები უნდა გამონახოს მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, იქნება ეს საზღვარგარეთ ტურნირებზე გაგზავნა, სემინარები თუ სხვა... ისინი არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი არც საკუთარ ფედერაციაზე და არც - ქომაგზე.

- ვფიქრობთ, საუკეთესო გამოსავალი მაინც უცხოეთში გაგზავნაა - ასე უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეიძენენ.
- ზოგიერთმა მსაჯმა ელემენტარული წესები არ იცოდა. თქვენი მსაჯები ტრიბუნებსაც დიდ ანგარიშს უწევენ, რაც დაუშვებელია. მათ ბევრად მეტი დამოუკიდებლობა სჭირდებათ.

ყოყმანსა და მსაჯთა მაგიდისკენ გახედვას აჯობებს, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება. ისე, სხვაგან არც ის მინახავს არსად, რომ დარბაზში პოლიცია იყოს წესრიგის დასაცავად, თუმცა მესმის, ეს ქართული ხასიათიდან მომდინარეობს.

დარბაზში ხომ ყველა ერთმანეთს იცნობს, თან მაყურებელი კარგად ერკვევა ძიუდოს სპეციფიკაში. ერთი სიტყვით, მსაჯობის დონე აუცილებლად უნდა აამაღლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული